Saturday 30 April 2011

ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების ვიზიტი ბოლნისში

30 აპრილს ბოლნისის მოხუცებულთა სახლ "ჭაღარა"–ში გაიმართა რეგიონული ღონისძიების  "ვზრუნავთ გარემოსა და გარშემომყოფებზე" დასკვნითი აქტივობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი ქ–ნი ნინო ბასილაშვილი, ბოლნისის რაიონის თვითმმართველობის წარმომადგენლები. მოხუცებს საჩუქრად კვების პროდუქტები (ტკბილეული, ბურღულეული, ზეთი)  გადასცა შპს "პრინც"–ის დირექტორმა ბ-მა მერაბ ქურდაძემ. ღონისძიება ფართოდ გააშუქა ბოლნისის ადგილობრივმა ტელევიზიამ. 
პროექტის "ვზრუნავთ გარემოსა და გარშემომყოფებზე" ფარგლებში ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს მარტის თვეში ჩაუტარდათ ტრენინგი მდგრადი განვითარების თემაზე. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს სტრატეგიული განვითარების სააგენტოსა და საქართველოში ორჰუსის კონვენციის ცენტრის წარმომადგენლები.  ტრენინგების შემდეგ მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებმა დაიწყეს მაკულატურის შეგროვება. შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ შეიძინეს წიგნები, რომლებიც საჩუქრად გადაეცა ბოლნისის მოხუცებულთა სახლს "ჭაღარა". ცენტრ "ჭაღარას" მობინადრეებმა ძალიან გაიხარეს მოსწავლეთა სტუმრობით. ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ  კულტურულ პროგრამაში   მოხუცებიც აქტიურად ჩაერთვნენ – წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს მოსწავლეებთან ერთად.
პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო ქვემო ქართლის სამიზნე სკოლები გარდაბნიდან, რუსთავიდან, მარნეულიდან და ბოლნისიდან. დასვნით ღონისძიებაში კი მონაწილობდნენ ქვემო ქართლის 10 საჯარო სკოლის (გარდაბნის 1–ლი საჯარო სკოლის, რუსთავის #2,5,12,16,18,20; მარნეულის მე–5, ბოლნისის მე–5 და დაბა კაზრეთის 1–ლი საჯარო )სკოლის მოსწაავლეები.  პროექტის შედეგად მოხდა მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, გაიზარდა მათი სოციალური პასუხისმგებლობის – სხვებზე ზრუნვის აუცილებლობის გრძნობა. ერთობლივმა აქტივობამ ასევე ხელი შეუწყო ქვემო ქართლის სხვადასხვა ქალაქების სამოქალაქო კლუბების დაახლოვებას.

Tuesday 26 April 2011

"ვზრუნავთ გარემოსა და გარშემომყოფებზე"

30 აპრილს 12 საათზე ბოლნისის მოხუცებულთა სახლს ესტუმრებიან "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში" ჩართული ქვემო ქართლის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრები.
ღონისძიების "ვზრუნავთ გარემოსა და გარშემომყოფებზე"  მიზანია - მოსწავლეთა სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობა, მათი  სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება, მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა, მათი ინფორმირებულობის გაზრდა მდგრადი განვითარების შესახებ.
სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს უკვე ჩაუტარდათ სემინარები მდგრადი განვითარების შესახებ , სემინარებს უძღვებოდნენ საქართველოს სტრატეგიული განვითარების სააგენტოსა და საქართველოში ორჰუსის კონვენციის ცენტრის წარმომადგენლები. სემინარების შემდეგ სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა დაიწყეს მაკულატურის შეგროვება. შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ მოსწავლეები შეიძენენ წიგნებს ბოლნისის მოხუცებულთა სახლის მობინადრეებისათვის. ასევე იგეგმება მათთვის მცირე კულტურული ღონისძიების ორგანიზება. 
ღონისძიებას დაესწრებიან ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბოლნისის ადგილობრივი თვითმმართველობის, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები.
 

