Monday 28 May 2012

ახალი კონკურსი

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა (ACETT), რომელსც ახორციელებს PH International და აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID),  აცხადებს დოკუმენტური ფილმების სცენარების კონკურსს.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებგვერდზე: http://sandroasatiani.com/_blogcontest/index.php/scenarebiskonkursi/1464-docfilmscriptcontestanouse
გამარჯვებული სცენარების ავტორები გაივლიან ტრენინგს კინოდოკუმენტალისტიკაში. მათ ასევე მიეცემათ საკუთარი სცენარის მიხედვით ფილმის გადაღების საშუალება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თქვენი სცენარი და პროექტი გააგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sandro.asatiani@ph-int.org
შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მისწეროთ სცენარების კონკურსის ფეისბუკის ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/354613861267262/ 
სცენარებისა და პროექტების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 21 ივნისი.
ტრენინგები გამარჯვებულთათვის ჩატარდება 2012 წლის ივლისში ხოლო ფილმის გადაღება მოხდება 2012 წლის აგვისტოში.

Friday 18 May 2012

ბიბლიოთეკის გახსნა სოფ. ძველი ქვეშის საჯარო სკოლაში


17 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქვეშის სკოლის მიერ მოპოვებული საგრანტო პროექტის  „ბიბლიოთეკა – ნაბიჯი ინტეგრაციისთვის“ ფარგლებში განხორციელდა პროექტის ბოლო ეტაპი, სკოლის შენობაში ბიბლიოთეკის გახსნა.
სოფ. ძველი ქვეშის საჯარო სკოლაში სწავლების ენა აზერბაიჯანულია; მოსწავლეების უმრავლესობამ ძალიან ცოტა რამ იცის ქართველ მწერლებსა და მათ ნაწარმოებების შესახებ, ისიც მხოლოდ სახელმძღვანელოებიდან, რაც ხელს უშლის აზერბაიჯანელი მოსწავლეების ინტეგრაციას ქართულენოვან საზოგადოებაში, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის გრძნობის განვითარებას. სკოლაში ქართული წიგნები მცირე რაოდენობითაა და ბიბლიოთეკის არარსებობის გამო დირექტორის კაბინეტში ინახება. ქართული კულტურის არცოდნა იწვევს აზერბაიჯანელი ეთნოსის მოსახლეობის  გაუცხოებას, ჩაკეტვას საკუთარ თემში.      
სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად პროექტი „ბიბლიოთეკა – ნაბიჯი ინტეგრაციისთვის“, რომლის ფარგლებშიც სოფ. ძველი ქვეშის საჯარო სკოლაში ქართულენოვანი ბიბლიოთეკა მოეწყო. საგრანტო პროექტით მიღებული დაფინანსებით შეძენილ იქნა წიგნები და თაროები. ასევე მოხდა ადგილის გამოყოფა სკოლის მესამე სართულზე, ოთახის დასუფთავება და კეთილმოწყობა, ბიბლიოთეკის იერსახის მიცემა.  სკოლაში უკვე არის  ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, მრავალფეროვანი ლიტერატურა, რომლითაც ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ ქართული ენისა და სხვა საგნების პედაგოგებიც და მშობლებიც. პროექტის მთავარი მიზანი არის ის, რომ აზერბაიჯანულ სოფელში ქართულენოვანი ბიბლიოთეკის სახით გაჩნდეს ერთგვარი ქართული ნიშა, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა და ზოგადად თემის ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში. ქართული კულტურის გაცნობა ხელს შეუწყობს მათში საქართველოს მოქალაქეობის შეგრძნების განვითარებას.
წიგნების ნაწილი პროექტის წევრებმა იყიდეს დაფინანსებით გამოყოფილი თანხით, ნაწილი კი შეაგროვეს მოხალისეობრივ საწყისებზე.
ღონისძიებას დაესწრნენ PH International - წარმომადგენლები: ინგა ქიბროწაშვილი- საგრანტო პროექტების მენეჯერი და სანდრო ასათიანი- სოც. მედიის კოორდინატორი. ააიპ სიქა-ს წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკას გადასცეს წიგნები და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები.
ღონისძიების დასასრულს, სანდრო ასათიანმა დამსწრე საზოგადოებას,  სკოლის მოსწავლეებს გადასცა და გააცნო თავისი საბავშვო წიგნები და ჟურნალები, გააკეთა მათი ელ. პრეზენტაცია. ასევე სკოლის მოსწავლეებს მოუტანა გასაფერადებელი ნახატები წიგნებიდან და  დრო დაუთმო მათ გაფერადებას მოსწავლეებთან ერთად.
ბიბლიოთეკის გახსნაში მონაწილეობას იღებდნენ: 30 მოსწავლე, 10 მასწავლებელი, 10 თემის წარმომადგენელი, ბოლნისის რესურს ცენტრის 2 წარმომადგენლი.
პროექტის მთავარი მიზანი– ბიბლიოთეკა მუდმივად იფუნქციონირებს და იმუშავებს. მომავალში ბიბლიოთეკაში მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, როგორიცაა პოეზიის საღამოები, შეხვედრები ქართველ მწერლებთან, პოეტებთან, კინოჩვენებები და ა.შ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სკოლაში უკვე არსებობს საინიციატივო ჯგუფი, რომლის დახმარებითაც მოეწყო ბიბლიოთეკა, ეს იქნება ძალიან კარგი და მყუდრო ადგილი მომავალში სამოქალაქო კლუბის მუშაობისთვის.

