Monday 23 April 2012

შეხვედრა მარნეულის #8 საჯარო სკოლაში


„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში, 23 აპრილს, სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ მარნეულის #8 საჯარო სკოლას. შეხვედრას დაესწრნენ სკოლის დირექტორი, სასკოლო სამოქალაქო კლუბის მეურვე, სამოქალაქო განათლებისა და პროგრამით დაინტერესებული სხვა პედაგოგები.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროგრამის სიახლეებზე, კლუბის მუშაობის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრამ დიალოგის რეჟიმში ჩაიარა. სკოლის წარმომადგენლებმა შეხვედრაზევე დასახეს კონკრეტული მიზნები და უახლოესი პერიოდის სამუშაო გეგმები.

Sunday 22 April 2012

"ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში"

22 აპრილს, ქ. რუსთავის #26 საჯარო სკოლის საგრანტო პროექტის "ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში" ფარგლებში განხორციელდა გამწვანების აქცია - ნერგების დარგვა ქ. რუსთავის ბავშვთა რკინიგზის და #26 სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. პროექტის მიზანია სკოლის მიმდებარე ტერიტორიის თემის საყოფაცხოვრები პირობების გაუმჯობესება ეკოლოგიური აქციის გზით. ეკოლოგიური აქციის წინა დღეს, 21 აპრილს სასკოლო სამოქალაქო კლუბის და სკოლის თვითმმართველობის წევრებმა დაამზადეს საინფორმაციო ლიფლეტები, რომლითაც მოსახლეობას გააცნეს პროექტი და მოუწოდეს მონაწილეობის მიღებისკენ.პროექტით გათვალისწინებულ გამწვანების აქციას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა, განხორციელდა პროექტის ერთ-ერთი ეტაპი და ასევე მოხდა ამ აქციის დაკავშირება „დედამიწის დღესთან“. მონაწილეობას იღებდნენ: ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაქირავებული 10 მუშა, 30 სკოლის მოსწავლე და თემის წარმომადგენლები, რომლებმაც ევკალიპტის 100 ნერგი დარგეს.
დაქირავებულმა მუშებმა ამოთხარეს ნერგებისთვის საჭირო ორმოები და დაეხმარნენ მოსწავლეებს ნერგების დარგვაში. აქციის მონაწილეებმა მიიღეს მითითებები და რჩევები თუ შემდეგ როგორ უნდა გააგრძელონ ხეების მოვლა და რას უნდა მიაქციონ ყურადღება.
პროექტის წევრებმა გადაიღეს საჭირო ფოტო მასალა და აიღეს აქციის მონაწილეებისგან ინტერვიუ იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ მოცემულ ღონისძიებაზე და თვითონ პროექტზე.
22 აპრილის ეკოლოგიური აქცია გაშუქდა ქ. რუსთავის ადგილობრივი ტელევიზიის „ქვემო ქართლის“ მიერ.

ხეების დარგვა ქვემო ბოლნისის #1 და #2 საჯარო სკოლების ტერიტორიაზე

21 აპრილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა განახორციელა საგრანტო პროექტით - "ხელი ხელს", გათვალისწინებული პირველი ეტაპი, კერძოდ ხეების დარგვა სკოლების ეზოებში. 
პროექტი "ხელი ხელს" ემსახურება არაქართული სოფლის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების მოხალისეობრივი კულტურის გაძლიერებას. ხეების დარგვაში მონაწილეობდა 40-მდე მოხალისე: 30 მოსწავლე, 5 მასწავლებელი და თემის წარმომადგენლები. მათ 40 ნერგი, სხვადასხვა ხის ჯიშის: ვაშლი, მსხალი, ბალი, ბროწეულის და სხვა, დარგეს ორი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ქვემო ბოლნისის #1 და #2 საჯარო სკოლების ეზოებში.
ქვ. ბოლნისის #1 საჯარო სკოლის კლუბ "ხელი ხელს" წევრებმა, თავიანთი სკოლის ეზოში ხეების დარგვის შემდეგ მცირე მსვლელობა მოაწყვეს ქვემო ბოლნისის #2 საჯარო სკოლამდე, სადაც ასევე დარგეს ნერგები.
გრანტის ფარგლებში კლუბ "ხელი ხელს" გადაეცა ციფრული ფოტოკამერა, რომლითაც იქვე გადაიღეს აქტივობის ამსახველი ფოტოები და ჩაწერეს ვიდეო-ინტერვიუები აქციის მონაწილეებთან.
ამ ღონისძიებით ქვემო ბოლნისის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს გამოცდილება მოხალისეობის კუთხით და განახორციელეს მთელი თემისთვის სასარგებლო სამოქალაქო აქტივობა.

Thursday 19 April 2012

სამუშაო შეხვედრები მარნეულის სასკოლო სამოქალაქო კლუბებთან

19 აპრილს სიქა-ს წარმომადგენლები "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ეწვივნენ პროგრამაში ჩართულ სკოლებს ქ.მარნეულში, კერძოდ მარნეულის #2, #3, #5, #7, #8 სკოლების დირექტორებს, სამოქალაქო განათლების პედაგოგებსა და კლუბის წევრებს. შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრამის მიმდინარეობის, სასკოლო სამოქალაქო კლუბების საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

