Friday 14 December 2012

კონკურსი: წლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ჯილდო

საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს კონკურსს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდოს მოსაპოვებლად. ჯილდო ფორუმის წლიურ ეროვნულ კონფერენციაზე, 2013 წლის 11 მაისს გაიცემა.

ჯილდოს სახით გამარჯვებულ პედაგოგს ფორუმი გადასცემს მადლობის სიგელსა და ფორუმის ლოგოს გამოსახულებით სპეციალურად დამზადებულ სახელობით პრიზს  წარწერით “სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი - 2012”.

2012 წელს საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდებიან საქართველოს 11 რეგიონში: კახეთი, თბილისი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და მცხეთა-მთიანეთი.
გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმი სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული ქსელია, ის ასევე ღიაა სამოქალაქო განათლების საკითხებით დაინტერესებული სხვა პედაგოგებისათვის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის. ფორუმის მთავარი მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების გაუმჯობესებისათვის მასწავლებელთა მონაწილეობის წახალისებაა.
დაჯილდოება ის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც მიზნად ისახავს პედაგოგთა წახალისებას და პროფესიული განვითარებისათვის მათ სტიმულირებას. ამასთანავე დაჯილდოების მიზანია სამოქალაქო განათლების საგანის წარმოჩენა მისი პოპულარიზებისათვის.   
დაჯილდოების პროცედურა
დაინტერესებულმა პედაგოგებმა უნდა შემოიტანონ შევსებული განაცხადის ფორმა. განაცხადის  წარდგენა შესაძლებელია 2012 წლის 15 დეკემბრიდან - 2013 წლის 30 იანვრამდე. განაცხადის ფორმა მოწოდებული უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე:civics@ctc.org.ge.

შესაძლებელია განაცხადის ფორმის ასევე პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვისაც  მიწოდებაც (იხ.: თანდართული ჩამონათვალი).

სააპლიკაციო ფორმა შევსებული უნდა იყოს ზედმიწევნით. აქვე მითითებულ უნდა იყოს სულ მცირე ორი რეკომენდატორი პირი. 

შეფასების კრიტერიუმები

დაჯილდოებისას ფასდება  მხოლოდ 2012 კალენდარული წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა, კერძოდ:
  პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გაწეული საქმიანობა;
 პედაგოგის მიერ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით;
  სკოლის ბაზაზე სამოქალაქო კლუბის განვითარებისათვის გაწეული ძალისხმევა და კლუბის მუშაობის შედეგები;
  პედაგოგის ხელშეწყობით მოსწავლეთა ინიციატივები, აქციები და სასწავლო პროექტები.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, შეგვივსოთ განაცხადის თანდართული ფორმა.

ფორმა 1
ფორმა 2
ფორმა 3
ფორმა 4


მოგიწოდებთ აქტიურობისაკენ  და გისურვებთ წარმატებებს!

საკონტაქტო ინფორმაცია:
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
თეა გულუა | ქეთი ქობულაშვილი
ტელ.:  (577) 980883 | (599) 574874 
ელ-ფოსტა: civics@ctc.org.ge
მისამართი: ქ. თბილისი, 0186, ოთარ ჩხეიძის 5
(ყოფილი: ალ. ყაზბეგის გამზ. 34, ნაკვეთი 3)


No comments:

Post a Comment