Tuesday 30 October 2012

ბლოგერების კონკურსი

„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში სიქა აცხადებს ბლოგების კონკურსს ყველაზე აქტიური სამოქალაქო კლუბის ბლოგისა და პირადი პლოგის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროგრამის პარტნიორი სკოლების საამოქალაქო კლუბების ბლოგებს, ასევე სამოქალაქო კლუბის წევრის პირად ბლოგებს.
კონკურსი ცხადდება 2 ნომინაციაში.
„ყველაზე აქტიური სამოქალაქო კლუბის ბლოგი“ იმარჯვებს ბლოგი, რომელშიც
  • განთავსებულია ყველაზე მეტი პოსტი 2012 წლის ოქტომბერი-ნოემბერი პერიოდის განმავლობაში კლუბის სამოქალაქო აქტივობების შესახებ.
  • აქვს პოსტებზე კომენტარების ყველაზე დიდი რაოდენობა.
პრიზი - 16 გბ გარე მეხსიერება.


„აქტიური ბლოგი“ იმარჯვებს ბლოგი, რომელშიც
  • განთავსებულია ყველაზე მეტი პოსტი 2012 წლის ოქტომბერი-ნოემბერი პერიოდის განმავლობაში, პრიორიტეტი -  პოსტი სამოქალაქო კლუბის აქტივობის შესახებ ;
  • აქვს პოსტებზე კომენტარების ყველაზე დიდი რაოდენობა.
პრიზი - ყურსასმენი.


კონკურსის დედლაინია 2012წლის 30 ნოემბერი.

სასკოლო სამოქალაქო კლუბების ფოტოები 2013 წლის კალენდრისთვის

"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სიქა გეგმავს 2013 წლის კალენდრის გამოშვებას, რომელზეც განთავსდება სამოქალაქო კლუბების აქტივობების ამსახველი ფოტოები. ამ ფოტოების შესარჩევად პროგრამაში ჩართულ სკოლებს შეუძლიათ 15 ნოემბრამდე გამოაგზავნონ სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტივობის ამსახველი 3 საუკეთესო ფოტო ელ.ფოსტაზე civic.siqa@gmail.com . თითოეული სკოლის 3 სურათიდან შეირჩევა 1 სუკეთესო, რომელიც 15 ნოემბერს განთავსდება Facebook-ის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ფოტოალბომში. ხმის მიცემა Like-ით გაგრძელდება 30 ნოემბრამდე. 12 ფოტო, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, განთავსდება პროგრამის 2013 წლის კალენდარში. 
იაქტიურეთ და დროულად მოგვაწოდეთ სამოქალაქო კლუბების სურათები!
P.S. ფოტოებს მოაყოლეთ აღწერა, რა აქტივობას ასახავს და თარიღი, როდის არის გადაღებული.

Monday 29 October 2012

„გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში - ტოლერანტობის დღე“

16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასკოლო სამოქალაქო კლუბებს გთავაზობთ განახორციელოთ შემდეგი აქტივობები:
  • სემინარი ტოლერანტობის თემაზე;
  • ფოტოების გადაღება ტოლერანტობის თემაზე;
  • პოსტერები - ტოლერანტობაზე;
  • სლოგანების შემუშავება;
  • ინტერკულტურული საღამო;
  • აქცია თემში;
  • ფილმის ჩვენება ტოლერანტობის შესახებ.

 გთხოვთ, 7 ნოემბრამდე მოგვაწოდოთ ინფორმაცია ელ.ფოსტაზე civic.siqa@gmail.com, თუ რომელი აქტივობის განხორციელებას აპირებთ, აქტივობის გეგმა და რა რესურსები გჭირდებათ ამ აქტივობისათვის.
გისურვებთ წარმატებებს!

