Friday 15 June 2012

საზაფხულო ბანაკები იწყება

იწყება მონაწილეთა შერჩევა 2012 წლის საზაფხულო ბანაკებისათვის. სულ იქნება ბანაკის 3 ნაკადი. თითოეულ ნაკადში მონაწილეობას მიიღებს 90 მონაწილე. ბანაკებს, შარშანდელის მსგავსად, ორგანიზებას გაუწევს „სიქა“ „მზიან სახლთან“ ერთად. ბანაკები ჩატარდება ისევ ბაზალეთზე, თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრში. ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღები შემდეგია:
  • პირველი ნაკადი - 30 ივნისი - 5 ივლისი
  • მეორე ნაკადი - 20 ივლისი - 25 ივლისი
  • მესამე ნაკადი - 31 ივლისი - 5 აგვისტო
ქვემო ქართლის რეგიონიდან სულ წავა 30 მოსწავლე (მე-9 და მე-10 კლასები).
ბანაკში წასვლის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომელიც უნდა ჩამოტვირთონ ლინკიდან:  
https://docs.google.com/open?id=0B2AGUeFnHJiMWGp5ZE90MTdhVTg 
და შევსებული სახით გადმოაგზავნონ ელ.ფოსტაზე  civic.siqa@gmail.com 18 ივნისს დღის ბოლომდე.
გისურვებთ წარმატებებს!

Tuesday 12 June 2012

ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში

12 ივნისს სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის მოეწყო ვიზიტი  პრეზიდენტის სასახლეში.
ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში ჩართული ქვემო ქართლის რეგიონის 8 საჯარო სკოლის (მარნეულის #5, ბოლნისის #5, ასურეთის, კუმისის, რუსთავის #1, #13, #22 და #23 საჯარო სკოლები) 16 მოსწავლემ და 4 სამოქალაქო კლუბის მეურვემ. ამის გარდა, ვიზიტის მონაწილეები იყვნენ სიქა-ს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები და ევროპელი მოხალისეები. ვიზიტი მონაწილეებისათვის საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, პრეზიდენტის სასახლის გიდის დახმარებით მონაწილეებმა დაათვალიერეს სასახლის სამივე სართული, კერძოდ: პრეზიდენტის საჩუქრების (სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირების მიერ ნაჩუქარი სამახსოვრო ნივთები) ოთახი, გაეცვნენ მე-11 საუკუნის უნიკალური მოოქროვილი ბიბლიის ისტორიას, რომელიც სრულიად საქართველოს პატრიარქმა უნეტარესმა და უწმინდესმა ილია II-მ უსახსოვრა პრეზიდენტს, იხილეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზი, სადაც იმართება დახურული სხდომები. 
ვიზიტის ყველა წევრს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

Monday 11 June 2012

ძველი ქვეშისა და ქვემო ბოლნისის სამოქალაქო კლუბების წევრები რუსთავის იუსტიციის სახლს ეწვივნენ

7 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ძველი ქვეშის საჯარო სკოლისა და სოფ. ქვემო #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრები და კლუბის მეურვეები ქ. რუსთავის იუსტიციის სახლს ეწვივნენ.  აზერბაიჯანელი  მოსწავლეები ადგილზე გაეცვნენ  იუსტიციის სახლის სერვისებს, სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სამსახურების მიერ მოქალაქეებისათვის შეთავაზებულ მომსახურეობას.
ვიზიტის შემდეგ მოსწავლეები ეწვივნენ ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის ოფისს, სადაც ისინი კიდევ ერთხელ გაეცვნენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას, მის მიზნებსა და პრიორიტეტებს.
ევროპელმა მოხალისეებმა აზერბაჯანელ მოსწავლეებს ჩაუტარეს ინტერაქტიული ვორკშოპი, რომლის მიზანი მათ ინტეგრაციის ხელშეწყობა და სამოქალაქო გააქტიურება იყო.
სამოქალაქო კლუბების წევრები შეხვედრით კმაყოფილნი დარჩნენ, დასახეს მომავალი აქტივობების გეგმები.

