Friday 23 December 2011

გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი

დღეს გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი, რომელზეც განაცხადების წარმოდგენის ბოლო დღეა 2012 წლის 31 იანვარი.
საკონკურსო თემები შემდეგია:

  1. ახალგაზრდების მედიასთან თანამშრომლობა საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარების მიზნით;
  2. ახალგაზრდობის/თემის პრობლემების მოგვარება ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით;
  3. სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესთა დაცვა;
  4. მოსწავლეთა თვითმმართველობის გაუმჯობესება;
  5. ახალგაზრდებს შორის მოხალისეობის კულტურის გაძლიერება;
  6. ახალგაზრდებს შორის კარგი მოქალაქეობის განვითარების ხელშეწყობა;
  7. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა;
  8. ახალგაზრდები კანონის უზენაესობისათვის;
  9. ადგილობრივ თემში დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  10. ადამიანთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივები;
  11. გარემოს დაცვა, ეკოლოგიური პრობლემები (გლობალური დათბობა).
პრიორიტეტი მიენიჭება პირველ ოთხ თემას.
კონკურსში უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ დაფინანსება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში. 

Wednesday 21 December 2011

სიქა-ს მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსის გამარჯვებული

სიქა-მ სამოქალაქო კლუბების ბლოგების წახალისების მიზნით ნოემბერში გამოაცხადა  ბლოგერების კონკურსი, რომლის მიზანი იყო აქტიური ბლოგის გამოვლენა. გამარჯვებული გამოვლინდებოდა ოქტომბერი-20 დეკემბრის პერიოდში დადებული პოსტების რაოდენობით, რომლებშიც ასახული იქნებოდა კლუბის სამოქალაქო აქტივობები. კონკურსში აქტიურობდნენ რუსთავის #15, #23, #25 და კაზრეთის #1 საჯარო სკოლები, რადგან ამ სკოლებს აქტიური სამოქალაქო კლუბები აქვთ. ესენია "მე-აქტიური მოქალაქე" (რუსთავის #15 საჯარო სკოლა), "More Action" (რუსთავის #23 საჯარო სკოლა), "ხმა მომავალში"(რუსთავის #25 საჯარო სკოლა) და "საფიხვნო"(კაზრეთის #1 საჯარო სკოლა). კონკურსის მიმდინარეობა აქტიურად შუქდებოდა სიქა-ს ფეისბუკის გვერდზე. ყველაზე მეტი პოსტები კონკურსის ბოლო კვირას დაიდო, განსაკუთრებით ბოლო დღეებში. სიქა-ს ამ ინიციატივის მიზანიც მიღწეულ იქნა - უფრო მეტი ინფორმაციები დაიდო კლუბების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. 
გაიმარჯვა კლუბ "საფიხვნოს" ბლოგმა http://sapixvno.blogspot.com/ 23 პოსტით, მას 4 პოსტით ჩამორჩა კლუბი "მე-აქტიური მოქალაქე". გამარჯვებულ ბლოგერს სანდრო თათელაძეს ერგო პრიზი 16გბ გარე მეხსიერება.
ეს კონკურსი ყოველთვიურ სახეს მიიღებს.

Thursday 15 December 2011

სოც.მედიის ტრენინგები სართიჭალის #1 საჯარო სკოლაში


13-14 დეკემბერს სართიჭალის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთათვის ბლოგების შექმნის სწავლება. ტრენინგებს ესწრებოდა კლუბის 15 წევრი. ამ ტრენინგის საჭიროება გამოჩნდა კლუბის წევრებთან წინა დღეებში შემდგარი შეხვედრებისას, როდესაც მათ ინფორმაცია მიიღეს ამ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ბლოგერების კონკურსის შესახებ, რითაც ძალიან დაინტერესდნენ.
თავდაპირველად ტრენინგის ყველა მონაწილემ ელ.ფოსტა შეიქმნა gmail.com-ში, გაეცნო მასში მუშაობას, შემდეგ დარეგისტრირდა blogger.com-ზე და დაიწყო საკუთარი ბლოგების შექმნა. კლუბის წევრებმა შეისწავლეს ბლოგზე პოსტების დადება და ბლოგის გაფორმება სხვადასხვა გაჯეტებით. ასევე შეიქმნა კლუბ "All stars" ბლოგი, რომელზეც დაიდება ინფორმაციები კლუბის მიერ ჩატარებული აქტივობების შესახებ. 
ამ ტრენინგებით კიდევ ახალი ჯგუფი შეემატა ქართველ  ბლოგერებს.

Monday 12 December 2011

შეხვედრა სამოქალაქო კლუბ "All Stars"-ის წევრებთან

12 დეკემბერს საკონსულტაციო შეხვედრა შედგა სართიჭალის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთან. კლუბ "All Stars"-ის წევრებს დიდი სურვილი აქვთ აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და შეძლებისდაგვარად მოაგვარონ სკოლისა და თემის წინაშე არსებული ის პრობლემები, რომლებიც შეხვედრისას გამოიკვეთა. 
კლუბის წევრები გაეცვნენ უკვე დაფინანსებული გრანტების თემებს, რომლებიც განთავსებულია http://initiatives.ge/-ზე და გაუჩნდათ საგრანტო განაცხადის იდეებიც.  ასევე დაათვალიერეს http://civics.ge/ და მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროგრამა სხვა რეგიონებში, რა ღონისძიებები ხორციელდება სამოქალაქო კლუბების მიერ, ხოლო http://civic-siqa.blogspot.com/-ზე იხილეს უკვე ქვემო  ქართლის სამოქალაქო კლუბების მუშაობა.
ახლო  მომავალში კლუბი "All Stars"-ის ბლოგიც შეიქმნება, რომელზეც აისახება ყველა ის ღონისძიება, რასაც სართიჭალის №1 სამოქალაო კლუბი განახორციელებს.

Thursday 8 December 2011

საკონსულტაციო შეხვედრები სართიჭალის №1 საჯარო სკოლაში

7-9 დეკემბერს მორიგი საკონსულტაციო შეხვედრები შედგა სართიჭალის №1 საჯარო სკოლაში, რომელზეც  სკოლის დირექტორს ირინა  მაისურაძესა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ლალი როსტიაშვილსა და ირმა წიკლაურს დამატებითი ინფორმაცია მიეწოდათ პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, მის მიმართულებასა და პრიორიტეტებზე, საგრანტო პროექტებსა და სოც.ქსელებში ინფორმაციის გავრცელებაზე.  ასევე ვორკშოპი ჩაუტარდათ საგრანტო განაცხადის აპლიკაციის შევსებაზე. სამოქალაქო განათლების პედაგოგები დარეგისტრირდნენ facebook-ის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე და გაეცნენ ფორუმის მონაწილეთა ნააზრევს. სკოლის სამოქალაქო კლუბი დაინტერესებულია საგრანტო პროექტებით და აპირებს საგაზაფხულოდ რამოდენიმე საგრანტო განაცხადის გაკეთებას.

