Wednesday 26 September 2012

მცირე გრანტების საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულში

26 სექტემბერს, 15:00 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, USAID, ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მცირე გრანტების საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრას დაესწრნენ მარნეულის #8, #6, #5, ნახიდურის, ალგეთის #1, ქაფანახჩის, ტალავერის #1 და ცოფის საჯარო სკოლების წარმომადგენლები, სულ - 7 პედაგოგი და 20 მოსწავლე.
მცირე გრანტების მენეჯერმა ქვემო ქართლის რეგიონში, ცირა თავშავაძემ დეტალურად აღწერა ყველა პუნქტი, რაც საჭიროა პროექტის აპლიკაციის შესავსებად და რა სახის დოკუმენტების მომზადება იქნება საჭირო.
შეხვედრის ბოლოს მარნეულის #6 და ქაფანახჩის სკოლის სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლებს აქციაში „გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში“ მონაწილეობისთვის გადაეცათ საჩუქრად საკანცელარიო მასალა, რომელსაც შემდეგ გამოიყენებენ სამოქალაქო კლუბის მუშაობაში.

Monday 24 September 2012

რეგიონთაშორისი საჯარო დებატები „არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა იყოს“


14 სექტემბერს, 13:00 საათზე, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში(USAID), სიქას ორგანიზებით მოეწყო რეგიონთაშორისი საჯარო დებატი თემაზე „არჩევნებში მონაწილეობა კანონით სავალდებულო უნდა იყოს“. დებატებში მონაწილეობას იღებდა ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის მოდებატეთა გუნდები. გუნდების შემადგენლობაში იყვნენ სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები, რომლებმაც „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში მოწყობილ დებატების და საზაფხულო სამოქალაქო ბანაკში გაიღრმავეს დებატებისა და პრეზენტაციის უნარები, გაიცნეს ერთმანეთი და დაგეგმეს ერთობლივი რეგიონთაშორისი აქტივობები.
საჯარო დებატის ფორმატი, სხვა ფორმატისგან იმით გამოირჩევა, რომ  აუდიტორიის ნებისმიერ წევრს საშუალება აქვს რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს ჩაერთოს თამაშის მიმდინარეობაში, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და სურვილის შემთხვევაში შეკითხვები დაუსვას მომხსენებლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები, რომლებიც აუდიტორიიდან აქტიურად ჩაერთვნენ დებატებში, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები,  მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში.
"ძალიან იშვიათია შემთხვევა, რომ დღეს ჩვენს საზოგადოებაში იკრიბებოდეს ვინმე და მსჯელობდეს არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულებაზე, არჩევნების ორგანიზების ფორმებზე და სხვა მსგავს თემებზე, დღევანდელი დებატები გვარწმუნებს იმაში, რომ აქტიური მოქალაქეების თაობა იზრდება" - განაცხადა შეხვედრის დასასრულს საგანმანათლებლო დებატების ექსპერტმა ქ-მა ნინო ბერიშვილმა.

Friday 21 September 2012

საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრები

20 სექტემბერს სიქა-ს წარმომადგენლები ეწვივნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის #1, #2, ქესალოს, ქ. გარდაბნის #1 და #3 საჯარო სკოლებს. საგრანტო კონკურსების მენეჯერმა ცირა თავშავაძემ  სკოლის დირექტორებსა და სასკოლო სამოქალაქო კლუბების მეურვეებს გააცნო საგრანტო კონკურსის პირობები. შეხვედრის დასასრულს სკოლებს აქციაში "გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში" მონაწილეობისათვის გადაეცათ საკანცელარიო მასალა, რომელსაც გამოიყენებენ კლუბში მუშაობისთვის. 

