Sunday 31 March 2013

მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წარმატებული ინიციატივა

მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა თემის პრობლემების კვლევისას გამოკვეთა ერთ-ერთი - სკოლის წინ  ფეხით მოსიარულეთათვის არ იყო დახაზული გადასასვლელი გზა, რაც სახიფათო სიტუაციებს ქმნიდა სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის.
2013 წლის 20 თებერვალს სამოქალაქო კლუბმა წერილობით მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას, დახაზულიყო გადასასვლელი თეთრი ხაზები. 10 სამუშაო დღის შემდეგ მუნიციპალიტეტმა სიტყვიერი თანხმობა მისცა კლუბს, ხოლო 20 მარტს სკოლის წინ დაიხაზა გადასასვლელი. ამ პროცესში მონაწილეობას კლუბის 2 წევრიც ასრულებდა. შედეგად სკოლის მოსწავლეები უკვე უფრო დაცულნი არიან გზაზე გადასვლისას.
ინიციატივის წარმატებით დასრულებამ სტიმული მისცა კლუბის წევრებს და ისინი უკვე მომდევნო ინიციატივებზე აგრძელებენ მუშაობას.

Friday 29 March 2013

ბარეთის სკოლის ინიციატივა


ბარეთის საჯრო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ჩვენ“ წევრები ტელევიზიით გასულმა რეპორტაჟმა ლეიკემიით დაავადებულებზე   მიიყვანა იმ აზრამდე, რომ დახმარებოდნენ 8 წლის თენგო ზააკაშვილს.
ამისათვის 25 თებერვალს კლუბმა შეიმუშავა გრძელვადიანი პროექტი „ჩვენ თქვენთან ვართ“, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო შეგნების ამაღლება და მოსწავლე-მასწავლებელ-მშობლის მონაწილეობა საქველმოქმედო ღონისძიებაში თემის წარმომადგენლებთან ერთად. პროექტი 3 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.  
27 თებერვალს სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა და კლუბის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს და თემის წევრებს ჩაუტარეს სემინარი ამ სენზე და ქველმოქმედების არსზე. გამოცხადდა კონკურსები: მოსწავლეებს უნდა დაეწერათ ამ პრობლემის შესახებ თემა, შეექმნათ ხელნაკეთი ნამუშევრები და ნახატები.
7 მარტს საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები და ხელნაკეთი ნივთები, რომლებიდანაც საუკეთესოები ამოირჩა.
11 მარტს საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები , რომლებიდანაც ორი მათგანი  „მე სიცოცხლე მწყურია“ (ანა ფირცხელიანი) და „ისევ აშრიალდა პალმა“ (ლევან გურჩიანი) გამოცხადდა საუკეთესო ნამუშევრებად.
13 მარტს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც დამსწრე საზოგადოებისთვის წაკითხულ იქნა საუკეთესო თემები.  მოეწყო ვიქტორინა „რა, სად, როდის“ თემაზე „ვინ რა იცის ლეიკემიაზე“. ამ დღესვე მოეწყო გამარჯვებული ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რის შედეგად შეგროვებულმა თანხამ შეადგინა 308 ლარი, რომელიც გადაიგზავნა  თენგო ზააკაშვილის პირად ანგარიშზე. 

პროექტში მონაწილეობა მიიღეს  სამოქალაქო კლუბის  წევრებმა და  VI-XII კლასების ყველა მოსწავლემ, სულ 80 მოზარდმა და  სკოლის 18 პედაგოგმა. დასკვნით ღონისძიებას თემის 5 წარმომადგენელიც დაესწრო.
„ჩვენი მიზანია, მცირე წვლილი შევიტანოთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ჩვენი დღევანდელი აქცია-ღონისძიება სტიმული იქნება სხვა სკოლებისთვისაც მსგავსი აქციები ჩაატარონ და დაეხმარონ ამ ბავშვებს“ - განაცხადა სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა  ანა ფიცხელიანმა.
„ჩვენ შევიძინეთ ბავშვის ნაშრომი, რომელიც სუვენირის სახით გვექნება. ჩვენი შენაძენით მცირე წვლილი შევიტანეთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად“ - რაულ აბულაძე, წალკის მკვიდრი.
პროექტი ამით არ დასრულებულა. 29 მარტს ბარეთის სკოლის პედაგოგები და თემის წარმომადგენლები ეწვივნენ იაშვილის კლინიკაში სისხლის ჩასაბარებლად. ბარეთის სკოლას ამ ინიციატივაში მხარი აუბა ნეო ხარაბის საჯარო სკოლამაც, რომლის პედაგოგებმა  ბარეთელ  კოლეგებთან ერთად  გაიღეს სისხლი. სულ ბარეთის 5 პედაგოგმა და 1 თემის წევრმა, ხოლო ნეო ხარაბადან 11 პედაგოგმა ჩააბარა სისხლი.