Thursday 1 December 2011

სოც. მედიის ტრენინგები ქვემო ქართლში

5-6 ნოემბერს სიქა-ს ოფისმა უმასპინძლა  სოც. მედიის  ტრენინგებს. ტრენინგ კურსის მიზანი  იყო ქვემო   ქართლის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის სოც. მედიის გამოყენების უნარების გაზრდა. ტრენინგი ორგანიზებული იყო “სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” ფარგლებში. ტრენერმა სანდრო ასათიანმა  სამოქალაქო კლუბის წევრებს შეასწავლა ბლოგებისა და სოც. მედიის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება.მას დახმარებას უწევდნენ ამავე პროექტის ფარგლებში უკვე გადამზადებული ბლოგერები: ნინი ბერიძე ,თაზო ჩხაიძე, ქეთი სიფრაშვილი და მე მარიამ მხეიძე.

Monday 28 November 2011

ვიზიტი იუსტიციის სახლში

სიქა-ს ორგანიზებით კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და კლუბის მეურვე ეწვივნენ ქ. რუსთავის იუსტიციის სახლს, რომლის წარმომადგენელმა მოსწავლეებს გააცნო იუსტიციის სახლის სერვისები და ამ სერვისებით სარგებლობის წესები, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები სამოქალაქო რეესტრის სხვადასხვა მომსახურეობებით სარგებლობის შესახებ.

Wednesday 23 November 2011

გამოვლინდნენ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულნი

გამოვლინდნენ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულნი. ქვემო ქართლში ესენი არიან:

  1. შალვა კერვალიშვილი, რუსთავის #4 საჯარო სკოლა - "ახალგაზრდები კანონის და ჯანმრთელობის დასაცავად";
  2. დავით გოჩიაშვილი, რუსთავის #23 საჯარო სკოლა - "ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრებით";
  3. ჯილდა ჯაიანი, გარდაბნის #1 საჯარო სკოლა - "შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს".
სიქა ულოცავს გამარჯვებას რუსთავის #4,#23 და გარდაბნის #1 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებს და  წარმატებებს უსურვებს პროექტების განხორციელების პროცესში.

Saturday 5 November 2011

სოც.მედიის ტრენინგი სიქა-ში

4 ნოემბერს სიქა-ს ოფისში კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს ჩაუტარდათ სოც.მედიის ტრენინგი, რომელზეც იმუშავეს gmail-ში რეგისტრაციასა და ბლოგების შექმნაზე. კაზრეთელმა მოსწავლეებმა შექმნეს საკუთარი ბლოგები და facebook-ზე გაუზიარეს მეგობრებს. ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ კლუბის მუშაობაში. 

Wednesday 26 October 2011

"ახალგაზრდები უდანაკარგოდ"

26 ოქტომბერს რუსთავის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბმა "მოდერნი" წარმოადგინა საგრანტო პროექტის "ახალგაზრდები უდანაკარგოდ" განხორციელების ეტაპები. კლუბისათვის ეს პირველი გრანტია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. პროექტის ავტორებმა ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობის შესახებ, იმ გამოცდილებასა და ცოდნაზე, რაც მათ პროექტზე მუშაობის განმავლობაში მიიღეს. პროექტის თემა არასრულწლოვანებს შორის აბორტის განსაკუთრებით საშიშროება და ადრეული სქესობრივი ცხოვრების უარყოფითი მხარეები გახლდათ. მოწვეულმა იურისტმა მოსწავლეებს ტრენინგის განმავლობაში გააცნო არასრულწლოვანებთან სქესობრივი ურთიერთობის სამართლებრივი მხარე, ხოლო ექიმმა ინფორმაცია მიაწოდა ახალგაზრდებსადრეულ ასაკში ქორწინებისა და მშობიარობის უარყოფით გავლენაზე მოზარდის ორგანიზმზე.
პროექტის განხორციელების განმავლობაში მოსწავლეებმა მათ მიერ შედგენილი კითხვარით 500-ზე მეტ რესპოდენტს გამოკითხეს მათი აზრი აღნიშნული საკითხების შესახებ, ჩაიწერეს რამდენიმე ვიდეოინტერვიუ.

საგრანტო აპლიკაციებზე მუშაობა


25 ოქტომბერს სიქა-ს ოფისში რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრებმა, რომლებიც სამუშაობენ საგრანტო პროექტებზე, მიიღეს დამატებითი დეტალური კონსულტაცია საგრანტო აპლიკაციის შევსების შესახებ. მოსწავლეებმა ტრენერების დახმარებით რედაქტირება გაუკეთეს საგრანტო პროექტების აპლიკაციებს, განიხილეს საგრანტო პროექტების ბიუჯეტები. ტრენინგზე სხვადასხვა კლუბების მოსწავლეებმა 4 საგრანტო განაცხადზე იმუშავეს.

Saturday 8 October 2011

ვიზიტი მარნეულსა და კაზრეთში

 30 სექტემბერს სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წარმომადგენლები ეწვივნენ მარნეულის №5  და კაზრეთის №1 საჯარო სკოლებს. ვიზიტის მიზანი იყო სამოქალაქო განათლებისა და მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საგრანტო პროგრამის მონიტორინგი. „სიქას“ წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ პროექტების მიმდინარეობას, მოსწავლეთა კლუბების სამუშაო სიტუაციას, კლუბებს გადაეცათ ახალი რესურსები და ინფორმაცია პროგრამის მიმდინარეობის, შედეგებისა და სიახლეების შესახებ.

საკონსულტაციო შეხვედრა სართიჭალაში


 28 სექემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის №1 საჯარო სკოლაში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბებისთვის. შეხვედრას დაესწრნენ სართიჭალის №1 და №2, ნორიოს, მარტყოფის №1 და მუღანლოს საჯარო სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სულ 30 მონაწილე. მათ მიიღეს ინფორმაცია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის, მისი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ. მონაწილეებს გადაეცათ საკანცელარიო და ნაბეჭდი მასალა, რაც დაეხმარებათ საკლუბო მუშაობაში.

