Sunday 29 September 2013

მსოფლიო გულის დღე რუსთავში

28 სექტემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ქვემო ქართლში პარტნიორი ორგანიზაცია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ინიციატივით,  რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებთან,  მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან, ქართველ და ევროპელ EVS მოხალისეებთან ერთად, პირველად ქ. რუსთავში მოეწყო  „მსოფლიო გულის დღეს“. აქცია განხორციელდა  ქ. რუსთავის მერიისა და საპატრულო პოლიციის მხარდაჭერით.
„მსოფლიო გულის დღის“ აქციის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია,  გულის დაავადებების გამომწვევი მიზეზებისადმი ცნობიერების ამაღლება და ამავდროულად თემის წევრების სოციალიზაცია გახლათ.  აქცია ეძღვნებოდა მათ, ვინც მიუხედავად ასაკისა თავს ახალგაზრდად გრძნობს, მათ ვინც აღიარებს ცხოვრების ჯანსაღი წესის უპირატესობას, ამავდროულად სურს გამოცადოს საკუთარი შესაძლებლობები და გამძლეობა.
„მსოფლიო გულის დღის“ ფარგლებში რუსთავში მოეწყო 5 კმ-იანი მარათონი რბოლის სხვადასხვა სახეობებში - სირბილში, როლერებით რბოლასა და ველორბოლაში. ასევე - ქ. რუსთავის მერიის წინ მოედანზე გაიმართა სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ „მსოფლიო გულის დღისადმი“ მიძღვნილი პოსტერების გამოფენა - კონკურსი, სადაც დამთვარიელებლების ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა პოსტერი - მნახველთა სიმპატია.
აქციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელდა სოციალური მედიის საშუალებით, შედეგად - მარათონში მონაწილეობა მიიღეს ქ. რუსთავის სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებმა, მოხალისეებმა ქ. თბილისიდან, ასევე ამერიკელმა მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან. სულ აქციაში მონაწილეობა მიიღო  70-დე მონაწილემ.
აქციის ფარგლებში ქ. რუსთავის მერიასა და საპატრულო პოლიციის გარდა თანამშრომლობა შედგა ადგილობრივ ბიზნესთან - კომპიუტერულ კომპანია „ატომთან“, რომელმაც პირველი ადგილის მფლობელებს კონკურსების ოთხ სახეობაში  სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები გადასცა. საპრიზო ადგილების მფლობელებს ასევე გადაეცათ "სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ მაისურები, სამახსოვრო ჭიქები და პროგრამის ფარგლებში დაბეჭდილი პუბლიკაციები.
„მსოფლიო გულის დღე“  დაწესდა 2000 წელს, რათა აემაღლებინათ მსოფლიოს მოსახლეობის ცნობიერება გულის დაავადებებზე აქტიური ცხოვრების წესის ნაკლებობისა და არასწორი კვების  გავლენის შესახებ.

ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბები კიდევ არაერთ მასშტაბურ სათემო აქტივობას გეგმავენ უახლოეს მომავალში.

Monday 23 September 2013

ვიზიტი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში


21 სექტემბერს, სიქა-ს ორგანიზებით, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების 17 კლუბის 50-მდე მონაწილე (მოსწავლე და პედაგოგი), ესტუმრა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს. კლუბების წევრებმა ასევე დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული საგანძურისა და იარაღის გამოფენებიც.
ვიზიტმა ძალიან ინფორმაციულად და ნაყოფიერად ჩაიარა, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ საბჭოთა ოკუპაციის თემას. გიდის მეშვეობით კლუბების წევრებმა მოისმინეს რუსეთის მიერ საქართველოს 3-ჯერ ოკუპაციის ისტორია და კონკრეტული ადამიანების საბედისწერო ისტორიებიც. 
ოკუპაციის მუზეუმის შემდეგ კლუბების წევრებმა მოინახულეს საგანძურისა და იარაღის გამოფენებიც, სადაც იშვიათი ექსპონატებია თავმოყრილი, რომლებიც ნათელს ჰფენს საქართველოს უძველეს კულტურულ ისტორიას.
ვიზიტორი სამოქალაქო კლუბები იყვნენ: ვახტანგისის #1, გარდაბნის #1, თეთრიწყაროს #1 და #2, ასურეთის, კოდის, კუმისის, მარტყოფის #2, მანგლისის, რუსთავის #1, #2, #10, #12, #15, #17, #24, #28 საჯარო სკოლებიდან.

Wednesday 18 September 2013

რუსთავის სამოქალაქო კლუბების მორიგი საქველმოქმედო აქცია


სიქა-ს ინიციატივით წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიამ „გახდი ქველმოქმედი“ კონკრეტული შედეგები გამოიღო. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილი რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების აქტიურობის შედეგად მოხერხდა ერთ-ერთი კონკრეტული სოციალურად შეჭირვებული ოჯახისათვის მცირედი დახმარების გაწევა.
17 სექტემბერს, მოსწავლეები ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა თემის დახმარებით ოჯახისთვის შეაგროვეს ტანსაცმელი, საკვები, საკანცელარიო ნივთები და სათამოშოები პატარებისთვის. 
შეგროვებული რესურსი ოჯახს გადასცეს, გაეცვნენ ოჯახის მდგომარეობას და მომავალში ურთიერთობას და დახმარებას დაპირდნენ.
„გახდი ქველმოქმედის“ ფარგლებში მოსწავლეებმა სოციალური სააგენტოს დახმარებით შეარჩიეს სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი და გამოიკვლიეს მათი საჭიროებები. ოჯახების დასახმარებლად მოსწავლეები ადვოკატირებას აწარმოებენ კერძო ბიზნესებთან და ურთიერთობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. 
სამოქალაქო კლუბის წევრები შემდეგ კვირას სოციალურად დაუცველ მორიგ ოჯახს ესტუმრებიან.

კონსულტაციები მცირე საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში სიქა აქტიურად განაგრძობს საკონსულტაციო შეხვედრებსა და ტრენინგებს სამოქალაქო კლუბებსი წევრებთან.
10 სექტემბერს სიქა-ს გუნდი ეწვია გარდაბნის #1 საჯარო სკოლას. სასკოლო სამოქალაქო კლუბის "Creative teenagers" 4 წევრს ჩაუტარდა ტრენინგი საგრანტო პროექტის აპლიკაციის შევსებასთან დაკავშირებით. მოსწავლეები ასევე გაეცვნენ, თუ როგორ უნდა ფაიწეროს პროექტის განხორციელების გეგმა და ბიუჯეტი.
13 სექტემბერს სიქა-ს ოფისში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა რუსთავის #15 და #17 სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებთან. კლუბის ლიდერები უკვე წერენ საგრანტო პროექტებს შერჩეულ თემებზე და სიქა-ს კოორდინატორს შეკითხვებით მიმართეს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
საგრანტო პროექტების წერა აქტიურ ფაზაშია. 6 ოქტომბერს სრულდება პროექტების განაცხადების მიღება.
 

Monday 9 September 2013

9 სექტემბერს სიქა-ს გუნდი კაზრეთს ეწვია

ქვემო ქართლში  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის კოორდინატორებმა კაზრეთის #2 საჯარო სკოლაში კაზრეთის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს გააცნეს პროგრამის მეოთხე წლის სამოქმედო გეგმა, შეიმუშავეს მუშაობის კონკრეტული სქემა.
კლუბის წევრებმა მუშაობა დაიწყეს მცირე გრანტების კონკურსისათვის საპროექტო აპლიკაციებზე . შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბების 25 წევრი.