Tuesday 26 February 2013

ტრენინგი მდგრად განვითარებასა და კლიმატური ცვლილებებზე


 25 თებერვალს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო ტრენინგი თემაზე „მდგრადი განვითარება და კლიმატური ცვლილებები“.
ტრენინგს ორგანიზაცია "მწვანე გზის" წარმომადგენელი გიორგი  მაღრაძე წაუძღვა.
ტრენინგს დაესწრო კაზრეთს #1, #2, ბოლნისის #1, #3, #5, მარნეულის #5, კუმისისა და კოდის საჯარო სკოლების 60-მდე მოსწავლე.
ტრენინგის დასაწყისში  მოსწავლეები გაეცვნენ რას ნიშნავს მდგრადი განვითარება, რა ნაწილებისგან შედგება იგი  და რა შემთხვევაში მიიღწევა წარმატებული მდგრადი განვითარება.
განიხილეს, თუ რა ზიანს აყენებს ადამიანი დედამიწას. მოსწავლეებს დაურიგდათ ტესტები, რომლის მიხედვითაც გამოიანგარიშეს თითო ადამიანს რამდენი დედამიწა სჭირდება, ისე ცხოვრება რომ გააგრძელოს, როგორც ახლა ცხოვრობს.
ტრენინგის მეორე ნახევარი კლიმატური ცვლილებების გაცნობას დაეთმო: რამ გამოიწვია ცვლილებები, გლობალური დათბობა და რა საფრთხეების წინაშე დგას დედამიწა.
დასასრულს ტრენერთან ერთად მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რისი გაკეთება შეუძლია თითეულ ადამიანს,  რომ წვლილი შეიტანოს დედამიწის გადარჩენაში.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები და კალენდრები, რომლებსაც მოსწავლეები სამოქალაქო კლუბებში მუშაობისას გამოიყენებენ.

Sunday 24 February 2013

შეხვედრა მსოფლიოს რეკორდსმენთან ჯუმბერ ლეჟავასთან


ქ. მარნეულის  #8  საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ჩემები“-ს წევრებმა გამართეს შეხვედრა  მსოფლიოს რეკორდსმენ ველომრბოლელთან ბატონ ჯუმბერ ლეჟავასთან.  შეხვედრა ჩატარდა 7 თებერვალს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ბატონმა ჯუმბერმა ისაუბრა თავის მოგზაურობაზე და სირთულეების დაძლევის შემთხვევებში, თავისი  გამოცდილებაც გაუზიარა კლუბის მონაწილეებს. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ  კლუბის წევრები და თავიაანთი მოსაზრებებიც გამოთქვეს.
ვიზიტის დასასრულს, მსოფლიო რეკორდსმენმა „ჩემები“-ს  კლუბს საჩუქრად დაუტოვა თავისი ხელნაწერი, რომლითაც გამოხატა დიდი პატივისცემა  აქტიური მოსწავლეების  მიმართ,  გადასცა თავისი დაწერილი წიგნები და  გადაიღო სამახსოვრო ფოტოები.

Monday 18 February 2013

ალგეთის #1 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივამ შედეგი გამოიღო - სკოლის წინ გზაზე მოძრაობის შემაფერხებელი სამი ბარიერი და საგზაო სარკე დამონტაჟდა