Friday 7 October 2011

კონსულტაცია საგრანტო პროექტების წარდგენის თემაზე

22 სექტემბერს გარდაბნის #1 საჯარო სკოლაში   გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა გარდაბნის რაიონის სკოლების სამოქალაქო კლუბების წარმომადგენელთათვის. შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის, ვახტანგისის, კრწანისის სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები. საგრანტო მიმართულების კოორდინატორმა ცირა თავშვაძემ შეხვედრის დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო აქტივობების შესახებ.

Saturday 17 September 2011

ახალგაზრდობის პრობლემების კვლევა გარდაბანში


16 სექტემბერს გარდაბნის 1-ელ საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებისათვის ახალგაზრდული პრობლემების კვლევა გარდაბნის ახალგაზრდებს შორის. შეხვედრა წარიმართა "კაფე - სუფრას" მეთოდით, მასში მონაწილეობას იღებდა 21 გარდაბნელი ახალგაზრდა - მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრები. გამოიკვეთა ახალგაზრდების წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემები - არასაკმარისი ყურადღება უნარშეზღუდული ადამიანებისადმი, უმაღლესი განათლების ხელმიუწვდემელობა, უმუშევრობა, არასაკმარისი სპორტული ცენტრები, არაფორმალური განათლების ნაკლებობა.


 შეხვედრას უძღვებოდნენ სიქა-ს ახალგაზრდული მუშაკები მარი აბულაძე და კახა ფაშურიშვილი.

ვორკშოპი საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების თემაზე


10 სექტემბერს სიქა- ახალოფისში გაიმართა ვორკშოპი საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებისთემაზერომელშიცმონაწილეობა მიიღესრუსთავის მოსწავლეთასამოქალაქო კლუბების წევრებმაახალგაზრდებმა განიხილეს საქართველოს ახალგაზრდობის საჭიროებებიპრობლემები დამათი მოგვარების გზებისამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ სიქა-ახალგაზრდული მუშაკები მარი აბულაძე და კახა ფაშურიშვილი.

Friday 16 September 2011

შეხვედრა ქ.რუსთავის საკრებულოში


15 ივნისს ქ. რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები და პროგრამის კოორდინატორი ქვემო ქართლში ინგა პაიჭაძე შეხვდნენ ქ. რუსთავის მერიის და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს.
შეხვედრაზე ქალაქის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ გააცნეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, განხორციელებული აქტივობები. შეხვედრისას მოსწავლეებმა ქალაქის ხელმძღვანელობის წინაშე ქალაქში არსებული რამდენიმე პრობლემა და მისი მოგვარების გზები დასახეს. ერთ-ერთი პრობლემა სამარშრუტო ტაქსებში მძღოლების მიერ ნიკოტინის მოხმარების ფაქტებია, რასაც მასიური სახე აქვს. ამის გამო  საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უკვე ჯანმრთელობისათვის საზიანო ხდება.საკრებულოს თავ-რემ მოსწავლეებს აღუთქვა, ქალაქის თვითმმართველობა სატრანსპორტო კომპანიებს ხელშეკრულებაში ჩაუდებს მუხლს მგზავრთა "ჯანსაღი" გადაადგილების თაობაზე. 
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოსწავლეებმა დასვეს საკრებულოს წინაშე ქალაქის სკოლებში  ველოსადგომების მოწყობის საკითხია. ქალაქის მესვეურები აღნიშნული საკითხის ქალაქის პრიორიტეტების ერთ-ერთ პუნქტად დასმას შეპირდნენ. მსგავს შეხვედრებს ქ. რუსთავის ხელმძღვანელობასა და მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებს შორის პერმანენტული ხასიათი ექნება.

Sunday 11 September 2011

გადაცემა "ჩვენი ეზო"

ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების აქტიურმა წევრებმა, კლუბის მეურვეებმა  და სიქა-ს გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახელმწიფო მაუწყებლობის პროგრამა "ჩვენი ეზოს" სატელევიზიო ჩაწერაში. გადაცემა მიეძღვნა 'სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას", მის პრიორიტეტებს, განხორციელებულ და მომავალ  აქტივობებს.  გადაცემაში ასევე მონაწილეობას იღებდა პროგრამაში ჩართული დელეგაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან.

Monday 13 June 2011

15 ივნისს შეხვედრა საზაფხულო ბანაკის მონაწილეებთან

საზაფხულო ბანაკის რუსთაველ მონაწილეებს 15 ივნისს 15 საათზე ვიწვევთ სიქა-ში ბანაკის სამზადისის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად და ივნისის თვის რეგიონული ღონისძიებების დასაგეგმად.

Saturday 11 June 2011

‎2010 წლის 15 დეკემბერს მიღებული იქნა კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ, რომელიც დღემდე – კანონის მიღებიდან 6 თვის შემდეგაც ირღვევა..ვისთვის იღებენ ამ კანონებს? ვინ უნდა დაიცვას ისინი? სამოქალაქო კლუბების ლიდერებს ვიწვევთ შემოუერთდნენ ამ კანონის რუსთავში ასამოქმედებლად შექმნილ მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფს.
ვგეგმავთ ვეწვიოთ ქალაქის აღმასრულებელ რგოლს, გავაცნოთ ჩვენი დაკვირვებები და ერთად ვთხოვოთ, ეს კანონი, რომელიც ფაქტიურად იცავს ახალგაზრდა თაობას თამბაქოს მავნე გავლენისაგან.
15 ივნისს  15 საათზე , კანონის მიღებიდან 6  თვის თავზე, ვიწვევთ სიქა–ში რუსთავის სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებს, შემდეგი ნაბიჯების დასაგეგმად.

