Monday 8 July 2013

"ერთად ვებრძოლოთ ძალადობას"

მარნეულში 3 ივლისს დასრულდა მუშაობა პროექტზე  „ერთად ვებრძოლოთ ძალადობას“. პროექტი შეიქმნა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროგრამის  ფარგლებში ორგანიზებულ ახალგაზრდულ  ფორუმზე, რომელიც გაიმართა ქ. მარნეულში 2013 წლის 25 აპრილს. 
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯგუფმა სამუშაოდ აირჩია  ბავშვთა უფლებების დაცვა, უფრო კონკრეტულად  კი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება  ბავშვზე ძალადობის თემაზე. 
2 ივლისს დასრულდა მოსამზადებელი სამუშაო, რაც გულისხმობდა დონორის მოძიებას, პუბლიკაციის დაბეჭდვას, მოხალისე ტრენერის მოწვევას, მინიატურების მომზადებას ძალადობის თემაზე, პლაკატების დახატვას სკოლებში და ფლეშმობის დადგმას. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო მარნეულის მუნიციპალიტეტმა, რომლის დახმარებითაც დაიბეჭდა საინფორმაციო სახის ბუკლეტები და პლაკატები. ხოლო მარნეულის კულტურის სახლმა მოსწავლეებს მისცა ხმამაღლამოლაპარაკეების (დინამიკები) გამოყენების საშუალება. ასევე, ნებართვა იქნა აღებული მუნიციპალიტეტიდან, ქალაქში ფლეშმობის და საჯარო აქციის  მოსაწყობისთვის. 
3 ივლისს დასრულდა  აღნიშნული პროექტის განხორციელება. 12:00 საათზე მოსწავლეები შეიკრიბნენ მარნეულის კულტურის სახლის წინ და მოაწყვეს ფლეშმობი,  რომელიც  დასრულდა სლოგანით „არა ძალადობას“. 
ფლეშმობის შემდეგ ჯგუფმა გადაინაცვალა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მოწვეულმა ტრენერმა  ლეილა ნამაზოვამ ჩაატარა ტრენინგი თემაზე – რა არის ძალადობა, განიხილა ძალადობის ფორმები და შემოგვთავაზა გზები, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას. 
საინტერესო აღმოჩნდა დისკუსია, რომელიც დაგეგმილ დროზე უფრო დიდხანს გაგრძელდა. ოჯახში და სკოლაში ძალადობის ფაქტებს ყველა მონაწილე დაეთანხმა და მაგალითებიც მოიყვანეს რეალური ცხოვრებიდან. თუმცა ყველაზე დიდი მსჯელობა და კამათი გამოიწვია ქუჩაში ძალადობის თემამ, რომლის განხილვაც ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი აღმოჩნდა. ტრენინგის დროს მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინიატურები „ძალადობა ოჯახში“, „ძალადობა ქუჩაში“ და „ძალადობა სკოლაში“. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საორგანიზაციო ჯგუფმა მარნეულის  საჯარო  დაწესებულებაში (საჯარო სკოლები, მუნიციპალიტეტი, კულტურის სახლი, პოლიცია) გააკრეს საინფორმაციო შინაარსის პლაკატი და ქალაქის მაცხოვრებლებს დაურიგეს ბროშურები, სადაც თვალსაჩინოდ იყო ახსნილი ძალადობის ფორმები და შედეგები. ასევე დადებული იყო რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაცია მშობლებისთვის. 
მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები  და მარნეულის #5 საჯარო სკოლის პედაგოგი ქ–ნი ნანი ბაკურაძე მადლობას უხდიან PH interational–ს  ფორუმის ინიციატივისთვის, პარტნიორ ორგანიზაციას  სიქა–საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციას ფორუმის ორგანიზებისთვის , მარნეულის მუნიციპალიტეტს, მარნეულის კულტურის სახლს და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს.

No comments:

Post a Comment