ტრენინგი "საგრანტო აპლიკაციის წერა"

19 სექტემბერს ქალაქ მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა შეხვედრა სიქა-ს წარმომადგენლებსა და მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების 13 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრებს შორის. შეხვედრის მთავარი თემა იყო "საგრანტო აპლიკაციის წერა". მონაწილეთა შორის იყვნენ ბოლნისის #5, სოფ.ბოლნისის, ქვემო ბოლნისის #1, კაზრეთის #1, #2, მარნეულის #3, #5, #7, #8, ჯანდარის, თაზაქენდის, შაუმიანის #1 და შულავერის #1 საჯარო სკოლების 14 პედაგოგი და  54 მოსწავლე.
შეხვედრის დასაწყისში სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები გაეცნენ ქვემო ქართლში პროგრამის მიმდინარეობას და ახალი საგრანტო კონკურსის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შემდეგ საგრანტო კონკურსების კოორდინატორმა ცირა თავშავაძემ მათ გააცნო საკონკურსო განაცხადის აპლიკაციის ონლაინში შევსების პროცედურა, თუ როგორ ხდება ბიუჯეტის, პროექტის გეგმისა და თანამონაწილეობის წერილების შედგენა.
შეხვედრის ბოლოს აქციაში "გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში" მონაწილე სკოლებს გადაეცათ საჩუქრად საკანცელარიო მასალა, რომელსაც გამოიყენებენ კლუბის მუშაობაში.

Tuesday 18 September 2012

ვიზიტები სკოლებთან

18 სექტემბერს სიქა ეწვია გამარჯვების, სართიჭალის #2, მუღანლოს, მარტყოფის #2 და ნორიოს  სკოლებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სიქა-ს მიერ ჩატარებულ რეგიონულ აქტივობაში "გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში". შეპირების თანახმად აქტივობაში ჩართული სკოლების სამოქალაქო კლუბებს გადაეცათ საკანცელარიო მასალის კრებული, რომელსაც საკლუბო აქტივობებში აქტიურად გამოიყენებენ. შეხვედრებს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები, კლუბის მეურვეეები და მოსწავლეები. მათ ინფორმაცია მიიღეს ახლად გამოცხადებული საგრანტო პროექტების შესახებ, პროგრამის მიმდინარეობაზე და ისაუბრეს კლუბის სამომავლო გეგმებზე.

"გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში" - შედეგები

რეგიონული აქტივობა - "გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში", რომელიც სიქას ინიციატივით 15 სექტემბერს ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლის 28 სკოლამ, მათ შორის რუსთავიდან - 9, გარდაბნიდან -9, მარნეულიდან - 5, წალკიდან - 3, ბოლნისიდან და თეთრიწყაროდან თითო-თითო სკოლამ. აქტივობის მონაწილეებმა დაასუფთავეს სკოლების მიმდებარე ტერიტორია, გაიტანეს ნაგავი. სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად სკოლის პედაგოგები და თემის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი, სულ 644 მონაწილე: 328 მოსწავლე, 52 პედაგოგი, 8 მშობელი და 1 თვითმმართველობის წარმომადგენელი.  სკოლების მიერ მოწოდებული ფოტომასალა ატვირთულია https://www.facebook.com/media/set/?set=a.357939624281052.84139.100001950537784&type=1  და განთავსებული სამოქალაქო კლუბების ბლოგებზე.

Monday 17 September 2012

ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულნი

გამოვლინდნენ სიქა-ს მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულნი.  კონკურსის პირობების თანახმად გამარჯვებული გამოვლინდებოდა 2012 წლის ივლისი-15 სექტემბრის პერიოდში ბლოგზე დადებული ახალი პოსტების რაოდენობის მიხედვით.
კონკურსში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა 6 ბლოგი:

  1. მარიამ სიგუა -  http://marimariamo16.wordpress.com/- 5 პოსტი
  2. ომარ ომაროვი -  http://flygir.wordpress.com/ - 11 პოსტი
  3. რუსთავის №10 სკოლის სამოქალაქო კლუბი - http://me10skola.wordpress.com/ - 4 პოსტი
  4. რუსთავის №18 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი - http://www.bastioni.blogspot.com/ - 1 პოსტი
  5. ზურა ბაშელეიშვილი -  http://bazaleti2012.blogspot.com/ - 21 პოსტი
  6. რუსთავის  №15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი - http://aqtiurimoqalaqe.wordpress.com/ - 0 პოსტი
ნომინაციაში : 
  •  ყველაზე აქტიური სამოქალაქო კლუბის ბლოგი“ გაიმარჯვა რუსთავის #10 სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბმა და მას გადაეცემა 16 გბ გარე მეხსიერება .
  • „აქტიური ბლოგი“ გაიმარჯვა ზურა ბაშელეიშვილმა და მას პრიზად გადაეცემა  ყურსასმენი.

