Sunday 29 September 2013

მსოფლიო გულის დღე რუსთავში

28 სექტემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ქვემო ქართლში პარტნიორი ორგანიზაცია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ინიციატივით,  რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებთან,  მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან, ქართველ და ევროპელ EVS მოხალისეებთან ერთად, პირველად ქ. რუსთავში მოეწყო  „მსოფლიო გულის დღეს“. აქცია განხორციელდა  ქ. რუსთავის მერიისა და საპატრულო პოლიციის მხარდაჭერით.
„მსოფლიო გულის დღის“ აქციის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია,  გულის დაავადებების გამომწვევი მიზეზებისადმი ცნობიერების ამაღლება და ამავდროულად თემის წევრების სოციალიზაცია გახლათ.  აქცია ეძღვნებოდა მათ, ვინც მიუხედავად ასაკისა თავს ახალგაზრდად გრძნობს, მათ ვინც აღიარებს ცხოვრების ჯანსაღი წესის უპირატესობას, ამავდროულად სურს გამოცადოს საკუთარი შესაძლებლობები და გამძლეობა.
„მსოფლიო გულის დღის“ ფარგლებში რუსთავში მოეწყო 5 კმ-იანი მარათონი რბოლის სხვადასხვა სახეობებში - სირბილში, როლერებით რბოლასა და ველორბოლაში. ასევე - ქ. რუსთავის მერიის წინ მოედანზე გაიმართა სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ „მსოფლიო გულის დღისადმი“ მიძღვნილი პოსტერების გამოფენა - კონკურსი, სადაც დამთვარიელებლების ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა პოსტერი - მნახველთა სიმპატია.
აქციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელდა სოციალური მედიის საშუალებით, შედეგად - მარათონში მონაწილეობა მიიღეს ქ. რუსთავის სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებმა, მოხალისეებმა ქ. თბილისიდან, ასევე ამერიკელმა მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან. სულ აქციაში მონაწილეობა მიიღო  70-დე მონაწილემ.
აქციის ფარგლებში ქ. რუსთავის მერიასა და საპატრულო პოლიციის გარდა თანამშრომლობა შედგა ადგილობრივ ბიზნესთან - კომპიუტერულ კომპანია „ატომთან“, რომელმაც პირველი ადგილის მფლობელებს კონკურსების ოთხ სახეობაში  სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები გადასცა. საპრიზო ადგილების მფლობელებს ასევე გადაეცათ "სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ მაისურები, სამახსოვრო ჭიქები და პროგრამის ფარგლებში დაბეჭდილი პუბლიკაციები.
„მსოფლიო გულის დღე“  დაწესდა 2000 წელს, რათა აემაღლებინათ მსოფლიოს მოსახლეობის ცნობიერება გულის დაავადებებზე აქტიური ცხოვრების წესის ნაკლებობისა და არასწორი კვების  გავლენის შესახებ.

ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბები კიდევ არაერთ მასშტაბურ სათემო აქტივობას გეგმავენ უახლოეს მომავალში.

No comments:

Post a Comment