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში #1 სკოლა საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარეობს.  გზებზე ავტომანქანების აქტიური და დიდი სისწრაფით მოძრაობა საფრთხეს უქმნიდა  სკოლის 440 -ზე მეტ მოსწავლეს . ხშირი იყო სკოლის წინ ავტო ავარიის შემთხვევებიც.
               ამ  პრობლმის მოგვარების მიზნით სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა და სკოლის ადმინისტრაციამ თხოვნით მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და კომპანია „სოკარს“.  2013 წლის დასაწყისში სამოქალაქო კლუბის ინიციატივა დაკმაყოფილდა და კომპანია „სოკარმა“ სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად მოსწავლეებს სკოლის წინ მოძრაობის შემაფერხებელი სამი ბარიერი დაახვედრა. გარდა ბარიერისა - სკოლასთან მკვეთრ მოსახვევში დამონტაჟდა გზის სარკეც, რაც ასევე მკვეთრად ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს.
             როგორც  სასკოლო სამოქალაქო  კლუბის ლიდერებმა ელმარ ომაროვმა და  დევრინ ბაირამოვმა განაცხადეს, ალგეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი აქტიურად განაგრძობს თემისა და სკოლის პრობლემების მოგვარებისათვის მუშაობას, ეძებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობის გზებს.

Friday 15 February 2013

გამოვლინდნენ მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებულები ქვემო ქართლის რეგიონიდან

15 თებერვალს გამოცხადდა მცირე საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტები. ამ კონკურსში განაცხადის შეტანის ბოლო ვადა იყო 8 იანვარი. გთავაზობთ ქვემო ქართლის რეგიონში დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალს:

  1. "იცხოვრე ჯანმრთელად" - ხატია მჟავანაძე, ვახტანგისის #1 საჯარო სკოლა;
  2. "უსაფრთხო სკოლის ეზო მოსწავლეებს" - გიორგი კახიძე, კუმისის საჯარო სკოლა;
  3. "ძლიერი თვითმმართველობა" - ნათია ფუხაშვილი, ჭაპალას საჯარო სკოლა;
  4. "კანონმორჩილი მოქალაქეები" - ვაჟა ქარუხნიშვილი, რუსთავის #7 საჯარო სკოლა;
  5. "ინფორმირებულობა - დაცული მომავალი" - სოფიკო ადუაშვილი, დმანისის #3 საჯარო სკოლა;
  6. "ყველანი ერთად ვართ" - ციალა ხვინთელანი, წალკის #1 საჯარო სკოლა;
  7. "სუფთა გარემო" - მოსე ალაჰიაროვი, მარნეულის #8 საჯარო სკოლა;
  8. "აქტიური, ჯანსაღი ცხოვრება" - გიორგი ჯაყელი, ბოლნისის #5 საჯარო სკოლა;
  9. "აქტიური მოსწავლე - წარმატებული მოქალაქე" - ელისო პაპასქუა, აღმამედლოს საჯარო სკოლა;
  10. "ძლიერი თვითმმართველობა - ძლიერი სამოქალაქო კლუბი" - ელენე გოგოლაძე, რატევანის საჯარო სკოლა;
  11. "ვაშენოთ მომავალი" - ირინა მელქაძე-გელაშვილი, რუსთავის #12 საჯარო სკოლა;
  12. "წინ აქტიური მოქალაქეობისაკენ" - მარიამ ყოლბაია, რუსთავის #1 საჯარო სკოლა.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსუსრვებთ პროექტების განხორციელებაში!

Wednesday 13 February 2013

სტაჟირების პროგრამა იწყება!

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქა გაძლევთ შანსს სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებს გაიაროთ სტაჟირება სხვადასხვა დაწესებულებებში და აიმაღლოთ კვალიფიკაცია.

ამ ეტაპისთვის სტაჟირება ხორციელდება შემდეგ დაწესებულებებში:

  • რუსთავი - ქვემო ქართლის ტელეკომპანია - 4 ვაკანსია;
  • რუსთავი - არასამთავრობო ორგანიზაცია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია - 3 ვაკანსია;
  • რუსთავი - საია -საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ფილიალი  - 6 ვაკანსია
  • გარდაბანი - არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი" - 5 ვაკანსია.
მსურველებმა გამოგვიგზავნეთ სამოტივაციო წერილი და მიუთითეთ სად გსურთ სტაჟირების გავლა. სამოტივაციო წერილების მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი.