მცირე გრანტების კონკურსის პრეზენტაცია წალკაში


16 სექტემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქამ - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ წალკის #1 სკოლაში ჩაატარა საკონსულტაციო შეხვედრა მცირე გრანტების კონკურსთან დაკავშირებით,  რომლის დედლაინი 8 ოქტომბერსაა. შეხვედრას ესწრებოდა პროგრამაში ჩართული წალკის მუნიციპალიტეტის 8 სკოლის (წალკის #1, თრიალეთი, ბარეთი, ნარდევანი, ხაჩკოვი, ოზნი, აშკალა, კიზილ-ქილისი)  40 წარმომადგენელი, მათ შორის  4 დირექტორი, 9 პედაგოგი და მოსწავლეები.
შეხვედრის მონაწილენი გაეცნენ სამოქალაქო განათლების პროგრამის მიმდინარეობას და მცირე გრანტების შეტანის პირობებსა და წესებს, თუ როგორ უნდა შეავსონ აპლიკაცია და რა სახის დოკუმენტაცია ესაჭიროებათ მათ ამისთვის.
ასევე წალკის #1 საჯარო სკოლას გადაეცა საკანცელარიო ნივთები 15 სექტემბერს ჩატარებული სამოქალაქო აქტივობაში ჩართვისთვის: „გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში“.
დამსწრე სკოლის წარმომადგენლები დიდი ინტერესით შეხვდნენ მორიგ საგრანტო კონკურსს და  ყველა იმ დაგეგმილ აქტივობებს, რაც სიქამ ამ პროგრამის ფარგლებში წარუდგინა. 

Wednesday 12 September 2012

მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა


მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 8 ოქტომბერი.

კონკურსში უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ მონაწილეებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ დაფინანსება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში.  

საკონკურსო თემები

1. ბიზნეს სექტორის ჩართვა ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში;
2. ახალგაზრდების მედიასთან თანამშრომლობა საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გაშუქების მიზნით;
3. სკოლის თუ თემის პრობლემების მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით;
4. მოსწავლეთა თვითმმართველობის და / ან სასკოლო სამოქალაქო კლუბების გაძლიერება; 
5. ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
6. ადამიანთა უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა;
7. სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
8. მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობების პირები, იძულებით გადაადგილებულნი და ა.შ.)
9. ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება/ადვოკატირება ახალგაზრდების მიერ;
10. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

სიქა განაგრძობს საკონსულტაციო შეხვედრებს საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით, რომლის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ინდივიდუალური კონსულტაციისთვის შეგიძლიათ წინასწარ შეგვითანხმდეთ ელ.ფოსტის საშუალებით  tsirata@gmail.com. 

Friday 7 September 2012

"გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში"

სასკოლო სამოქალაქო კლუბთა საყურადღებოდ!
შაბათს, 15 სექტემბერს 10 საათზე სიქას ორგანიზებით მოეწყობა რეგიონული აქტივობა "გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში", რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას გულისხმობს.
აქტივობაში მონაწილეობს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში" ჩართული ქვემო ქართლის რეგიონის სკოლები.
ერთი და იგივე დროს, 10:00 საათზე, მონაწილე სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები (თემთან ერთად) დაიწყებენ საკუთარი სკოლის ეზოს დასუფთავებას.
გახადე შენი სკოლა აქტიური და შეუერთდი რეგიონულ აქტივობას!
აქტივობაში მონაწილე სკოლებმა აქტივობის დასრულების შემდეგ ინფორმაცია და ფოტომასალა უნდა გადმოაგზავნო ელ.ფოსტაზე civic.siqa@gmail.com, რის შემდეგაც სიქასგან გადაეცემათ საკანცელარიო მასალის კომპლექტი.
ველოდებით თქვენს აქტიურობას!