Tuesday 12 February 2013

ნახიდურის საჯარო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნახიდურის აზერბაიჯანულ საჯარო სკოლაში  ისევე, როგორც  ბევრ  სხვა არაქართულ  სკოლაში, სამოქალაქო  კლუბისა  და მოსწავლეთა თვითმმართველობის  მუშაობა ძალიან სუსტი იყო. ამის მთავარი  მიზეზი ქართული  ენის  არასაკმარისი ცოდნა  და  შესაბამისად, სამოქალაქო ცნობიერებასთან დაკავშირებული  საქართველოში ხელმისაწვდომი ინფორმაციის ნაკლებობა იყო. ეს კი, ბუნებრივია, მათ  სრულყოფილ  მოქალაქეებად  ჩამოყალიბებას ხელს უშლიდა.
ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ნაპერწკალი“, კლუბის მეურვეების დახმარებით, მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტების კონკურსში, მოგებული გრანტით წარმატებით  განახორციელეს პროექტი "ქართული ენა წარმატებული მოქალაქეობისათვის"
 საგრანტო პროექტის ფარგლებში შესრულდა შემდეგი სამუშაო: კლუბის მოთხოვნის საფუძველზე სკოლამ გამოყო  მოზრდილი მოთახი, რომელშიც  მოეწყო ქართული ენისა და სამოქალაქო კლუბის კაბინეტი. სკოლის მოსწავლეებისა და თემის წევრებისაგან დაკომპლექტდა ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფი, რომელთაც კვირაში სამჯერ უტარდებათ დამატებითი მეცადინეობები ქართულ ენაში. ჩატარდა ორი ტრენინგი თემატიკაზე: „რას ნიშნავს იყო აქტიური  მოქალაქე“, „სამოქალაქო  განათლების როლი და მნიშვნელობა“. ასევე ჩატარდა შეხვედრა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი  საჯარო  სკოლის  მოსწავლეებთან  დისკუსია თემაზე: "როგორ ვიყო უკეთესი  მოქალაქე". ქართული ენის კაბინეტში მოეწყო ინტერკულტურული ლიტერატურული საღამო (ქართველი მწერლის ნაწარმოების განხილვა-დისკუსია, ქართველი და არაქართველი მწერლების პოეზიის საღამო).
საგრანტო პროექტით მიღებული ფინანსებით სკოლამ შეიძინა სკამები და თვალსაჩინოებები ახალი კაბინეტისთვის და ასევე საკანცელარიო მასალაც. ამ რესურსებს გამოიყენებს უკვე დაარსებული სამოქალაქო კლუბი.
პროექტის წარმატებული განხორციელებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამონაწილეობა გასწია ნავთობ-კომპანია „სოკარმა“, პროექტის დირექტორი კომპანია „სოკარს“ დაუკავშირდა თხოვნით, რომ გამოეყოთ ახალი კაბინეტისათვის გარკვეული ინვენტარი. კომპანიამ დააკმაყოფილა თხოვნა და გადასცა ნახიდურის სკოლას ტელევიზორი, პრინტერი და DVD პლეიერი - სულ 1169 ლარის ღირებულების საჩუქარი.
გრანტის ფარგლებში ორგანიზებული ქართული ენის და სამოქალაქო კლუბის კაბინეტი  დიდი აქტივობით ფუნქციონირებს და უდაოდ დაეხმარება სამოქალაქო კლუბ „ნაპერწკალის“ წევრებს უკეთ დაგეგმონ და განახორციელონ საკლუბო აქტივობები.

No comments:

Post a Comment