საკონტაქტო პირი: ანი ციცქიშვილი E-mail: anitsitskishvili@gmail.com


Tuesday 12 February 2013

ნახიდურის საჯარო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნახიდურის აზერბაიჯანულ საჯარო სკოლაში  ისევე, როგორც  ბევრ  სხვა არაქართულ  სკოლაში, სამოქალაქო  კლუბისა  და მოსწავლეთა თვითმმართველობის  მუშაობა ძალიან სუსტი იყო. ამის მთავარი  მიზეზი ქართული  ენის  არასაკმარისი ცოდნა  და  შესაბამისად, სამოქალაქო ცნობიერებასთან დაკავშირებული  საქართველოში ხელმისაწვდომი ინფორმაციის ნაკლებობა იყო. ეს კი, ბუნებრივია, მათ  სრულყოფილ  მოქალაქეებად  ჩამოყალიბებას ხელს უშლიდა.
ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ნაპერწკალი“, კლუბის მეურვეების დახმარებით, მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტების კონკურსში, მოგებული გრანტით წარმატებით  განახორციელეს პროექტი "ქართული ენა წარმატებული მოქალაქეობისათვის"
 საგრანტო პროექტის ფარგლებში შესრულდა შემდეგი სამუშაო: კლუბის მოთხოვნის საფუძველზე სკოლამ გამოყო  მოზრდილი მოთახი, რომელშიც  მოეწყო ქართული ენისა და სამოქალაქო კლუბის კაბინეტი. სკოლის მოსწავლეებისა და თემის წევრებისაგან დაკომპლექტდა ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფი, რომელთაც კვირაში სამჯერ უტარდებათ დამატებითი მეცადინეობები ქართულ ენაში. ჩატარდა ორი ტრენინგი თემატიკაზე: „რას ნიშნავს იყო აქტიური  მოქალაქე“, „სამოქალაქო  განათლების როლი და მნიშვნელობა“. ასევე ჩატარდა შეხვედრა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი  საჯარო  სკოლის  მოსწავლეებთან  დისკუსია თემაზე: "როგორ ვიყო უკეთესი  მოქალაქე". ქართული ენის კაბინეტში მოეწყო ინტერკულტურული ლიტერატურული საღამო (ქართველი მწერლის ნაწარმოების განხილვა-დისკუსია, ქართველი და არაქართველი მწერლების პოეზიის საღამო).
საგრანტო პროექტით მიღებული ფინანსებით სკოლამ შეიძინა სკამები და თვალსაჩინოებები ახალი კაბინეტისთვის და ასევე საკანცელარიო მასალაც. ამ რესურსებს გამოიყენებს უკვე დაარსებული სამოქალაქო კლუბი.
პროექტის წარმატებული განხორციელებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამონაწილეობა გასწია ნავთობ-კომპანია „სოკარმა“, პროექტის დირექტორი კომპანია „სოკარს“ დაუკავშირდა თხოვნით, რომ გამოეყოთ ახალი კაბინეტისათვის გარკვეული ინვენტარი. კომპანიამ დააკმაყოფილა თხოვნა და გადასცა ნახიდურის სკოლას ტელევიზორი, პრინტერი და DVD პლეიერი - სულ 1169 ლარის ღირებულების საჩუქარი.
გრანტის ფარგლებში ორგანიზებული ქართული ენის და სამოქალაქო კლუბის კაბინეტი  დიდი აქტივობით ფუნქციონირებს და უდაოდ დაეხმარება სამოქალაქო კლუბ „ნაპერწკალის“ წევრებს უკეთ დაგეგმონ და განახორციელონ საკლუბო აქტივობები.

Sunday 10 February 2013

გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში - აქტივობა #4


გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში

აქტივობა #4

„გავაუმჯობესოთ გარემო თემში“

პერიოდი 11 თებერვალი - 7 მარტი  2013წ.

