Wednesday 30 January 2013

პროგრამის შუალედური შემაჯამებელი შეხვედრა მარნეულში

30 იანვარს მარნეულის საკრებულოს შენობის დიდ სააქტო დარბაზში სიქა-ს ორგანიზებით გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის აქტიური სამოქალაქო კლუბების წევრები.პროგრამის კოორდინატორმა ქვემო ქართლის რეგიონში ინგა პაიჭაძემ გააკეთა ანალიზი პროგრამის მესამე წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მიღწეული შედეგების შესახებ. რეგიონის ხუთმა აქტიურმა კლუბმა გააკეთო საკლუბო მუშაობის პრეზენტაცია.  PH International-ის მცირე გრანტების პროგრამის მენეჯერმა ინგა ქიბროწაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა რეგიონში პროგრამის მიმდინარეობით. ღონისძიების დასასრულს აქტიური სამოქალაქო კლუბები დაჯილდოვდნენ სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდა კლუბების 120-ზე მეტი წევრი და მეურვე.

Friday 25 January 2013

ტრენინგი გენდერულ თანასწორობაზე აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის


2013 წლის 24 იანვარს ვახტანგისის #1 აზერბაიჯანულ საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებისათვის პოლონელმა მოხალისემ ანა გორჟელაკმა ჩაატარა ტრენინგი გენდერულ თანასწორობაზე.
ტრენიგნზე განიხილეს ადამიანთა უფლებები გენდერული თანასწორობის ჭრილში, ნაჩვენები იყო ვიდეო ფილმი გენდერულ სტერეოტიპებზე. გაიმართა აქტიური დისკუსია ქალთა უფლებების დაცვაზე, სტერეოტიპებზე. აზერბაიჯანელი მოსწავლეები დისკუსიებში დიდი აქტიურობით გამოირჩეოდნენ.
ტრენინგი ჩატარდა ვახტანგისის #1 სკოლის სამოქალაქო კლუბ „ვიქტორიას“ ოთახში, რომელშიც საგრანტო პროექტის ფარგლებში მოწყობილია ქართული ბიბლიოთეკაც. სამოქალაქო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და ტრენინგები მოსწავლეებს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გარდა ენის უკეთ შესწავლაშიც ეხმარება.
ტრენინგს ესწრებოდა სკოლის 23 აზერბაიჯანელი მოსწავლე და კლუბის ორი მეურვე.

Thursday 24 January 2013

სასკოლო სამოქალაქო კლუბების მუშაობის შეფასების ახალი რუბრიკა

სიქა-მ სასკოლო სამოქალაქო კლუბების მუშაობის შეფასების რუბრიკაში ცვლილებები შეიტანა. კრიტერიუმები და შესაბამისი ქულები შემდეგია:

  1. საკლუბო (სამოქალაქო) აქტივობის რაოდენობა: თითო აქტივობა - 2 ქულა;
  2. საკლუბო აქტივობების მედიით გაშუქება (ბეჭდვითი პუბლიკაცია ან სიუჟეტი) : თითო გამოქვეყნება - 5 ქულა;
  3. საგრანტო განაცხადების რაოდენობა: 1 განაცხადი - 8 ქულა;
  4. თვითმმართველობასთან ან გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურასთან ინიციატივით მიმართვის რაოდენობა: 1 ინიციატივა - 8 ქულა;
  5. სკოლის ადმინისტრაციის მიერ   1 გადაწყვეტილება - 10 ქულა;
  6. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე 1 გადაწყვეტილება - 20 ქულა;
  7. სხვა სტრუქტურის (კერძო) მიერ გადაწყვეტილების მიღება: 1 გადაწყვეტილება - 15 ქულა;
  8. თემის ჩართულობა საკლუბო ღონისძიებებში: თითო ჩართულობა - 2 ქულა;
  9. ბლოგზე სამოქალაქო/საკლუბო აქტივობის ამსახველი ინფორმაცია: 1 პოსტი-1 ქულა, დასურათებული +1 ქულა;
  10. სამოქალაქო აქტივობის ამსახველი ვიდეორგოლი - 1 ვიდეო - 5 ქულა.
ყოველი თვის ბოლოს სიქა გამოაქვეყნებს კლუბების სტატისტიკას, ხოლო კვარტლის დასასრულს მოწინავე კლუბი დაჯილდოვდება.

სასკოლო სამოქალაქო კლუბებს მოვუწოდებთ აქტიურობისაკენ!