Friday 26 October 2012

ვიზიტი იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის იუსტიციის სახლში


25 ოქტომბერს   გარდაბნის #1, რუსთავის #11, #21, #26 და #28  საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების  19 აქტიური წევრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ.  
თავდაპირველად  მოსწავლეებმა დაათვალიერეს იუსტიციის სამინისტროს კანცელარია, ანალიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტები. მოსწავლეები ადგილზევე გაეცნენ მუშაობის პროცესს და ამომწურავი პასუხი მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.  სამოქალაქო კლუბის წევრებს იუსტიციის სამინისტროში მასპინძლობა გაუწია ნოტარიატისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა დავით მაისურაძემ.                
იუსტიციის სამინისტროს დათვალიერების შემდეგ მოსწავლეთა გუნდს თბილისის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა. მენეჯერის მოადგილემ ნათია ლატარიამ ბავშვებს  მომსახურების ყველა სევრცე გააცნო.
ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დღე ნაყოფიერად შეაფასეს. მიღებული უამრავი ინფორმაციიდან  მათ რანჟირება მოახდინეს სარგებლიანობის მიხედვით  და რამდენიმე მათგანისთვის მიღებული ინფორმაცია:
  • სტუდენტური სტაჟირების შესახებ;
  • იუსტიციის თანამშრომლების პროფესიული გადამზადების შესახებ;
  • სახემწიფოს პოლიტიკის შესახებ  სამინისტროს მიმართ
მნიშვნელოვანი გახდა სამომავლოდ პროფესიის არჩევაში.
მოსწავლეებს გაეზარდათ მოტივაცია, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო კლუბების საქმიანობაში, რათა მომავალში მსგავს ვიზიტებსა თუ აქტივობებში მონაწილეობის მეტი შანსი მიეცეთ . 

Thursday 25 October 2012

აზერბაიჯანულ სკოლაში საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფუძნებული ქართული ბიბლიოთეკა წარმატებით ფუნქციონირებს


სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საგრანტო პროექტით  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ძველ ქვეშის აზერბაიჯანულ სკოლაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. სკოლის ადმინისტრაციამ კლუბის წევრებს  მოთხოვნის საფუძველზე დაუთმო ორი ოთახი სკოლის ფართიდან. კლუბის მეურვესთან ერთად მოსწავლეებმა დაასუფთავეს და კეთილმოაწყვეს ბიბლიოთეკისა და სამკითხველოს ოთახები, საგრანტო პროექტის ფარგლებში შეიძინეს წიგნების კარადა და ქართული წიგნები.
აზერბაიჯანული სკოლის ქართული ბიბლიოთეკა არსებობის 4 თვის მანძილზე აქტიურად ფუნქციონირებს, აზრბაიჯანელმა მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაიწყეს ქართული პოეზიისა და პროზის ნიმუშების გაცნობა, გაიზარდა თემის წევრების ინტერესი ზოგადად ქართული ენის შესწავლისადმი , შესაბამისად ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზმა ქართული ენის გაკვეთილების ჩასატარებელი დარბაზის ფუნქციაც შეითავსა. სკოლის ადმინისტრაციამ, პროექტის წარმატებითა და სკოლის მოსწავლეებისა და თემის ინტერესით გამხნევებულმა, დამატებით შეიძინა საინტერესო ქართული წიგნები და გაამდიდრა სკოლის ქართული ბიბლიოთეკის წიგნსაცავი.
23 ოქტომბერს ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა ფართო აუდიტორიისათვის. ბიბლიოთეკას ეწვივნენ მეზობელი აზერბაიჯანული სკოლების, გეტასა და ნახიდურის მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებმაც გაიზიარეს თანატოლთა გამოცდილება. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, პროგრამა ჰარმონიის წარმომადგენელი - სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის გრანტების მენეჯერი,  სოფლის დეპუტატი ბოლნისის საკრებულოში და სხვა თანამდებობის პირნი, სულ 60-ზე მეტი ადამიანი. შეხვედრაზე ძველი ქვეშის მოსწავლეებმა სტუმრებს მოუთხრეს ქართული ბიბლიოთეკის შექმნის საჭიროების შესახებ, იმ საქმიანობების შესახებ, რაც მათ გასწიეს ბიბლიოთეკის მოსაწყობად. კლუბის მეურვემ და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა  ისაუბრეს ბიბლიოთეკის დაარსების შედეგებზე, მოსწავლეების მიერ ბიბლიოთეკის აქტიურ გამოყენებაზე, მათ მზარდ დაინტერესებაზე ქართული ლიტერატურისადმი, ბიბლიოთეკის ოთახის კეთილმოწყობის აუცილებლობაზე და სხვა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. აკაურთის თემის (რომელშიც სოფ. ძველი ქვეშია გაერთიანებული)  ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გოდერძი მიქელაძემ შეხვედრის ბოლოს განაცხადა:
-         მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტში შემავალ ორ სოფელში , ძველი ქვეში და გეტა, ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა. სასიხარულია ამ აზერბაიჯანულ სკოლაში მსგავსი პროექტის განხორციელება და სოფელში პირველი ქართული ბიბლიოთეკის მოქმედება. იმედს ვიტოვებთ, მსგავსი სამოქალაქო აქტივობები გაგრძელდება მომავლშიც. სოფლის ტერიტორიული ორგანო არსებული რესურსების ფარგლებში მზადაა გვერდით ამოუდგეს სამოქალაქო კლუბებს თემისათვის სასარგებლო აქტივობების გახორციელებაში.