აქტივობის ეტაპები:
1.      სამოქალაქო კლუბის წევრები ირჩევენ თემში (სკოლის ტერიტორიის გარეთ!) ერთ პრობლემურ  (მაგ: დანაგვიანებულ, შესაკეთებელ, და სხვა)  ადგილს, უღებენ ფოტოს რათა დააფისიროთ  არსებული მდგომარეობა (11-17 თებერვალი) და აგზავნიან ფოტოს (აღწერით, სად მდებარეობს ეს ადგილი, რა პრობლემაა)  მაილზე civic.siqa@gmail.com 17 თებერვლამდე ..
2.      კლუბის წევრები ადგენენ გეგმას  ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით (ეს პროექტის აუცილებელი პირობაა) თუ როგორ გააუმჯობესებენ მდგომარეობას ამ ადგილას, მიმართავენ ადგილობრივ თვითმმართველობას პრობლემის მოგვარებაში დახმარებისათვის (17 – 24 თებერვალი)
3.      ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის წევრების აქტიური ჩართვით მუშაობენ შერჩეულ ადგილას სიტუაციის გაუმჯობესებისათვის (მაგ: შეაკეთებენ, ასუფთავებენ, კრეჭენ გაზონს, ღებავენ და სხვა..) , ფოტოზე აღბეჭდავენ მუშაობის  პროცესს.. (24 თებრვალი  -  3 მარტი)
4.      აგზავნიან პროექტის მიმდინარეობის ანგარიშსა და განახლებული ადგილის ფოტოს მითითებულ ელ ფოსტაზე (4-7 მარტი)
5.      სიქა-ს გუნდი ავლენს პროექტის საუკეთესოდ განმხორციელებლებს. 

შეფასების კრიტერიუმები
1.      ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა;
2.      სამუშაო  არეალის ფართობი
3.      თემის ჩართულობა

გამარჯვებული 3 გუნდი გამოცხადდება 12 მარტს.

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.
პროექტში ყველა მონაწილე გუნდი მიიღებს საჩუქრად საკანცელარიო მასალების ნაკრებს, მომავალი საკლუბო აქტივობების უკეთ განხორციელებისათვის.


Thursday 7 February 2013

პროექტის "ჰარმონიული ცხოვრება თანაბარი უფლებების პირობებში" შემაჯამებელი შეხვედრა ლემშვენიერას საჯარო სკოლაში

7 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ჩატარდა კლუბი "ქიმერიონის" მიერ განხორციელებული პროექტის "ჰარმონიული ცხოვრება თანაბარი უფლებების პირობებში" შემაჯამებელი შეხვედრა.
პროექტის მიზანი იყო ადამიანის უფლებების დაცვა, თემის ინფორმირება თავიანთ უფლებების შესახებ და მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში ყველანაირი სამართალსაწინააღმდეგო ქმედების კანონიერი გზით აღკვეთა. ადამიანის უფლებების დარღვევას  საზოგადოებაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული, ისინი ნაკლებად არიან ინფორმირებულნი თავიანთ უფლებეში  და მათი დარღვევის შემთხვევაში ზარალდებიან, მაგრამ არ შეუძლიათ მათი მოგვარება თავიანთი უფლებების უცოდინარობის გამო. სისტემატიურად იზრდება იმ ხალხის რაოდენობა რომელთა ცხოვრება ფატალურად დასრულდა მათი უფლებების დარღვევის გამო. სამწუხაროდ დღესდღეობითაც არის მსგავსი ვითარება თემში და საჭიროებს სასწაფოდ აღკვეთას, სანამ შესაძლებელია.
პროექტის მიმდინარეობის განხორციელდა რიგი ღონისძიებებისა: მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია თემაზე: "ადამიანის უფლებები", ფილმის ჩვენება ადამიანის უფლებებზე და შემდგომ განხილვა უფროსკლასელებისთვის და თემის წევრების მონაწილეობით, არჩეულ იქნა ფილმი სვანი, ასევე პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით კლუბმა დაბეჭდა ბუკლეტები ადამიანის უფლებების შესახებ სადაც შეიტანეს ყველა საჭირო ინფორმაცია რაც აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა ადამიანმა თავისი უფლებების შესახებ.
კლუბმა წარადგინა მთელი პროექტის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების მოკლე შედეგები და ასევე განიხილეს მომავალი საკლუბო ღონისძიებებიც.