Friday 10 June 2011

საზაფხულო ბანაკის მონაწილეები შეირჩა

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში იგეგმება საზაფხულო ბანაკები ბაზალეთის ტბის ტერიტორიაზე.
ბანაკი ორ ეტაპად გაიმართება, თითოეულ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ 75 მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და 9 პედაგოგი.
ბანაკის პირველი ეტაპის თარიღებია - 30 ივნისი- 5 ივლისი, ხოლო მეორე ეტაპისა 12-17 ივლისი.
ქვემო ქართლიდან ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლია 15 მოსწავლეს და 2 სამოქალაქო გაანთლების პედაგოგს.
ბანაკის მონაწილეები შეირჩა გავლილი პერიოდის განმავლობაში სამოქალაქო კლუბებში მათი აქტივობებისა და პირადი მოტივაციის საფუძველზე.
გთავაზობთ ბანაკის მონაწილეთა სიას (15 მოსწავლე ძირითად სიაშია, ასევე გვაქვს სარეზერვო სია. სარეზერვო სიიდან მოხდება იმ მოსწავლეების ჩანაცვლება, რომლებიც ვერ შეძლებენ ბანაკში მონაწილეობის მიღებას)

ბანაკის მონაწილეთა ძირითადი სია:
  1. თამუნა კობახიძე (რუსთავის მე-10 საჯარო სკოლა)
  2. ციცქიშვილი ანა (რუსთავის მე-10 საჯარო სკოლა)
  3. გაბათაშვილი ნიკოლოზი (რუსთავის მე-12 საჯარო სკოლა)
  4. თამუნა ქურდაძე (რუსთავის მე-5 საჯარო სკოლა)
  5. თორნიკე ყიყიშვილი (მარნეულის მე-5 საჯარო სკოლა)
  6. მარიამ მხეიძე (რუსთავის მე-15  საჯარო სკოლა)
  7. ნანა ტყემალაძე (რუსთავის მე-15 საჯარო სკოლა)
  8. სალომე ჭყოიძე (რუსთავის მე-15 საჯარო სკოლა)
  9. თეიმურაზ ოკბელაშვილი (დმანისის მე-3 საჯარო სკოლა)
  10. ბექა კაველაშვილი  (დმანისის მე-3 საჯარო სკოლა)
  11. მარიამ მარგველიანი (ბაშქოის საჯარო სკოლა)
  12. ვეფადარ იბრაგიმოვი  (ბაშქოის საჯარო სკოლა)
  13. ილია ქარდავა (გარდაბნის 1-ლი საჯარო სკოლა)
  14. გიორგი ბაყაშვილი (გარდაბნის 1-ლი საჯარო სკოლა)
  15. აითაზ ხალილოვი (ვახტანგისის საჯარო სკოლა)
სარეზერვო სია
  1. სიფრაშვილი ქეთევანი (რუსთავის მე-10 საჯარო სკოლა)
  2. გიორგი გოგაძე (რუსთავის მე-5 საჯარო სკოლა)
  3. სანდრო კობერიძე (რუსთავის მე-12 საჯარო სკოლა)
  4. ზარნიშნა მუსაევი  (ვახტანგისის საჯარო სკოლა)
  5. ჯაბა ხოზრევანიძე (ბაშქოის საჯარო სკოლა)



ფოტოკონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

ფოტოკონკურსი  "ჩემი სამოქალაქო კლუბი" საკმაოდ აქტიურად ჩატარდა. 10 ივნისს - კონკურსის დასასრულს ქ. რუსთავის მე- 10 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის აქტივობის ამსახველმა ფოტოს მიღებული ჰქონდა 181 "Like", მეორე ადგილზე რუსთავის მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის პროექტის "ჯანსაღ გარემოში ჯანსაღი სულია" -აქტივობის ამსახველი ფოტო გავიდა -  121 "Like"-თი. დანარჩენი კლუბების აქტივობების ამსახველი ფოტოები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ ლიდერებს.
პირველ ადგილზე გასული  ქ. რუსთავის მე- 10 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ფოტოკონკურსში გამარჯვებისათვის დაჯილდოვდა ფოტო-ალბომით, რომელშიც კლუბი შეძლებს მათი აქტივობების ამსახველი ფოტოალბომის განთავსებას.
მეორე ადგილზე გასული რუსთავის მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი, ნიკოლოზ გაბათაშვილი, საკლუბო აქტივობის "ჯანსაღ გარემოში ჯანსაღი სულია"  ორგანიზებისა და ფოტოკონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის, დაჯილდოვდა წამახალისებელი პრიზით.
მომავალში დაგეგმილი გვაქვს არაერთი საკლუბო კონკურსების ორგანიზება, რომელიც "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში შექმნილ სამოქალაქო კლუბებს საშუალებას მისცემს ფართჴ მასებს გააცნონ კლუბის საქმიანობა.

Wednesday 8 June 2011

სურათების შერჩევა კლუბის საქმიანობის ამსახველი სტენდის მოსამზადებლად


მოგეხსენებათ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პირველი წელი 2011 წლის 30 ივნისს სრულდება. თვის დასასრულს (სავარაუდოდ 28 ივნისს) სიქა გეგმავს პროგრამის პირველი წლის მიმდინარეობის შეფასებას – პრეზენტაციის სახით. გთხოვთ, თითოეულმა სამოქალაქო კლუბმა იფიქროთ თქვენი კლუბის პროგრამის ფარგლებში საქმიანობის ამსახველი სტენდის მომზადების შესახებ. სტენდზე განთავსდება ინფორმაციები თქვენს მიერ ორგანიზებული საკლუბო აქტივობების შესახებ (ძალიან გთხოვთ, საშობაო ალილოს, სააღდგომო და  სიყვარულის დღისადმი ზეიმებს და ლიტერატურულ საღამოებს ნუ ჩაითვლით სამოქალაქო აქტივობებში)
სიქა გთავაზობთ შეარჩიოთ 10–დე სურათი, რომელიც ასახავს თვქვენი კლუბის აქტივობას, და რომელიც გსურთა განათავსოთ თქვენს სტენდზე. ელ–ფოსტით გადმოგვიგზავნეთ  ამ სურათების ციფრული ვატიანტები არაუგვიანეს 20 ივნისისა, რომ დროულად დაგიბეჭდოთ და მოგაწოდოთ სტენდებისათვის.

Monday 6 June 2011

მაკულატურის შეგროვების პირველი ეტაპი

დღეს გავიტანეთ რუსთავის სამოქალაქო კლუბების მიერ შეგროვებული მაკულატურა. მადლობა გვინდა გადავუხადოთ რუსთავის 24- ე საჯარო სკოლას მაკულატურის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეგროვებისათვის, მათ ნახევარ ტონამდე მაკულატურა მოაგროვეს. 16 კგ. მაკულატურა მოაგროვა რუსთავის მე17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.  შეგახსენებთ, რომ შეგროვებული მაკულატურით მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებისათვის წიგნების შეძენას ვაპირებთ. მაკულატურის შეგროვების აქცია მომავალშიც გაგრძელდება.