Wednesday 16 May 2012

ვიზიტი ბოლნისის მოხუცებულთა სახლში "ჭაღარა"


15 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის  #1 საჯარო სკოლის მიერ მოპოვებული საგრანტო პროექტის  „ხელი- ხელს“   ფარგლებში განხორციელდა მორიგი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პროექტის წევრები და ქვემო ბოლნისის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ეწვივნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ მოხუცთა სახლს „ჭაღარა“.
ააიპ სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია 2011 წლის გაზაფხულზე ესტუმრა მოხუცებულთა სახლს „ჭაღარა“, სიქას წევრებმა გაითვალისწინეს ქვემო ბოლნისის პროექტის ეს ეტაპი და მოამზადეს მინი-ვიდეო, სადაც წინა შეხვედრა ნათლად იყო აღბეჭდილი. დღეს მოხდა ამ ვიდეოს პრეზენტაცია ხანდაზმულებთან. ქვემო ბოლნისის #1 სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე და წაუკითხეს დამსწრე საზოგადოებას. ერთ-ერთმა ნიჭიერმა მოსწავლემ დაუკრა აზერბაიჯანულ ნაციონალურ ინტსრუმენტზე, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მონაწილეები მოხუცებს გაუმასპინძლდნენ მათივე სოფლის ხილით, რომელიც ამ სკოლების მოსწავლეების მოხალისეობით იქნა შეგროვებული, ასევე გადაეცათ ტკბილეულობა და წიგნები, რომლის ნაკლებობას ძალიან განიცდიდნენ. მოხუცები საკმაოდ კმაყოფილები დარჩნენ განვლილი დღით, სტუმრებით და მიღებული საჩუქრებით.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: 20 მოსწავლე, 4 მასწავლებელი, მოხუცებულთა სახლში მყოფი 10 ხანდაზმული.
საგრანტო პროექტის „ხელი-ხელს“ ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებაში ჩაერთო 3 უცხოელი მოხალისე, ორი რუმინელი დანიელ ტროფინი და რეზვან ალისტარი, ასევე პოლონელი ბლანკა რუდნიცკა, რომლებმაც  აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს და მოხუცთა სახლის წევრებს, თვითონ მოხუცებს გაუზიარეს  მოხალისეობის ევროპული გამოცდილება, პროექტის წევრებს დაეხმარნენ ღონისძიების წარმართვაში.
ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ „ბოლნელი“.

Sunday 13 May 2012

გამოვლინდნენ ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულნი

გამოვლინდნენ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში მიმდინარე ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულნი, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდივდებიან. ბლოგერების კონკურსი 7 ნომინაციაში PH-International-მა თებერვლის ბოლოს გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს 11 რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებს შეეძლოთ. გამარჯვებულთა შორის ქვემო ქართლის რეგიონიდან არის სსიპ ქ.რუსთავის №15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "მე-აქტიური მოქალაქე" ერთ-ერთი ლიდერი მარიამ მხეიძე, რომელმაც ნომინაციაში "სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი" მეორე ადგილი დაიკავა. ვულოცავთ მარიამს ამ წარმატებას!

Tuesday 1 May 2012

მორიგი ონლაინ კონფერენცია

1 მაისს პროგრამის ფარგლებში PH International-მა მორიგი ონლაინ კონფერენცია გამართა, რომელზეც მოწვეული სტუმარი იყო ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი დელ ჰარნიში. ონლაინ კონფერენციას შეუერთდნენ სამოქალაქო კლუბის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. რუსთავის სკოლების მოსწავლეები „სიქაში“ შეიკრიბნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში.
კონფერენციის მთავარი თემა სამოქალაქო აქტივობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და  დემოკრატიის მნიშვნელობა იყო
.კონფერენციის პირველ ნაწილში სტუმარმა ამერიკის შეერთებული შტატებში  სამოქალაქო სექტორის მნიშველობასა და დანიშნულებაზე ისაუბრა, ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და სამოქალაქო კლუბის წევრებს კონკრეტული რჩევები მისცა.  
კონფერენციის დასრულების შემდეგ „სიქაში“ შეკრებილმა ახალგაზრდებმა კონფერენციის ერთგვარი განხილვა და რეზიუმე გააკეთეს, მათივე თქმით, გამოცდილი ადამიანის მოსაზრება და რჩევები მათთვის ძალიან საინტერესოა და აუცილებლად გამოიყენებენ კლუბებში მუშაობის დროს.
კონფერენციას „სიქას“ ოფისში 16 ადამიანი დაესწრო.