Tuesday 23 October 2012

სამოქალაქო კლუბების წევრთა საყურადღებოდ!


გეძლევათ  უნიკალური  შანსი, გაიაროთ  2-3 კვირიანი სტაჟირება (დღეში 2-3 საათი) შემდეგ დაწესებულებებში:
1.    რუსთავის იუსტიციის სახლი ( არის 4 ვაკანსია)
  Meeter greeter - შემხვედრი, მონაწილე ეხმარება სახლში შემოსულ მოქალაქეებს საჭირო სივრცის პოვნაში (გადამისამართება).
                   ფოტო ჯიხურთან დახმარება.
           თვითმომსახურების სივრცეში მომხმარებლებისათვის დახმარების გაწევა.
           სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში სხვადასხვა ტიპის საქმის გაკეთება.

2.    სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულია ასოციაცია (2 ვაკანსია)
ოფის-მენეჯერის ასისტენტი, ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი.

3.     ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/რუსთავის ფილიალი ( 2 ვაკანსია)
იურიდიული კონსულტაციების პროცესზე დასწრება, მუშაობის სტილის გაცნობა.

4.    USAID დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი/ რუსთავი
სხვადასხვა ღონიძიებების დაგეგმვის სწავლება, ორგანიზების პროცესში ჩართულობა.
 დაინტერესებული პირებმა უნდა გამოაგზავნოთ მოტივაციის წერილი (არაუმეტეს ნახევარი გვერდისა) თუ რატომ გინდათ გაიაროთ სტაჟირება თქვენთვის სასურველ დაწესებულებაში და შემდგომ როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნასა და უნარებს. სამოტივაციო გამოაგზავნეთ შემდეგ მეილებზე: ninivardiashvili@gmail.com: civic.siqa@gmail.com  არაუგვიანეს  1 ნოემბრისა.
მსურველთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორთა შერჩევა, სამოქალაქო კლუბებში მათი აქტიურობის მიხედვით. 

Saturday 20 October 2012

საპატიო სტუმრის შეხვედრა ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებთან


19 ოქტომბერს ქვემო ქართლის რეგიონში  შედგა მასშტაბური ღონისძიება -  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები შეხვდნენ მოწვეულ სტუმარს ნანა ნერსეზაშვილს. შეხვედრა შედგა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
მოწვეული სტუმარი - ნანა ნერსეზაშვილი, არის ადამიანი რომელიც ხშირად სრულიად უანგაროდ და საკუთარი რესურებით ცხოვრებას ულამაზებს და პიროვნებებად ჩამოყალიბებაში ეხმარება ათობით ახალგაზრდას. იგი მოღვაწეობს კახეთში,  სოფელ ლელიანში და არის ორგანიზაცია „ლელი“-ს დირექტორი. ნანა არის გადაცემა „იმედის გმირების“ ერთ-ერთი გმირი.
ქ-ნ ნანა შეხვდა მარნეულის  #5, #8, შულავერის #1, რატევანის, კოდის, კრწანისის #1, კაზრეთის #1, #2, ბოლნისის #1, #5, რუსთავის #21, #25, #28  საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს. შეხვედრას დაესწრო პროგრამაში ჩართული 13  საჯარო სკოლის 63 მოსწავლე. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო  ნანა ნერსეზაშვილის საქმიანობის პრეზენტაციას, თუ რატომ აღიარეს ის „იმედის გმირად“.
შეხვედრის ბოლო ნაწილი წარიმართა  კითხვა-პასუხის რეჟიმში, წარმოუდგენლად აქტიური იყო აუდიტორია. ქ-ნ ნანასთან სამოქალაქო კლუბების წევრების კითხვა პასუხმა  1 საათი გასტანა. ნანასთან საუბრისას ბავშვებმა აღნიშნეს, რომ  სხვებისთვის სასარგებლო საქმის კეთების სურვილი გაუჩნდათ, რადგან მათ დაინახეს ნათელი მაგალითი იმისა, რომ იყო აქტიური მოქალაქე არც ისე რთულია. 