Friday 3 June 2011

საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების ხელშეკრულებები გაფორმდა

როგორც მოგეხსენებათ, აპრილის თვის საგრანტო კონკურსში ქვემო ქართლის რეგიონიდან ექვსმა პროექტმა გაიმარჯვა. გამარჯვებული პროექტების ავტორებთან  გაფორმდა ხელშეკრულებები . სკოლებმა უკვე დაიწყეს საგრანტო პროექტების განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ საგრანტო პროექტების კონკურსში გაიმარჯვეს რუსთავის, მარნეულის, კაზრეთისა და ბაშქოის (წალკის რაიონი) საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებმა.

Tuesday 31 May 2011

დებატების რეგიონული ტურნირი

 დებატების რეგიონული ტურნირისთვის მზადება

დებატების რეგიონული ტურნირის დაგეგმვის ეტაპზე მოხდა პროგრამაში ჩართული სკოლების ინფორმირებულობა. დაინტერსებული სკოლები დაიყო ორ  სამუშაო ჯგუფად, რის შემდეგაც დაიგეგმა კვირაში 2 სამუშაო შეხვედრა.
სამუშაო შეხვედრების ციკლი დაიწყო 9 აპრილს და გაგრძელდა 23 მაისამდე, რომლებზეც სამოქალაქო კლუბის წევრები სწავლობდნენ ფორმალური დებატების წესებსა და ტექნიკას, და პრაქტიკაში ახორციელებდნენ ანუ თამაშობდნენ; მწვრთნელისგან, ნინო ვარდიაშვილისგან,  იღებდნენ კონკრეტულ რჩევებს, შენიშვნებს, რამაც თავისთავად გაზარდა მონაწილეები, როგორც მოდებატეები. სულ შედგა 14 შეხვედრა: თითო შეხვედრა გრძელდებოდა 2-3 საათის განმავლობაში.  ტურნირისთვის მზადების პროცესი გაგრძელდა 2 თვე. 

დებატების ტურნირი

დებატების ტურნირი გაიმართა  28-29 მაისს, 11:00-18:00-მდე.
ტურნირში მონაწილეობდნენ რუსთავის : 1, 4, 5, 7, 10, 12, 15, 21, 22, 25 , გარდაბნის #1 და  ბოლნისის #5 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის  წევრები.
ღონისძიებაში ჩართული იყო: 12 საჯარო სკოლის 42 მოსწავლე და 10 მსაჯი.
ტურნირის პირველ დღეს მონაწილე 14-მა გუნდმა ითამაშა 4-4 თამაში თანაბარ პოზიციებში. თითოეულმა გუნდმა ითამაშა 2 მტკიცებითი და 2 უარმყოფელი პოზიცია. გარდა ამისა ყოველი მომხსენებელი შეფასდა ქულებით და რანგებით. მეორე დღეს კი ოლიმპიური მეთოდით, 8 ნახევარ ფინალისტმა გუნდმა ითამაშა. წაგება-გავარდნის მეთოდით შედგა ფინალური თამაში, სადაც ითამაშა ბოლნისის #5 სკოლის და რუსთავის #5 სკოლის სამოქალაქო კლუბის მოდებატეებმა. გამარჯვებული გახდა ბოლნისის #5 სკოლა. ასევე გამოვლინდა 10 საუკეთესო მომხსენებელი:
 I ადგილი დაიკავა #22 სკოლის მოსწავლემ სალომე გიგნიაშვილმა,
 II ადგილი - გარდაბნის #1 სკოლის მოსწავლე ილო ქარდავამ,
 III ადგილი -  #5 სკოლის მოსწავლემ ნანა ლობჟანიძემ.
ფინალისტი გუნდები და 10 საუკეთესო მომხსენებლი დაჯილდოვდნენ პრიზებით და სიგელებით, ხოლო დანარჩენი მოდებატეები - მონაწილის სერთიფიკატით.
ტურნირის პირველ დღეს მოდებატეებთან გაიმართა დისკუსია კითხვა- პასუხის რეჟიმში, სადაც  დასმული იყო შემდეგი შეკითხვა: “დამისახელეთ ერთი კონკრეტული რამ, რაც გასწავლათ დებატებმა და ამ ტურნირმა?” ამ კითხვაზე მოდებატეებმა შემდეგნაირად უპასუხეს (ციტირება ):
მარიამ მიროტაძე #25 სკოლა – მასწავლა ჩემი აზრის დაცვა, პოზიციის წარმოჩენა და ის, რომ დაბნევა ცუდია.
მარიამ ქვათაძე #12 სკოლა – მასწავლა სიმშვიდე და ვცდილობ გაწონასწორებული ვიყო.
თორნიკე სამხარაძე ბოლნისის#5 სკოლა- ვისწავლე სხვისი აზრის პატივისცემა.
თამუნა კობაიძე #10 სკოლა – მასწავლა გუნდურობა.
მერი ჯალიაშვილი #7 სკოლა- ვისწავლე გუნდურობა, თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება.
თაკო გოგოლაძე #22 სკოლა- ვისწავლე ჩაწერა ყველაფრის და ის, რომ უნდა იყო მოქნილი (ეშმაკობაც ვისწავლე);
სალომე გიგნიაშვილი #22სკოლა - ერთი ფაქტის სხვადასხვა კუთხით დანახვა და შესაბამისად გამოყენება.
მარი სხირტლაძე #21 სკოლა- ვისწავლე, რომ შეიძლება შევეწინააღმდეგო ჩემთვის მისაღებ ფაქტს, რადგან თამაშს ასე სჭირდება.
როგორც ამ პასუხებიდან ჩანს, მოთამაშეებისათვის დებატების ტურნირი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.  ტურნირის დასასრულს დაიგეგმა მონაწილე მსაჯებთან სამუშაო შეხვედრის თარიღი, სადაც მოხდება ტურნირის მსვლელობისა და შედეგების გაანალიზება.

Monday 30 May 2011

პროგრამის პირველი წლის შუალედური ანგარიში

25 მაისს რუსთავის მე–15 საჯარო სკოლაში მოწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" მიმდინარეობის შუალედური ანგარიში ქვემო ქართლის რეგიონში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და გრანტების მენეჯერი თამუნა ფრუიძე. ქვემო ქართლის სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა გარდაბნიდან, მარნეულიდან, კაზრეთიდან, რუსთავიდან და გარდაბნის რაიონის სოფლებიდან წარმოადგინეს კლუბების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მოკლე ანგარიში, გრანტების მიმღებმა სკოლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მათი საგრანტო პროექტების მიზნები და დასახული ღონისძიებები. წარმოდგენილი იყო რეგიონული ღონისძიებების "ვზრუნავთ გარემოსა და გარშემომყოფებზე" და "ეკობორბალის" პრეზენტაცია, ასევე დაგეგმილი რეგიონული ღონისძიებების გეგმები. ფოიეში მოეწყო პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო კლუბების მიერ შემნილი პოსტერების გამოფენა. 
"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ხელმძღვანელებმა დადებითად შეაფასეს ქვემო ქართლში პროგრამის მიმდინარეობა, პროგრამის კოორდინატორებს მისცეს რჩევები პროგრამის უკეთ წარმართვის შესახებ.

