Thursday 25 October 2012

აზერბაიჯანულ სკოლაში საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფუძნებული ქართული ბიბლიოთეკა წარმატებით ფუნქციონირებს


სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საგრანტო პროექტით  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ძველ ქვეშის აზერბაიჯანულ სკოლაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. სკოლის ადმინისტრაციამ კლუბის წევრებს  მოთხოვნის საფუძველზე დაუთმო ორი ოთახი სკოლის ფართიდან. კლუბის მეურვესთან ერთად მოსწავლეებმა დაასუფთავეს და კეთილმოაწყვეს ბიბლიოთეკისა და სამკითხველოს ოთახები, საგრანტო პროექტის ფარგლებში შეიძინეს წიგნების კარადა და ქართული წიგნები.
აზერბაიჯანული სკოლის ქართული ბიბლიოთეკა არსებობის 4 თვის მანძილზე აქტიურად ფუნქციონირებს, აზრბაიჯანელმა მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაიწყეს ქართული პოეზიისა და პროზის ნიმუშების გაცნობა, გაიზარდა თემის წევრების ინტერესი ზოგადად ქართული ენის შესწავლისადმი , შესაბამისად ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზმა ქართული ენის გაკვეთილების ჩასატარებელი დარბაზის ფუნქციაც შეითავსა. სკოლის ადმინისტრაციამ, პროექტის წარმატებითა და სკოლის მოსწავლეებისა და თემის ინტერესით გამხნევებულმა, დამატებით შეიძინა საინტერესო ქართული წიგნები და გაამდიდრა სკოლის ქართული ბიბლიოთეკის წიგნსაცავი.
23 ოქტომბერს ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა ფართო აუდიტორიისათვის. ბიბლიოთეკას ეწვივნენ მეზობელი აზერბაიჯანული სკოლების, გეტასა და ნახიდურის მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებმაც გაიზიარეს თანატოლთა გამოცდილება. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, პროგრამა ჰარმონიის წარმომადგენელი - სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის გრანტების მენეჯერი,  სოფლის დეპუტატი ბოლნისის საკრებულოში და სხვა თანამდებობის პირნი, სულ 60-ზე მეტი ადამიანი. შეხვედრაზე ძველი ქვეშის მოსწავლეებმა სტუმრებს მოუთხრეს ქართული ბიბლიოთეკის შექმნის საჭიროების შესახებ, იმ საქმიანობების შესახებ, რაც მათ გასწიეს ბიბლიოთეკის მოსაწყობად. კლუბის მეურვემ და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა  ისაუბრეს ბიბლიოთეკის დაარსების შედეგებზე, მოსწავლეების მიერ ბიბლიოთეკის აქტიურ გამოყენებაზე, მათ მზარდ დაინტერესებაზე ქართული ლიტერატურისადმი, ბიბლიოთეკის ოთახის კეთილმოწყობის აუცილებლობაზე და სხვა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. აკაურთის თემის (რომელშიც სოფ. ძველი ქვეშია გაერთიანებული)  ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გოდერძი მიქელაძემ შეხვედრის ბოლოს განაცხადა:
-         მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტში შემავალ ორ სოფელში , ძველი ქვეში და გეტა, ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა. სასიხარულია ამ აზერბაიჯანულ სკოლაში მსგავსი პროექტის განხორციელება და სოფელში პირველი ქართული ბიბლიოთეკის მოქმედება. იმედს ვიტოვებთ, მსგავსი სამოქალაქო აქტივობები გაგრძელდება მომავლშიც. სოფლის ტერიტორიული ორგანო არსებული რესურსების ფარგლებში მზადაა გვერდით ამოუდგეს სამოქალაქო კლუბებს თემისათვის სასარგებლო აქტივობების გახორციელებაში.

No comments:

Post a Comment