Sunday 24 April 2011

ფოტო კონკურსი "ჩემი სამოქალაქო კლუბი"

ქვემო ქართლის "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის " სამიზნე სკოლებში ცხადდება ფოტოკონკურსი „ჩემი სამოქალაქო კლუბი“. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები აგზავნიან სამოქალაქო კლუბების სამოქალაქო აქტივობების ამსახველ ფოტოსურათებს ელ.ფოსტით მისამართზე: civic.siqa@gmail.com, რომლებიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში შექმნილი ბლოგის http://civic-siqa.blogspot.com/ ფოტოალბომში, ასევე „ფეისბუკში“ სიქა–ს გვერდზე. ფოტოსურათებს დაერთვება აქტივობის მოკლე აღწერა.

ფოტო კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება სურათებზე მიღებული „ლაიკების“ საშუალებით. 10 ყველაზე ‘მოწონებული“ სურათი, ასევე 10 სურათი (სულ 20 სურათი), რომელსაც შეარჩევს ჟიური მისი შინაარსისა და მხატვრული ღირებულებების მიხედვით, დაიბეჭდება დიდი ზომით და გამოიფინება 2–2 კვირით ადგილობრივ რესურს ცენტრებში. 

მზადება საზაფხულო ბანაკებისათვის

იწყება "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" საზაფხულო ბანაკებისათვის მზადება.5 დღიანი ბანაკების ჩატარების სავარაუდო თარიღებია 24–28 ივნისი. ბანაკში მონაწილეობისათვის რეგიონიდან შეირჩევა 15 მონაწილე: 12 მოსწავლე და 3 სამოქალაქო განათლების პედაგოგი. მონაწილეთა შერჩევა მოხდება პროგრამის ფარგლებში მათი აქტივობების შესაბამისად. ამასთანავე ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა (პედაგოგებმა და მოსწავლეებმა)  უნდა შემოიტანონ სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერენ თუ:
  • რატომ უნდათ ბანაკში მონაწილეობის მიღება;
  • როგორია მათი მოლოდინები საზაფხულო ბანაკის ღონისძიებების შესახებ ;
  • როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას თავიანთ სამოქალაო კლუბში და კოლეგებთან.
სამოტივაციო წერილები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტით: civic.siqa@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!

Saturday 23 April 2011

ახალი საგრანტო კონკურსი მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბებისათვის

მცირე გრანტების პროგრამა საქართველოს მასშტაბით აცხადებს საგრანტო განაცხადების მიღებას.
უპირატესობა მიენიჭება შემდეგ თემებს:

* მოსწავლეთა თვითმმართველობა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის;
* მშობელთა მონაწილეობა მოსწავლეთა სამოქალაქო ინიციატივებში;
* სასკოლო სამოქალაქო კლუბებს შორის თანამშრომლობა;
* სკოლის თანამშრომლობა ადგილობრივ მთავრობასთან თემის საჭიროებების დასაცავად;
* მოხალისეობის გაძლიერება

შესაძლებელია პროექტების შემოტანა წინა საგრანტო თემების მიხედვითაც:

* ადამიანის / ბავშვის უფლებები და მოვალეობები;
* ტოლერანტობის განვითარება და ხელშეწყობა;
* ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის მოგვარება და მშვიდობის მშენებლობა;
* ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ახალგაზრდების მონაწილეობით;
* გენდერული თანასწორობა.

ონლაინ საგრანტო განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 აპრილი. ამ თარიღის შემდეგ გადმოგზავნილი განაცხადები აღარ განიხილება. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება ამავე ვებ-გვერდზე 2011 წლის მაისში.
სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის ყოველი კვირის ოთხშაბათს 15:00–ზე მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს. კონსულტაციის მიღება ასევე შესაძლებელია ელ.ფოსტით: civic.siqa@gmail.com.