Friday 20 May 2011

აპრილის თვის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა

გამოვლინდა 2011 წლის აპრილის თვის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულთა ვინაობა. ქვემო ქართლიდან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ექვსმა პროექტმა:
  • "იყავი მზად უკონფლიქტო ურთიერთობებისათვის",  რუსთავის მე–10 საჯარო სკოლა, პროექტის ხელმძღვანელი ნანა შატბერაშვილი
  • "ძმაო ძმითა ხარ ძლიერი", რუსთავის 25–ე საჯარო სკოლა, პროექტის ხელმძღვანელი თინათინ წიქარიშვილი;
  • "გზა საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეობისკენ",  წალკის რაიონის სოფელ ბაშქოის საჯარო სკოლა, პროექტის ხელმძღვანელი ინეზა კორძაია;
  • "სკოლიდან იწყება ყველაფერი", მარნეულის #5 საჯარო სკოლა, პროექტის ხელმძღვანელი ლეილა მირზოევა;
  • "გავაუმჯობესოთ სკოლის ცხოვრება", ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლა, პროექტის ხელმძღვანელი სოფიკო დემურაშვილი;
  • "ახალგაზრდობა უდანაკარგოდ", ქ. რუსთავის #1 საჯარო სკოლა, პროექტის ხელმძღვანელი ანა ადამია
ვულოცავთ სკოლებსა და პროექტის ხელმძღვანელებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებას.

Monday 16 May 2011

მე-12 საჯარო სკოლის პროექტი "ჯანსაღ გარემოში - ჯანსაღი სხეულია"

20 მაისს ქ. რუსთავის მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი გეგმავს საკლუბო აქტივობას "ჯანსაღ გარემოში - ჯანსაღი სხეულია".
პროექტის მიზანია სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მაღალი ბალახებისა და ნაგვისაგან, რაც უსაფრთხოს გახდის სკოლის ეზოში გადაადგილებას . ასევე იგეგმება ხეების დარგვა. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები.

28-29 მაისი რეგიონული დებატები

გაცნობებთ რომ 28-29 მაისს ქ. რუსთავში "სამოქალაქო გაანთლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში იგეგმება რეგიონული დებატების ტურნირი რეზოლუციით" მასმედიის ცენზურა გამართლებულია" ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ქვემო ქართლის 16 სამიზნე სკოლის მოდებატეთა გუნდები გარდაბნიდან, მარნეულიდან, ბოლნისიდან და რუსთავიდან. დებატები ჩატარედება "ფასეულობითი დებატების ანუ კარლ პოპერის" ფორმატით.
მონაწილე მოდებატეთა გუნდები მეორე თვეა გულმოიდგინედ ემზადებიან ტურნირისათვის.


Sunday 15 May 2011

საზაფხულო ბანაკის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო

გაცნობებთ, რომ დაიწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილი საზაფხულო ბანაკის მონაწილეების შერჩევა. საზაფხულო ბანაკის ჩატარება იგეგმება 2011 წლის ივნისის თვის ბოლოს. ბანაკისათვის შეირჩევა მხოლოდ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. რომლებიც სწავლობენ პროგრამის სამიზნე სკოლებში და აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
  • არიან სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერები, რომლებმაც ინიცირება გაუკეთეს სხვადასახვა პროექტებს და აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ პროექტების წარმატებით განხორციელებაში;
  • მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო კლუბების საგრანტო კონკურსებში;
  • მათი ინიციატივით განხორციელდა ერთობლივი პროექტები სხვა სკოლებთან ან სხვა რეგიონების სკოლის მოსწავლეებთან თანამშრომლობით;
  • გაიარეს ტრენინგები სოციალურ მედიაში და მათ მიერ შექმნილი ბლოგების არის ინფორმაციულად მუდმივად განახლებადი.
საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად ქვემო ქართლის რეგიონიდან შეირჩევა 15 მოსწავლე. თუკი სურვილი გაქვთ მონაწილოება მიიღოთ საზაფხულო ბანაკში და ამასთანავე აკმაყოფილებთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთს, გთხოვთ 2011 წლის 27 მაისამდე მოგვწეროთ თქვენი განაცხადი ელ.ფოსტაზე: civic.siqa@gmail.com
ბანაკში შერჩეულ მოსწავლეთა ვიანობა გამოვილდება 2011 წლის 31 მაისს.

Friday 13 May 2011

ეკობორბალი

12 მაისს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო რეგიონული მასშტაბური ღონისძიება "ეკობორბალი". ღონისძიებაში ჩართული იყო პროგრამის სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბები ქვემო ქართლის რეგიონიდან. გარდაბნის, ლემშვენიერას, მარნეულის, ვახტანგისის, გამარჯვების, კრწანისის და რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ "ეკობორბალის" მომზადებისა და განხორციელების პროცესში. აქტივობებს ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, დეპუტატი, ქ. რუსთავის ახალგაზრდული დეპარტამენტის წევრები. მათ ახალგაზრდებს გაუზიარეს თავისი შეხედულებები  ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოსდაცვით ღონისძიებების მნიშვნელობაზე. 