პროექტის „ჩვენ ვვითარდებით ერთად“ შემაჯამებელი ღონისძიება კოდის საჯარო სკოლაში


5 თებერვალს კოდის საჯარო სკოლაში ჩატარდა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში გამარჯვებული საგრანტო პროექტის „ჩვენ ვვითარდებით ერთად“ შემაჯამებელი ღონისძიება.
პროექტის მიზანი იყო თვითმმართველობის მუშაობის გაუმჯობესება და მისი როლის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში. თვითმმართველობა უნდა იყოს დამოუკიდებელი, გაცილებით საინტერესო და ნაყოფიერი სკოლის მართვის სტრუქტურული ერთეული. მოსწავლეთა თვითმმართველობის მისიას წარმოადგენს ახალგაზრდების პიროვნებებად ჩამოყალიბება, მათში კულტურულ-მემკვიდრეობითი ღირებულებების გამტკიცება, ახალი უნარ-ჩვევების შეძენა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა. ქვემო ქართლში ბევრი არაქართულენოვანი სკოლებია, პროექტმა "ჩვენ ვვითარდებით ერთად" ხელ შეუწყო მოსწავლეებში ტოლერანტობის გრძნობის გაღრმავებასა და თვითმმართველობის მუშაობა უფრო საინტერესო გახდა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა რიგი ღონისძიებებისა, რომელთა დეტალური აღწერა და მოკლე ანგარიში გააკეთეს შემაჯამებელ ღონისძიებაზე კოდის საჯარო სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრებმა. ჩატარდა ტრენინგი „მოსწავლეთა თვითმმართველობა და აქტიური მოქალაქეობა“, ხელოვნებისა და კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების ერთობლივი ვიზიტი ერთმანეთის კულტურის გაცნობის მიზნით, ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ქ. მარნეულის #8 საჯარო სკოლა, რომელიც არის აზერბაიჯანული სკოლა. ასევე ჩატარდა ონლაინ კონფერენცია კოდისა და ქვემო ქართლის ორ წარმატებულ სკოლას შორის: ქ. რუსთავის #15 და #12 საჯარო სკოლები. ჩატარდა მხიარული სტარტები, სადაც მონაწილეობას იღებდნენ კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში კოდის საჯარო სკოლამ შეიძინა ფოტოაპარატი და საკანცელარიო ნივთები, რომელიც გამოიყენეს პროექტის განხორციელებისას.
პროექტის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი და განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

Wednesday 6 February 2013

ბლოგების კონკურსში გამარჯვებულნი გამოვლინდნენ


"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში PH International წელიწადში 2-ჯერ ატარებს ბლოგების კონკურსს. 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე სპეციალური ჟიური თვალყურს ადევნებდა პროგრამაში ჩართული სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ შექმნილ ბლოგებს და 5 თებერვალს გამოვლინდნენ გამარჯვებულნი. ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ გამარჯვებულთა სია.
ქვემო ქართლის რეგიონიდან წარდგენილი ბლოგებიდან ნომინაციაში "სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი" II ადგილზე გავიდნენ  გვანცა საგანელიძე  (რუსთავის #12 საჯარო სკოლა) და სანდრო თათელაძე (კაზრეთის #1 საჯარო სკოლა), ხოლო   III ადგილზე - მარიამ მარგველანი (ბარეთის საჯარო სკოლა) და გურამ საყევარიშვილი (კუმისის საჯარო სკოლა).
სიქა ულოცავს მათ ამ წარმატებას!