Thursday 28 March 2013

აქტივობა "გავაუმჯობესოთ გარემო თემში" გამარჯვებული სკოლა დაჯილდოვდა

27 მარტს სიქას გუნდი ეწვია გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს "Creative Teenagers" . კლუბი ძირითადად ახალი წევრებითაა დაკომპლექტებული, ამიტომ კიდევ ერთხელ მიმოიხილეს პროგრამა, მიზნები და მიმართულებები.
კლუბ "Creative Teenagers" წევრებმა ისაუბრეს განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე. მოსწავლეებმა მიიღეს კონკრეტული რჩევები და კონსულტაციების აქტივობების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს კლუბს გადაეცა აქტივობაში "გავაუმჯობესოთ გარემო თემში" გამარჯვებისათვის სიქას მიერ დაწესებული პრიზები, სიგელი და ორგანიზაცია PH International-ის საჩუქრები. კლუბის წევრებისთვის ეს დიდი სტიმულია შემდგომი აქტიურობისათვის.

ვიზიტი მარნეულის იუსტიციის სახლში

"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სიქა სისტემატურად აწყობს პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეთა ვიზიტს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში. 26 მარტს სიქას ორგანიზებით მოეწყო მარნეულის #5, #8 და კუმისის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრთა ვიზიტი მარნეულის იუსტიციის სახლში. მოსწავლეებს შეხვდა იუსტიციის სახლის მენეჯერი რევაზ ბაღათურია, რომელმაც დაათვალიერებინა მომსახურების ყველა სივრცე და დეტალურად გააცნო იუსტიციის სახლის სერვისები, მომსახურების სტილი.
სამოქალაქო კლუბის წევრები გაეცვნენ იუსტიციის სახლის ისტორიას, მთავარ დანიშნულებას და მიზანს, გაეცვნენ მომხმარებელთა სტატისტიკას.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს იუსტიციის სახლის მეორე სართულის საჯარო რეესტრისა და სამოქალაქო რეესტრის განყოფილებები, სადაც მზადდება დოკუმენტები.
მენეჯერმა უპასუხა მოსწავლეებისთვის საინტერესო ყველა კითხვას. 
იუსტიციის სახლში ვიზიტით მოსწავლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რადგან ბევრი სიახლე შეიტყვეს.
სიქა მომავალში კვლავ გეგმავს მსგავს ვიზიტებს სამოქალაქო კლუბების წევრთათვის.

Thursday 21 March 2013

აქტივობის "გავაუმჯობესოთ გარემო თემში" შედეგები

კუმისის სამოქალაქო კლუბი "ქველი"
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქა პროგრამაში ჩართულ ქვემო ქართლის სკოლებს სთავაზობს სხვადასხვა აქტივობებს თემით "გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში".
2013 წლის 11 თებერვალი-7 მარტის პერიოდში გამოცხადებული იყო რიგით #4 აქტივობა "გავაუმჯობესოთ გარემო თემში" და გაწერილი იყო აქტივობის ეტაპები. თავიდან აქტივობაში ჩართვის სურვილი გამოთქვა 15 სკოლამ, თუმცა მითითებულ ვადებში დაასრულა მხოლოდ 9 კლუბმა.  წინდაწინ გაცხადებული კრიტერიუმების შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდნენ კუმისისა და გარდაბნის #1 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბები, რომლებიც დაჯილდოვდებიან პროგრამის სამახსოვრო საჩუქრებით და 16 გბ გარე მეხსიერებით, ხოლო კაზრეთის #1, რატევანის და მარნეულის #8 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებს გადაეცემათ სიგელები. აქტივობაში მონაწილე ყველა სკოლას გადაეცემა დაპირებული საკანცელარიო მასალა, მათ შორის აღმამედლოს, რუსთავის #9, #17 და #24 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებს. 
გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი
შეგახსენებთ, შეფასების მთავარი კრიტერიუმები იყო: ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა, სამუშაო არეალის ფართობი, თემის ჩართულობა. 
სიქა ახლო მომავალში კიდევ შესთავაზებს სამოქალაქო კლუბებს ახალ აქტივობას "გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში" ფარგლებში.

Monday 18 March 2013

ტრენინგი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“


22 თებერვალი-3 მარტის განმავლობაში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატადა ტრენინგი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების 20 პედაგოგმა ქვემო ქართლის სკოლებიდან. ტრენინგი ჩატადა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით, ქვემო ქართლში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის, სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ოფისში. ტრენინგს უძღვებოდა სამოქალაქო განათლების ექსპერტი ცირა თავშავაძე.
მონაწილეებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ და აქტიურად იმუშავეს სამოქალაქო განათლების ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამოქალაქო განათლების სწავლების მარეგულირებელი დოკუმენტები, საჭიროებებზე დაფუძნებული სწავლება, სამოქალაქო მონაწილეობა, პროექტული სწავლება, შეფასება და სკოლის როლი დემოკრატიული მოქალაქეობის ჩამოყალიბებაში.
მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული ტრენინგის მსვლელობაში და აღნიშნეს, რომ ტრენინგზე მოღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვად დაეხმარებათ სამოქალაქო განათლების უკეთ სწავლებაში.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას (ACETT) ახორციელებს PH International,   პროგრამა დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მიერ. 