"ეკობორბალის" მონაწილე მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბებმა გამოფინეს მათ მიერ ჯანსაღ ცხოვრების წესისა და გარემოსდაცვის თემების შესახებ შექმნილი პოსტერები, დაასუფთავეს რუსთავის კულტურისა და დასევენების პარკი, მოაწყვეს მხიარული შეჯიბრებები სხვადასხვა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სახეობებით რბოლაში. მოწვეულმა ველომრბოლელთა კლუბის წევრებმა ახალგაზრდებს გაუზიარეს  ველოსიპედებით გადაადგილების უპირატესობები, მისი დადებით გავლენა ადამიანისა და გარემოს სიჯანსაღეზე.  ორგანიზება გაუკეთეს "მასტერკლასს" ველოტრანსპორტით სარგებლობაზე  – სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად მოაწყვეს ველორბოლა პარკის ტერიტორიაზე.
რუსთაველმა მოსწავლეებმა, რომლებიც თავისუფალ დროს პარკურის ხელოვნების დაუფლებას უთმობენ, სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის წარმოადგინეს პარკურის სახეობით წინააღმდეგობების დაძლევის ხერხების დემონსტრირება.  ჩვენების მიზანი იყო   პარკურის, როგორც  ჯანსაღი ცხოვრების წესისა და  ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ინსტრუმენტის  დემონსტრირება.   
"ეკობორბალის" აქციას მთლიანობაშ დაესწრო 120–დე სამოქალაქო კლუბის წევრი და მოწვეული სტუმარი. ღონისძიებას ჰქონდა დადებითი გამოხმაურება მონაწილეთა მხრიდან.
"ეკობორბალის" აქციას არ ექნება ერთჯერადი სახე და მსგავსი აქტივობები დაგეგმილია ქვემო ქართლის სხვადასხვა რეგიონებში. ასევე იგეგმება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენების უპირატესობებზე ბუკლეტებისა და პოსტერების დამზადება/გავრცელება. ადგილობრივ თვითმმართველობებისათვის პეტიციების მომზადება ადგილებზე ველო–ბილიკებისა და სკოლებში ველოსადგომების მოწყობის თხოვნით.
იხილეთ "ეკობორბალის" ამსახველი ფოტომასალა 

Thursday 5 May 2011

ღონისძიება "ეკობორბალი"

2011 წლის 12 მაისს ქ. რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში დაგეგმილია რეგიონული ღონისძიება "ეკობორბალი". ღონისძიება ხორციელდება "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, მოსწავლეების  ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო კლუბების დაახლოება, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა, მოსწავლეთა გააქტიურება.
აქტივობაში მონაწილეობას მიიღებენ პროგრამაში ჩართული ქვემო ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეები.  სასკოლო სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლები გამოფენენ მათ მიერ შექმნილ ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ პოსტერებს და სლოგანებს, მოეწყობა ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშემწყობი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების დემონსტრირება მათ პოპულარიზაციის მიზნით.
შედგება პეტიცია ადგილობრივი თვითმმართველობებისადმი ქალაქების ცენტრალურ ქუჩებზე ველოტრეკის მოწყობის მოთხოვნით. პეტიციებზე ხელმოწერების შეგოვების შემდეგ მოთხოვნები მიეწოდებათ ქ. რუსთავის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის ადგილობრივ თვითმმართველობებს.

Monday 2 May 2011

ფოტოკონკურსი "ჩემი სამოქალაქო კლუბი"

ვიწყებთ ფოტოკონკურსს "ჩემი სამოქალაქო კლუბი". კონკურსში მონაწილეობისათვის მოგვაწოდეთ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო კლუბების აქტივობების ამსახველი ფოტოები მოკლე აღწერით. 
ფოტოკონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოვლენა მოხდება "ფეისბუკში" სიქა-ს გვერდზე კონკურსის ალბომში განთავსებულ სურათებზე მიღებული შეფასებებით(Like).
 მნახველთა მიერ ყველაზე მეტად "მოწონებული 10 სურათი და ჟიურის მიერ შინაარსისა და მხატვრული ღირებულებებით შერჩეული  10 ფოტო (სულ 20 ფოტოსურათი) დაიბეჭდება დიდი ზომით და გამოიფინება ქვემო ქართლის რესურს ცენტრებში. 
ყველაზე "პოპულარული" 3 ფოტოსურათის ავტორები ასევე დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.
კონკურსში მონაწილობისათვის ფოტო სურათები მოკლე აღწერით გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე civic.siqa@gmail.com

4 მაისის შეხვედრის ანონსი

ოთხშაბათს 15:00 საათზე სიქა-ს ოფისში სამოქალაქო კლუბების ლიდერების მორიგ შეხვედრაზე მოხდება პროექტის მწვანე გამოწვევა რუსთავის საზოგადოებას” პრეზენტაცია.   

Saturday 30 April 2011

ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების ვიზიტი ბოლნისში

30 აპრილს ბოლნისის მოხუცებულთა სახლ "ჭაღარა"–ში გაიმართა რეგიონული ღონისძიების  "ვზრუნავთ გარემოსა და გარშემომყოფებზე" დასკვნითი აქტივობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი ქ–ნი ნინო ბასილაშვილი, ბოლნისის რაიონის თვითმმართველობის წარმომადგენლები. მოხუცებს საჩუქრად კვების პროდუქტები (ტკბილეული, ბურღულეული, ზეთი)  გადასცა შპს "პრინც"–ის დირექტორმა ბ-მა მერაბ ქურდაძემ. ღონისძიება ფართოდ გააშუქა ბოლნისის ადგილობრივმა ტელევიზიამ. 
პროექტის "ვზრუნავთ გარემოსა და გარშემომყოფებზე" ფარგლებში ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს მარტის თვეში ჩაუტარდათ ტრენინგი მდგრადი განვითარების თემაზე. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს სტრატეგიული განვითარების სააგენტოსა და საქართველოში ორჰუსის კონვენციის ცენტრის წარმომადგენლები.  ტრენინგების შემდეგ მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებმა დაიწყეს მაკულატურის შეგროვება. შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ შეიძინეს წიგნები, რომლებიც საჩუქრად გადაეცა ბოლნისის მოხუცებულთა სახლს "ჭაღარა". ცენტრ "ჭაღარას" მობინადრეებმა ძალიან გაიხარეს მოსწავლეთა სტუმრობით. ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ  კულტურულ პროგრამაში   მოხუცებიც აქტიურად ჩაერთვნენ – წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს მოსწავლეებთან ერთად.
პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო ქვემო ქართლის სამიზნე სკოლები გარდაბნიდან, რუსთავიდან, მარნეულიდან და ბოლნისიდან. დასვნით ღონისძიებაში კი მონაწილობდნენ ქვემო ქართლის 10 საჯარო სკოლის (გარდაბნის 1–ლი საჯარო სკოლის, რუსთავის #2,5,12,16,18,20; მარნეულის მე–5, ბოლნისის მე–5 და დაბა კაზრეთის 1–ლი საჯარო )სკოლის მოსწაავლეები.  პროექტის შედეგად მოხდა მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, გაიზარდა მათი სოციალური პასუხისმგებლობის – სხვებზე ზრუნვის აუცილებლობის გრძნობა. ერთობლივმა აქტივობამ ასევე ხელი შეუწყო ქვემო ქართლის სხვადასხვა ქალაქების სამოქალაქო კლუბების დაახლოვებას.