Friday 19 October 2012

ტრენინგი "გენდერული თანასწორობა"

სიქა-ს ორგანიზებით 18 ოქტომბერს გარდაბნის #3 სკოლაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "გენდერული თანასწორობა". ტრენინგი ჩაატარეს სიქა-ს რუმინელმა ტრენერემა. ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ გარდაბნის #3, ქესალოსა და ვახტანგისის #1 აზერბაიჯანული საჯარო სკოლების საინიციატივო ჯგუფებისა და სამოქალაქო კლუბების წევრები.
ტრენინგი მიმდინარეობდა ქართული და აზერბაიჯანული თარგმანით.

Thursday 18 October 2012

სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკა რუსთავის რესურსცენტრში


საქართველოს 12 საგანმანათლებლო რესურსცენტრში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში შექმნილია სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკები. იმ რესურსებისა და პუბლიკაციების უმეტესობა, რაც არის ატვირთული CIVICS.GE-ს ონლაინ ბიბლიოთეკაში, ასევე განთავსებულია აღნიშნულ რესურსცენტრებში. ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება პედაგოგებისათვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ასევე თანხების დაზოგვის მხრივაც, რადგანაც მათ არ მოუწევთ ამა თუ იმ პუბლიკაციის ამობეჭდვა, არამედ შეუძლიათ, მივიდნენ რესუსრცენტრში, სადაც განთავსებულია ლიტერატურა და გაეცნონ მას.

ქვემო ქართლის რეგიონში ჯერჯერობით მხოლოდ რუსთავის რესურსცენტრშია შექმნილი ბიბლიოთეკა, რომლით სარგებლობა ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო განათლების ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია. რესურსცენტრის მისამართია: ქ.რუსთავი, შარტავას ქ. №4, რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინა უგულავა - 577 211444, ნელი - 577 211441.

Sunday 7 October 2012

სამოქალაქო კლუბების მუშაობა ინიციატივებსა და საკლუბო აქტივობებზე


7 ოქტომბერს ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლამ სამოქალაქო კლუბების შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას რატევანის, ტანძიისა და ბოლნისის #1, #3, #5  სკოლების 15 წევრი დაესწრო.
პროგრამის მიზნებისა და დანიშნულების მიმოხილვის შემდეგ კლუბებმა უშუალოდ საკლუბო აქტივობებზე მუშაობა დაიწყეს.
კლუბების მიხედვით ჯგუფებად განაწილდნენ და 2 ძირითადი დავალება მიეცათ: მოეძებნათ თემში არსებული პრობლემა და შეედგინათ ოფიციალური წერილი გამგებლის სახელზე,  ჩამოეყალიბებინათ და დაეგეგმათ 1 აქტივობა, რომელსაც მიმდინარე კვირაში განახორციელებენ.
ნამუშევარი ყველამ ზეპირად წარმოადგინა და თანატოლებისგან შენიშვნები და რჩევები მიიღო.
კლუბის წევრები პირველ რიგში კლუბის დანარჩენ წევრებს გააცნობენ იდეებს და განხორციელებაზე ზრუნვას დაიწყებენ.