Friday 13 April 2012

კონკურსი სასკოლო სამოქალაქო კლუბებისათვის ტექნიკის გადაცემის შესახებ

PH International  აცხადებს კონკურს სასკოლო სამოქალაქო კლუბებისათვის ტექნიკის გადაცემის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროგრამის პარტნიორ სკოლებს, რომლებშიც შექმნილია სასკოლო სამოქალაქო კლუბი 2012 წლის 1 აპრილამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ განაცხადში მითითებულ კრიტერიუმებს. იხ. თანდართული განაცხადის ფორმა. ეს ფორმა ატვირთული იქნება ასევე http://civics.ge/ - ზე
კონკურსი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა რეგიონში მოქმედი და წარმატებული კლუბების წახალისებისა და მათი მიღწევების აღიარებისათვის., ასევე სკოლებში სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის ხაზგასმისათვის.
კონკურსში  გამარჯვებულებისათვის გათვალისწინებულია ძალიან სოლიდური პრიზები, რომელთა ჩამონათვალს იხილავთ თანდართული განაცხადის ფორმის პირველივე გვერდზე. სულ მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია 60-ამდე სასკოლო სამოქალაქო კლუბის დაჯილდოება.
კონკურსში მონაწილეობისათვის შევსებული განაცხადის ფორმა და მოთხოვნილი დანართები კლუბებმა უნდა წარმოადგინონ 2012 წლის 7 მაისს, 18:00 საათამდე. მათ შეუძლიათ განაცხადების წარმოდგენა სიქა-ს ოფისში ან ელექტრონულად თანდართულ ფაილში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე.

Thursday 12 April 2012

"დარგე ხე, გაამწვანე რუსთავი"

11 აპრილს ქ.რუსთავის №20 საჯარო სკოლის საგრანტო პროექტის "დარგე ხე, გაამწვანე რუსთავის" ფარგლებში სკოლის ეზოში დაირგო 80 ძირი ხე. მათ შორის ნაძვი, კიპარისი, ნეკერჩხალი, ცაცხვი, სირიის ვარდი და კვიდო. პროექტის მიზანია სასკოლო სამოქალაქო კლუბმა გადაჭრას თემის პრობლემა, გაამწვანოს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და თემის წარმომადგენლებიც ჩართოს ამაში.  
ნერგების დარგვაში სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების გარდა აქტიურად მონაწილეობდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და თემის წარმომადგენლებიც. ნერგები დაირგო სამ ადგილას სკოლის წინ და უკან.
სამოქალაქო კლუბ "Friendship club"-ის წევრებმა ჩატარებული აქცია ასახეს ფოტო და ვიდეო მასალაზე, რომელსაც განათავსებენ კლუბის ბლოგზე.

Tuesday 10 April 2012

სოც.მედიის ტრენინგები

7-8 აპრილს სიქა-ს ოფისში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგები, რომელსაც დაესწრო კრწანისის, მარნეულის #5, რუსთავის #10, #13, #16, #22, #23, #26 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები, სულ10 მოსწავლე. ტრენინგებს უძღვებოდნენ GIPA-ს მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებმაც მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია სოც.მედიის ისტორიის, მიზნებისა და შედეგების შესახებ. მოსწავლეები ორდღიანი ტრენინგების განმავლობაში დაეუფლნენ სოც.მედიის ინსტრუმენტებს, შექმნეს საკუთარი ბლოგები, რომლითაც მონაწილეობას მიიღებენ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ჩატარებული ბლოგერების კონკურსში.

Thursday 5 April 2012

სამოქალაქო კლუბების მოდებატეთა საყურადღებოდ

რუსთავის მასშტაბით დაიგეგმა შიდა შესარჩევი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში" ჩართულ სკოლებს.
სკოლიდან თამაშობს მხოლოდ 2 გუნდი.
ტურნირის რეზოლუციაა: "სიკვდილით დასჯა გამართლებულია";
ფორმატი: კარლ პოპერი/ფასეულობათა;
თარიღი: 11 აპრილი, 15:00-17:00სთ
ჩატარების ადგილი: რუსთავის #11 საჯარო სკოლა.
ამ ტურნირის მიზანია გამოავლინოს 5 საუკეთესო გუნდი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ დებატების რეგიონთაშორის ტურნირზე.
შიდა შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა სკოლის სახელი, გუნდის სია და 1 საკონტაქტო პირის ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ნინი ვარდიაშვილს ელ.ფოსტაზე ninivardiashvili@gmail.com. ტურნირზე რეგისტრაცია შესაძლებელია 7 აპრილამდე.
დარეგისტრირდით და დაიწყეთ ქეისზე მუშაობა!
გისურვებთ წარმატებებს!

Tuesday 3 April 2012

ტრენინგები "კარლ პოპერის ფორმატში"

დაიწყო რეგიონთაშორისი ტურნირისთვის მზადება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  ქვემო და შიდა ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოდებატეები.
31 მარტსა და 1 აპრილს სსიპ რუსთავის #22 საჯარო სკოლამ უმასპინძლა ტრენინგებს "კარლ პოპერის ფორმატის" სწავლებაში. ტრენინგებს უძღვებოდნენ 13 წლიანი გამოცდილების მქონე მოწვეული ტრენერები. კრწანისის, ლემშვენიერას, ნორიოს, გამარჯვების, სართიჭალის #1, #2 და რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები დაეუფლნენ დებატების "კარლ პოპერის ფორმატის" შინაარსობრივ და ტექნიკურ მხარეს.
სულ ჩატარდა 4 ტრენინგი, რომელსაც 45 მოსწავლე დაესწრო.

ტრენინგი სოც.მედიაში

31 მარტი-1 აპრილს სიქა-ს ოფისში ჩატარდა ტრენინგი სოც.მედიის გამოყენების თემაზე. ტრენინგს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები. ვახტანგისის #2, კოდის, კუმისის, გამარჯვებისა და რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები გაეცვნენ სოც.მედიის წარმოშობის ისტორიას, შეისწავლეს სოც.მედიის სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ საკლუბო მუშაობის გაშუქებისათვის. ტრენინგს უძღვებოდნენ GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) სტუდენტები.