Tuesday 26 April 2011

"ვზრუნავთ გარემოსა და გარშემომყოფებზე"

30 აპრილს 12 საათზე ბოლნისის მოხუცებულთა სახლს ესტუმრებიან "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში" ჩართული ქვემო ქართლის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრები.
ღონისძიების "ვზრუნავთ გარემოსა და გარშემომყოფებზე"  მიზანია - მოსწავლეთა სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობა, მათი  სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება, მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა, მათი ინფორმირებულობის გაზრდა მდგრადი განვითარების შესახებ.
სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს უკვე ჩაუტარდათ სემინარები მდგრადი განვითარების შესახებ , სემინარებს უძღვებოდნენ საქართველოს სტრატეგიული განვითარების სააგენტოსა და საქართველოში ორჰუსის კონვენციის ცენტრის წარმომადგენლები. სემინარების შემდეგ სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა დაიწყეს მაკულატურის შეგროვება. შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ მოსწავლეები შეიძენენ წიგნებს ბოლნისის მოხუცებულთა სახლის მობინადრეებისათვის. ასევე იგეგმება მათთვის მცირე კულტურული ღონისძიების ორგანიზება. 
ღონისძიებას დაესწრებიან ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბოლნისის ადგილობრივი თვითმმართველობის, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები.
 

Sunday 24 April 2011

ფოტო კონკურსი "ჩემი სამოქალაქო კლუბი"

ქვემო ქართლის "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის " სამიზნე სკოლებში ცხადდება ფოტოკონკურსი „ჩემი სამოქალაქო კლუბი“. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები აგზავნიან სამოქალაქო კლუბების სამოქალაქო აქტივობების ამსახველ ფოტოსურათებს ელ.ფოსტით მისამართზე: civic.siqa@gmail.com, რომლებიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში შექმნილი ბლოგის http://civic-siqa.blogspot.com/ ფოტოალბომში, ასევე „ფეისბუკში“ სიქა–ს გვერდზე. ფოტოსურათებს დაერთვება აქტივობის მოკლე აღწერა.

ფოტო კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება სურათებზე მიღებული „ლაიკების“ საშუალებით. 10 ყველაზე ‘მოწონებული“ სურათი, ასევე 10 სურათი (სულ 20 სურათი), რომელსაც შეარჩევს ჟიური მისი შინაარსისა და მხატვრული ღირებულებების მიხედვით, დაიბეჭდება დიდი ზომით და გამოიფინება 2–2 კვირით ადგილობრივ რესურს ცენტრებში. 

მზადება საზაფხულო ბანაკებისათვის

იწყება "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" საზაფხულო ბანაკებისათვის მზადება.5 დღიანი ბანაკების ჩატარების სავარაუდო თარიღებია 24–28 ივნისი. ბანაკში მონაწილეობისათვის რეგიონიდან შეირჩევა 15 მონაწილე: 12 მოსწავლე და 3 სამოქალაქო განათლების პედაგოგი. მონაწილეთა შერჩევა მოხდება პროგრამის ფარგლებში მათი აქტივობების შესაბამისად. ამასთანავე ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა (პედაგოგებმა და მოსწავლეებმა)  უნდა შემოიტანონ სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერენ თუ:
  • რატომ უნდათ ბანაკში მონაწილეობის მიღება;
  • როგორია მათი მოლოდინები საზაფხულო ბანაკის ღონისძიებების შესახებ ;
  • როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას თავიანთ სამოქალაო კლუბში და კოლეგებთან.
სამოტივაციო წერილები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტით: civic.siqa@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!

Saturday 23 April 2011

ახალი საგრანტო კონკურსი მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბებისათვის

მცირე გრანტების პროგრამა საქართველოს მასშტაბით აცხადებს საგრანტო განაცხადების მიღებას.
უპირატესობა მიენიჭება შემდეგ თემებს:

* მოსწავლეთა თვითმმართველობა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის;
* მშობელთა მონაწილეობა მოსწავლეთა სამოქალაქო ინიციატივებში;
* სასკოლო სამოქალაქო კლუბებს შორის თანამშრომლობა;
* სკოლის თანამშრომლობა ადგილობრივ მთავრობასთან თემის საჭიროებების დასაცავად;
* მოხალისეობის გაძლიერება

შესაძლებელია პროექტების შემოტანა წინა საგრანტო თემების მიხედვითაც:

* ადამიანის / ბავშვის უფლებები და მოვალეობები;
* ტოლერანტობის განვითარება და ხელშეწყობა;
* ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის მოგვარება და მშვიდობის მშენებლობა;
* ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ახალგაზრდების მონაწილეობით;
* გენდერული თანასწორობა.

ონლაინ საგრანტო განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 აპრილი. ამ თარიღის შემდეგ გადმოგზავნილი განაცხადები აღარ განიხილება. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება ამავე ვებ-გვერდზე 2011 წლის მაისში.
სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის ყოველი კვირის ოთხშაბათს 15:00–ზე მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს. კონსულტაციის მიღება ასევე შესაძლებელია ელ.ფოსტით: civic.siqa@gmail.com.

Saturday 19 March 2011

საჯარო დებატები ფორმით სიარულის შესახებ

28 მარტს 15 სათზე ქ. რუსთავის 21–ე საჯარო სკოლაში სკოლების სამოქალაქო კლუბების მეურვეებს და კლუბის წევრებს გიწვევთ საჯარო დებატებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქ. რუსთავის მე15 და 22–ე საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები.
დებატების რეზოლუციაა" საქართველოს საჯარო სკოლებში ფორმით სიარულ ჯობია თავისუფალ ჩაცმულობას"
საჯარო დებატების ფორმატი ითვალისწინებს აუდიტორიის აქტიურ ჩართვას დისკუსიაში.

Friday 25 February 2011

ვორკშოპი gmail ელ ფოსტის გამოყენებაზე

3 მარტს 15:30 –ზე სიქა–ში დაგეგმილია ვორკშოპი gmail ელ ფოსტის გამოყენებაზე.
დასწრება შეუძლია ქალბატონებს . დასწრება უფასოა, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის, დაგვიკავშირდით:
ტელ: 151358, 122045.
ელ.ფოსტა: civic.siqa@gmail.com