Friday 23 December 2011

გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი

დღეს გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი, რომელზეც განაცხადების წარმოდგენის ბოლო დღეა 2012 წლის 31 იანვარი.
საკონკურსო თემები შემდეგია:

  1. ახალგაზრდების მედიასთან თანამშრომლობა საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარების მიზნით;
  2. ახალგაზრდობის/თემის პრობლემების მოგვარება ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით;
  3. სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესთა დაცვა;
  4. მოსწავლეთა თვითმმართველობის გაუმჯობესება;
  5. ახალგაზრდებს შორის მოხალისეობის კულტურის გაძლიერება;
  6. ახალგაზრდებს შორის კარგი მოქალაქეობის განვითარების ხელშეწყობა;
  7. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა;
  8. ახალგაზრდები კანონის უზენაესობისათვის;
  9. ადგილობრივ თემში დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  10. ადამიანთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივები;
  11. გარემოს დაცვა, ეკოლოგიური პრობლემები (გლობალური დათბობა).
პრიორიტეტი მიენიჭება პირველ ოთხ თემას.
კონკურსში უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ დაფინანსება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში. 

Wednesday 21 December 2011

სიქა-ს მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსის გამარჯვებული

სიქა-მ სამოქალაქო კლუბების ბლოგების წახალისების მიზნით ნოემბერში გამოაცხადა  ბლოგერების კონკურსი, რომლის მიზანი იყო აქტიური ბლოგის გამოვლენა. გამარჯვებული გამოვლინდებოდა ოქტომბერი-20 დეკემბრის პერიოდში დადებული პოსტების რაოდენობით, რომლებშიც ასახული იქნებოდა კლუბის სამოქალაქო აქტივობები. კონკურსში აქტიურობდნენ რუსთავის #15, #23, #25 და კაზრეთის #1 საჯარო სკოლები, რადგან ამ სკოლებს აქტიური სამოქალაქო კლუბები აქვთ. ესენია "მე-აქტიური მოქალაქე" (რუსთავის #15 საჯარო სკოლა), "More Action" (რუსთავის #23 საჯარო სკოლა), "ხმა მომავალში"(რუსთავის #25 საჯარო სკოლა) და "საფიხვნო"(კაზრეთის #1 საჯარო სკოლა). კონკურსის მიმდინარეობა აქტიურად შუქდებოდა სიქა-ს ფეისბუკის გვერდზე. ყველაზე მეტი პოსტები კონკურსის ბოლო კვირას დაიდო, განსაკუთრებით ბოლო დღეებში. სიქა-ს ამ ინიციატივის მიზანიც მიღწეულ იქნა - უფრო მეტი ინფორმაციები დაიდო კლუბების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. 
გაიმარჯვა კლუბ "საფიხვნოს" ბლოგმა http://sapixvno.blogspot.com/ 23 პოსტით, მას 4 პოსტით ჩამორჩა კლუბი "მე-აქტიური მოქალაქე". გამარჯვებულ ბლოგერს სანდრო თათელაძეს ერგო პრიზი 16გბ გარე მეხსიერება.
ეს კონკურსი ყოველთვიურ სახეს მიიღებს.

Thursday 15 December 2011

სოც.მედიის ტრენინგები სართიჭალის #1 საჯარო სკოლაში


13-14 დეკემბერს სართიჭალის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთათვის ბლოგების შექმნის სწავლება. ტრენინგებს ესწრებოდა კლუბის 15 წევრი. ამ ტრენინგის საჭიროება გამოჩნდა კლუბის წევრებთან წინა დღეებში შემდგარი შეხვედრებისას, როდესაც მათ ინფორმაცია მიიღეს ამ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ბლოგერების კონკურსის შესახებ, რითაც ძალიან დაინტერესდნენ.
თავდაპირველად ტრენინგის ყველა მონაწილემ ელ.ფოსტა შეიქმნა gmail.com-ში, გაეცნო მასში მუშაობას, შემდეგ დარეგისტრირდა blogger.com-ზე და დაიწყო საკუთარი ბლოგების შექმნა. კლუბის წევრებმა შეისწავლეს ბლოგზე პოსტების დადება და ბლოგის გაფორმება სხვადასხვა გაჯეტებით. ასევე შეიქმნა კლუბ "All stars" ბლოგი, რომელზეც დაიდება ინფორმაციები კლუბის მიერ ჩატარებული აქტივობების შესახებ. 
ამ ტრენინგებით კიდევ ახალი ჯგუფი შეემატა ქართველ  ბლოგერებს.