სოც.მედიის ტრენინგები მარნეულის №3 საჯარო სკოლაში

9-10 ივნისს მარნეულის №3 საჯარო სკოლაში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგები, რომელსაც დაესწრო მარნეულის №2, №3, №6 და №8 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები, სულ 15 მოსწავლე. ისტ ტრენერმა ხათუნა ციხელაშვილმა თავდაპირველად გააცნო სოც.მედიის დანიშნულება და პროგრამის ფარგლებში შექმნილი პორტალი. ტრენინგის მონაწილენი დარეგისტრირდნენ ელ.ფოსტაში და შექმნეს საკუთარი ბლოგები, ისწავლეს ინფორმაციის განთავსება და სხვადასხვა შაბლონების გამოყენებით ბლოგის დიზაინის შეცვლა. აღნიშნული სკოლები არის არაქართული და ტრენინგი მიმდინარეობდა ქართულ და რუსულ ენებზე. 
სოც.მედიის ტრენინგმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეთა მხრიდან. 17 ივნისს ტრენინგის შემაჯამებელ შეხვედრაზე ტრენინგის მონაწილენი აპირებენ მოაწყონ თავიანთი სასკოლო სამოქალაქო კლუბების ბლოგების პრეზენტაცია .

Sunday 10 June 2012

სოც.მედიის ტრენინგი წალკის №1 საჯარო სკოლაში

9-10 ივნისს წალკის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგები, რომელსაც დაესწრო ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის "აისი" 12 წევრი. ტრენინგის მონაწილენი გაეცვნენ სოც.მედიის დანიშნულებას, დარეგისტრირდნენ ელ.ფოსტაში და შექმნეს საკუთარი ბლოგები, ისწავლეს პოსტების და გაჯეტების დამატება. ტრენინგზე ვერ განიხილეს სოც.მედიის ისეთ ქსელები, როგორიცაა Facebook და Youtube, რადგან სკოლის ინტერნეტით ისინი დაბლოკილია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა კლუბის წევრთა უმეტესობა დარეგისტრირებულია Facebook-ზე. ტრენინგი ჩაატარა "სიქა"-ს ტრენერმა ეთერი პაიჭაძემ, რომელმაც კლუბ "აისის" წევრებს ასევე გააცნო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში შექმნილი პორტალი http://civics.ge/ და ბლოგი http://civic-siqa.blogspot.com/, რომელზეც ასახულია ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის მიდინარეობა. 
კლუბის "აისი" წევრებმა გადაწყვიტეს შექმნან კლუბის ბლოგი და დაგეგმეს რამოდენიმე თემაზე გამოკითხვის ჩატარება თემში, რომლის შესახებ ინფორმაციასაც განათავსებენ ბლოგზე.

Monday 4 June 2012

ქვემო ბოლნისის #1 საჯარო სკოლის აზერბაიჯანელი მოსწავლეები სტუმრად ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრში

30 მაისს ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისის #1 საჯარო სკოლის აზერბაჯანული სამოქალაქო კლუბის „ხელი ხელს“ წევრები და ამავე სკოლის სხვა მოსწავლეები (სულ 20 მოსწავლე) და მასწავლებლები (ამავე რაიონის სოფელი ბერთაკარისა და ცურტავის სკოლებიდან) სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებო სარეაბილიტაციო ცენტრში ,,განთიადი".
 ქვემო ბოლნისის აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებმა სსსმ მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს შინ დამზადებული ტკბილეული, ახალი ხილი.
 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებმა (12 მოსწავლე) მოაწყვეს თავიანთი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ბოლნისელმა მოსწავლეებმა შეიძინეს სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადის“ მოსწავლეების ნამუშევრები, გამოფენა-გაყიდვით მიღებული შემოსავალი მოხმარდება ცენტრის რესურსების გამდიდრებას. 
ქვემო ბოლნისის მოსწავლეებმა მოაწყვეს პოეზიიის საღამო, აზერბაიჯანელმა ბავშვებმა წაიკითხეს ქართული ლექსები. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სახალისო თამაშები, რამაც ძალიან შეუწყო ხელი აზერბაიჯანელი და სსსმ მოსწავლეების ინტეგრაციას.  ორივე სკოლის მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ, დამეგობრდნენ და კვლავაც გამოთქვეს შემდგომში შეხვედრის სურვილი.

მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ჩემებმა“ ბავშვთა დღე „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნეს

მარნეულის #8 აზერბაიჯანული საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს 1 ივნისი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის მიელოცათ და ტკბილეული წაეღოთ საჩუქრად.
მოსამზადებელი პერიოდი კლუბის წევრებმა აქტიური მუშაობისთვის გამოიყენეს, სკოლაში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბავშვებისთვის ტკბილეული შეეგროვებინათ, ამისთვის მათ სპეციალურად პლაკატიც დახატეს და ქართულ-აზერბაიჯანულად დაწერეს  ტექსტი: "გავახაროთ ბავშვები!  გავაკეთოთ სიკეთე! "
 კლუბის წევრებმა სკოლის რამდენიმე მონაწილესთან ერთად შეაგროვეს ტკბილეული (შოკოლადები, კანფეტები, ორცხობილა)  და 1 ივნისს ესტუმრნენ თბილისში  ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო"-ს დღის ცენტრს. ამ ორგანიზაციის დირექტორთან ქ. მაგული შაღაშვილთან წინასწარი შეთანხმების  საფუძველზე ცენტრის თანამშრომლები ელოდებოდნენ მარნეულელ სტუმრებს.  მარნეულიდან „პირველ ნაბიჯს“ 15 მოსწავლე და 4 პედაგოგი ეწვია.
"პირველი ნაბიჯი"-ს სპეც. პედაგოგების დახმარებით,  "ჩემები"-ს წევრებმა და ცენტრის ბენეფიციარებმა ბევრი სახალისო აქტივობა განახორციელეს, დახატეს საღებავებით, ქაფებით, გამოიყენეს სხვადასხვა მასალები და გააკეთეს უმშვენიერესი პლაკატები, იცეკვეს ერთად და დიდი მხიარულებითაც დაასრულეს სტუმრობა.
 "ჩემები"-ს წევრებს შ.შ.მ. ბავშვებმა ერთად გაკეთებული პლაკატები უსახსოვრეს და გულთბილად გამოემშვიდობნენ... რთულია იმ ემოციის და სიხარულის გადმოცემა, რასაც სტუმრები თუ მასპინძლები განიცდიდნენ...
  "ჩემების" წევრებმა ავტობუსში ჩასხდომისთანავე გამოთქვეს სურვილი, რომ  კიდევ დიდი სიამოვნებით მოვიდოდნენ ცენტრში ბავშვებთან სტუმრად :)
სამოქალაქო კლუბის ტრანსპორტირება უზრუნველყო ქ.მარნეულის მუნიციპალიტეტმა.  აქტივობის მომზადებაში ასევე აქტიურად იყნენ ჩართულნი მარნეულის #8 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები. 
1 ივნისს   კლუბ "ჩემების"  წევრებმა და  შ.შ.მ. ბავშვებს  არაჩვეულებრივად დიდი ემოციები დაუტოვეს.. კლუბი მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების განხორციელებას.    

შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში

18 მაისს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები  შეხვდნენ ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს. შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცვნენ ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების გეგმას, თითოეული ქალაქის, დაბისა და რაიონის განვითარებისათვის დასახულ პროექტებს.
სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წევრებს გააცვნეს რეგიონის ახალგაზრდების პრობლემები, ინტერესები.
მოსწავლეებმა ინიციატივით მიმართეს სამხარეო ადმინისტრაციას, ქ. რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქციის ფარგლებში გაითვალისწინონ ახალგაზრდების თხოვნა, პარკში მოეწყოს „სკეიტბორდების მოედანი“.
სამხარეო ადმინისტრაციის წევრებმა ასევე აცნობეს სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებს, რომ მათ მოთხოვნის პასუხად ქალაქ რუსთავის რამდენიმე უბანში იგეგმება ველოსადგომების მოწყობა.

Saturday 2 June 2012

ქ. მარნეულის #8 საჯარო აზრბაიჯანული სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ინიცირებული არჩევნები მოაწყვეს ქართულ ენაზე