სოც.მედიის ტრენინგი ბოლნისის სკოლებისთვის

7 ოქტომბერს ბოლნისის #5 საჯარო სკოლაში სოც.მედიის ტრენინგი ჩაუტარდათ სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს, კერძოდ, ბოლნისის #1, #3, #5, რატევანისა და ტანძიის 6 მოსწავლეს. ტრენინგზე ისწავლეს ბლოგის შექმნა და მისი ფუნქციონირება.  ტრენინგის დასაწყისში სოც.მედიის კოორდინატორმა ეთერ პაიჭაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პორტალი  http://civics.ge/ და მცირე გრანტების საიტი http://initiatives.ge/ .
მოსწავლეებმა ტრენინგის დროს შექმნეს თავიანთი კლუბების ბლოგები, რომლებზეც განათავსებენ კლუბის საქმიანობის ამსახველ მასალას.

Wednesday 3 October 2012

საკონსულტაციო შეხვედრა კოდის საჯარო სკოლაში

3 ოქტომბერს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის კოორდინატორმა ორგანიზაციამ- სიქა ორგანიზება გაუწია კიდევ ერთ საკონსულტაციო შეხვედრას საგრანტო პროექტების წერასთან დაკავშირებით, ამჯერად კოდის საჯარო სკოლაში.  შეხვედრას ესწრებოდა 9 მოსწავლე და 2 პედაგოგი კოდის, თეთრიწყაროს და კუმისის საჯარო სკოლებიდან.  მონაწილეებმა გაიგეს რა სახით უნდა წარადგინონ საკონკურსო პროექტი, როგორ უნდა შეადგინონ ბიუჯეტი, დაწერონ სამოქმედო გეგმა და თანამონაწილეობის წერილები. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ შეკითხვებზე პასუხი უშუალოდ პროგრამის ქვემო ქართლის კოორდინატორისგან გაეგოთ.
საგრანტო პროექტების მიღების დედლაინი 8 ოქტომბერია. 

Tuesday 2 October 2012

წარმატებული პროექტის მონიტორინგი

28 სექტემბერს, ჩატარდა ერთ-ერთი წარმატებული პროექტის მონიტორინგი, რომელიც დაფინანსდა თებერვლის თვეში სოფელ ძველი ქვეშის სკოლაში. ძველი ქვეში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელია, სადაც ქართული ენა ძალიან ცოტამ იცის, ამიტომაც ინტეგრაცია ქართულენოვან სექტორთან მათ ძალიან უჭირთ. სწორედ ამ საკითხების გამოსწორებას ეხებოდა პროექტი, რომელიც ამ სკოლის ქართული ენის პედაგოგმა ხატია ნიქაბაძემ დაწერა და გრანტიც მოიპოვა. პროექტის ფარგლებში გაზაფხულზე გაკეთდა ბიბლიოთეკა, შეიძინეს წიგნები, კარადები და უზრუნველყვეს ოთახი ბიბლიოთეკისთვის.  ბიბლიოთეკა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც მაღალი, ისე დაბალი კლასის მოსწავლეებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სკოლის ყველა წარმომადგენელი უფრთხილდება ქართულ ბიბლიოთეკას და სკოლამ ახალი ქართული წიგნებიც შეიძინა. მომავლისთვის დაიგეგმა აქტივობები, რომელიც სწორედ ამ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

საკონსულტაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებთან

28 სექტემბერს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლაში, პროგრამის კოორდინატორმა ორგანიზაციამ ქვემო ქართლში- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, ჩაატარა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო პროექტების წერასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა 26 მოსწავლე და 7 პედაგოგი ბოლნისის  #1, #3, #5, რატევანის, ძველი ქვეშის, ტანძიის, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ.იაღუბლოს  სკოლებიდან.  მონაწილეებმა გაიგეს რა სახით უნდა წარადგინონ საკონკურსო პროექტი, როგორ უნდა შეადგინონ ბიუჯეტი, დაწერონ სამოქმედო გეგმა და თანამონაწილეობის წერილები. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ შეკითხვებზე პასუხი უშუალოდ პროგრამის ქვემო ქართლის კოორდინატორისგან გაეგოთ.