Monday 12 December 2011

შეხვედრა სამოქალაქო კლუბ "All Stars"-ის წევრებთან

12 დეკემბერს საკონსულტაციო შეხვედრა შედგა სართიჭალის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთან. კლუბ "All Stars"-ის წევრებს დიდი სურვილი აქვთ აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და შეძლებისდაგვარად მოაგვარონ სკოლისა და თემის წინაშე არსებული ის პრობლემები, რომლებიც შეხვედრისას გამოიკვეთა. 
კლუბის წევრები გაეცვნენ უკვე დაფინანსებული გრანტების თემებს, რომლებიც განთავსებულია http://initiatives.ge/-ზე და გაუჩნდათ საგრანტო განაცხადის იდეებიც.  ასევე დაათვალიერეს http://civics.ge/ და მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროგრამა სხვა რეგიონებში, რა ღონისძიებები ხორციელდება სამოქალაქო კლუბების მიერ, ხოლო http://civic-siqa.blogspot.com/-ზე იხილეს უკვე ქვემო  ქართლის სამოქალაქო კლუბების მუშაობა.
ახლო  მომავალში კლუბი "All Stars"-ის ბლოგიც შეიქმნება, რომელზეც აისახება ყველა ის ღონისძიება, რასაც სართიჭალის №1 სამოქალაო კლუბი განახორციელებს.

Thursday 8 December 2011

საკონსულტაციო შეხვედრები სართიჭალის №1 საჯარო სკოლაში

7-9 დეკემბერს მორიგი საკონსულტაციო შეხვედრები შედგა სართიჭალის №1 საჯარო სკოლაში, რომელზეც  სკოლის დირექტორს ირინა  მაისურაძესა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ლალი როსტიაშვილსა და ირმა წიკლაურს დამატებითი ინფორმაცია მიეწოდათ პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, მის მიმართულებასა და პრიორიტეტებზე, საგრანტო პროექტებსა და სოც.ქსელებში ინფორმაციის გავრცელებაზე.  ასევე ვორკშოპი ჩაუტარდათ საგრანტო განაცხადის აპლიკაციის შევსებაზე. სამოქალაქო განათლების პედაგოგები დარეგისტრირდნენ facebook-ის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე და გაეცნენ ფორუმის მონაწილეთა ნააზრევს. სკოლის სამოქალაქო კლუბი დაინტერესებულია საგრანტო პროექტებით და აპირებს საგაზაფხულოდ რამოდენიმე საგრანტო განაცხადის გაკეთებას.

Thursday 1 December 2011

სოც. მედიის ტრენინგები ქვემო ქართლში

5-6 ნოემბერს სიქა-ს ოფისმა უმასპინძლა  სოც. მედიის  ტრენინგებს. ტრენინგ კურსის მიზანი  იყო ქვემო   ქართლის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის სოც. მედიის გამოყენების უნარების გაზრდა. ტრენინგი ორგანიზებული იყო “სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” ფარგლებში. ტრენერმა სანდრო ასათიანმა  სამოქალაქო კლუბის წევრებს შეასწავლა ბლოგებისა და სოც. მედიის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება.მას დახმარებას უწევდნენ ამავე პროექტის ფარგლებში უკვე გადამზადებული ბლოგერები: ნინი ბერიძე ,თაზო ჩხაიძე, ქეთი სიფრაშვილი და მე მარიამ მხეიძე.