მარნეულისა და ბოლნისის სამოქალაქო კლუბების შეხვედრა ლექსო ხუბულავასთან

7 მარტს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქა-ს ორგანიზებით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოეწყო სამოქალაქო კლუბის წევრთა შეხვედრა მოწვეულ სტუმართან.  კაზრეთის #1, #2, ბოლნისის #1, #3, #5,  მარნეულის #5, კოდისა და რატევანის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები შეხვდნენ ლექსო ხუბულავას. ბ-ნ ლექსო გახლავთ საქართველოში ცნობილი ინტერნეტ-პორტალის http://jobs.ge/ შემქნელი. 
თავდაპირველად მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა, თუ როგორ დაიწყო სტუდენტობისას დამოუკიდებლად მუშაობა, ინტერნეტ-პორტალის შექმნის იდეა როგორ აქცია რეალობად. წლობით მოხალისეობრივმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე გაკეთდა, რომელიც კომერციულ სარგებელსაც აძლევს მის შექმნელს.  ლექსო ხუბულავამ ყურადღება გაამახვილა მოხალისეობის რაობაზე, რატომ უნდა იყო მოხალისე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მოწვეულ სტუმართან შეხვედრას სამოქალაქო კლუბების 45 წევრი ესწრებოდა. დასასრულს მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს სტუმარს საინტერესო შეხვედრისთვის და მასთან სამახსოვრო სურათიც გადაიღეს.

Monday 11 March 2013

აღმამედლოს სკოლის ეზოს დასუფთავების აქცია

2013 წლის 6 მარტს აღმამედლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის კლუბის "აქტიურები" ინიციატივით მოეწყო სკოლის ეზოს დასუფთავების აქცია. ამას წინ უძღოდა პოსტერების დამზადება ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე გარემოს გაფრთხილების მოწოდებით. პოსტერები გამოფენილ იქნა სკოლის ფოიეში. 
დასუფთავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის დირექტორმა. სულ 70 ადამიანმა.
გაზაფხულის მზიან ამინდებში მოსწავლეებს უკვე სკოლის  სუფთა ეზოში შეეძლებათ შესვენებებზე გამოსვლა და დასვენება.

საბავშვო მოედნის მოწესრიგება

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე სკოლების სასკოლო სამოქალაქო კლუბები ქვემო ქართლის რეგიონში, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა-ს დახმარებით, აქტიურად განაგრძობენ თემის საჭიროებების კვლევას, პრობლემებზე მუშაობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.
ლევან დევდარიანის სახელობის გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "Creative Teenagers" განახორციელა აქტივობა "გავაუმჯობესოთ გარემო თემში" (11 თებერვალი-7 მარტი). კლუბმა მიზნად დაისახა ქ.გარდაბნის ერთ-ერთი უბნის, კერძოდ ე.წ. 9 სართულიანი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, კომისარიატის გვერდით მდებარე საბავშვო მოედნის დასუფთავება და არსებული ინვენტარის შეღებვა, რადგან დანაგვიანებული და არაკეთილმოწყობილი პარკი ვერ ასრულებდა მის დანიშნულებას - ქალაქის მცირეწლოვან მაცხოვრებლებს არ ჰქონდათ საშუალება სუფთა ჰაერზე სახალისოდ და აქტიურად დაესვენათ.
2013 წლის 20 თებერვალს სამოქალაქო კლუბის წევრებმა აქტივობის განხორციელებაში დახმარებისათვის განცხადებით მიმართეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს ბატონ ზაზა ონიანს.
ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთო თემში არსებული პრობლემის მოგვარებაში. საკრებულოს თავჯდომარემ ზაზა ონიანმა კლუბი მოამარაგა ერთჯერადი ხელთათათმანებით, საღებავითა და ფუნჯებით, დასუფთავების სამსახურის უფროსმა გურამ ქიხაძემ აქცია უზრუნველყო შესაბამისი შრომის იარაღებითა და ნაგვის მანქანით. ხოლო გარდაბნის #1 საჯარო სკოლის დერექტორმა ნანა თარალაშვილმა აქციისთვის კლუბს შეუძინა საღებავები და ფუნჯები.
2013 წლის 28 თებერვალს დილის 10 საათზე დაიწყო დასუფთავების აქცია. გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის 25 წევრი შეიკრიბა დათქმულ ადგილას, თან ახლდათ კლუბის მეურვე ნანა ყანდიაშვილი და ხელოვნების პედაგოგი ქეთინო ღუღუნიშვილი.
კლუბის წევრებმა დაასუფთავეს საკმაოდ დიდი ტერიტორია, სკვერი გაწმინდეს ნაგვის ნარჩენებისგან, ხეებს მოაცილეს ცელოფნები, შეღებეს სკამები, ბავშვების საქანელები.
შედეგად მოწესრიგდა და გალამაზდა საბავშვო მოედანი, რომელიც გაზაფხულის დადგომისთანავე ბავშვების საყვარელ გასართობ ადგილად იქცევა.