24 მაისს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ქ. მარნეულის №8 აზერბაიჯანული სკოლის სამოქალაქო კლუბ  "ჩემების" მიერ ინიცირებული არჩევნების პროცესი. კლუბის წევრებმა გაინაწილეს საარჩევნო კომისიის წევრების, დამკვირვებლების და ამომრჩევლების ფუნქცია/მოვალეობები და მთელი პროცესი ქართულ ენაზე წარმოადგინეს. არჩევნების პროცესში მონაწილეობდნენ: ალი გარიბოვი - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, შამილ აზიზოვი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რუსლან გარაბაღლი - მდივანი, I რეგისტრატორი - ნურადინ მუსტაფაევი, II რეგისტრატორი - ზუმრუდ ნაბიევა და  III რეგისტრატორი - რაუფ კარაევი, ყუთთან მდგომი კომისიის წევრი - ვუსალ დურსუნოვი, ნაკადის მარეგულირებელი - ილქინ ჰასანოვი, დამკვირვებელი - ორხან ჰასანოვი და წამყვანი - შაჰინ ახუნდოვი. ღონისძიება იყო დახურული და ესწრებოდნენ მხოლოდ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომლები და კლუბის წევრები. 
   იმიტირებული არჩევნების გამართვა დიდი მნიშვნელობის იყო კლუბის თითოეული წევრისთვის, რადგანაც მათ პრაქტიკაში მოახდინეს იმ ცოდნის გადმოტანა და გათავისება, რაც თეორიულად უკვე შესწავლილი ჰქონდათ. ეს იყო კლუბის კიდევ ერთი აქტივობა, რომელიც  მოსწავლეებმა წარმატებით შეასრულეს და კიდევ უფრო მეტად გახდნენ კლუბის საქმიანობით დაინტერესებულები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მარნეულის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ

ქ. მარნეულის №8 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა "ჩემები", №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა "ლელვარი"  და #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა "ნათელი მომავალი" 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, აღნიშნეს ერთობლივი ღონისძიებით. "ჩემები" სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა დაამზადეს ინფორმაციული სახის პლაკატები- "26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა", რომელიც 2 ენაზე ქართულად და აზერბაიჯანულად იყო წარმოდგებილი და მხატვრულად გაფორმებული. კლუბის წევრებმა ასევე  ფერადი ქაღალდებით დაამზადეს გადასაშლელი მისალოცი ბარათები ტექსტით - "გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს" და "მე <3 საქართველო" . კლუბის წევრებმა ბარათები დაურიგეს მარნეულის მოქალაქეებს და ამ ფორმითაც მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე.

   ღონისძიება დაიწყო მშვიდობიანი აქციით, რომელსაც ესწრებოდა №8 საჯარო სკოლის დირექტორი ელმან ჯაფარლი და რამოდენიმე პედაგოგი. მოწვეული იყო ადგილობრივი ტელევიზია, რომლის მეშვეობითაც კლუბის წევრებმა მარნეულის მოსახლეობას მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე.
   ღონისძიება გაგრძელდა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა  26 მაისის იტორიული მიმოხილვა შემოგვთავაზა, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზე გადაითარგმნა ცენტრის თანამშრომლის ზაურ დარგალის დახმარებით. ისტორიული მოხსენების შემდეგ საღამო გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელიც დასრულდა თითოეული წევრის მიერ გამოთქმული სურვილით, თუ როგორ საქართველოში სურდათ ცხოვრება. "მინდა საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი, ძლიერი...შევიდეს ნატოში...ყოველთვის იყოს დამოუკიდებელი ..." და ა.შ.
   ღონისძიება დასრულდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენებით "საქართველო 1918-1921 წლებში".
     კლუბის წევრებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია 26 მაისთან დაკავშირებით და კმაყოფილები დარჩნენ ერთობლივი მუშაობით. 

Friday 1 June 2012

ბავშვთა დაცვის დღე

1 ივნისს, სიქა - საგანმანთლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ბავშვთა საერთაშორისო დღეს სახვდასხვა აქტივობებით შეუერთდა.
თავდაპირველად, რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბებს შორის მოეწყო 2 სახის კონკურსი:  პლაკატების კონკურსი თემაზე “ბავშვი და ჯანსაღი ცხოვრება“ და ფოტო კონკურსი თემაზე „ბავშვთა უფლებები“. კონკურსში გაიმარჯვეს რუსთავის #1 და #10 საჯარო სკოლის კლუბებმა. გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
სიქას უცხოელმა მოხალისეებმა სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს(FLASHMOB, თამაშები, ეკო ბორბალის აწყობა).
მოეწყო სკეიტებისა და როლიკების საჩვენებელი რბოლა. სპორტის ამ სახეობის მოყვარულებმა სიმბოლურად მოაწერეს ხელი პოსტერს და შეუერთდნენ  მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სურს სკეიტ პარკინგიის მოწყობა რუსთავში.