Monday 27 May 2013

შეხვედრა დათო ტურაშვილთან

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 25 მაისს სიქა-მ ორგანიზება გაუკეთა სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრთა შეხვედრას  მწერალ დათო ტურაშვილთან. რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული შეხვედრის მიზანი იყო საუბარი საზოგადოების ცხოვრებაში ახალგაზრდობის აქტიურ ჩართულობასა და წიგნიერების მნიშვნელობაზე.
შეხვედრა მოწვეულ სტუმართან საინტერესო გამოდგა. მწერალმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა გახდე აქტიური მოქალაქე, სადაც მაგალითები პირადი ცხოვრებიდან მოიყვანა. ასევე აღნიშნა, რომ პიროვნული ზრდისთვის უცილებელია წიგნის კითხვა.
ახალგაზრდები დიდი ინტერესით უსვამდნენ შეკითხვებს მწერალს როგორც მისი საზოგადოებრივი საქმიანობის, ასევე შემოქმედების შესახებ. მწერალი ძალიან უშუალო იყო აუდიტორიის მიმართ და ამომწურავად პასუხობდა მოსწავლეებს.
შეხვედრის ბოლოს დასმულ შეკითხვაზე: დაესახელებინათ ერთი კონკრეტული რამ, რაც ასწავლათ ამ შეხვედრამ, მონაწილეებმა შემდეგნაირად უპასუხეს:
 „ვეცადოთ ვიყოთ თავისუფლები და მხოლოდ ამის შემდეგ არ შეგვეშინდება არაფრის, თავისუფლების წყარო კი წიგნი და განათლებაა“ - ანა სანაია, რუსთავის #20 საჯარო სკოლა.
„დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ წიგნების კითხვას ადამიანისთვის  სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“- ელენე გოგიძე რუსთავის #20 საჯარო სკოლა.
ახალგაზრდებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ნაკითხ და განათლებულ ადამიანს შეუძლია უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს  საზოგადოებას, იზრუნოს მის განვითარებაზე.
შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა ავტოგრაფებიც მიიღეს საჩუქრად.

შეხვედრას დაესწრო ბოლნისის, კაზრეთის და რუსთავის სკოლების 60-მდე მოსწავლე. სიქა მომავალშიც გეგმავს მოსწავლეებისთვის საინტერესო სტუმრების მოწვევას.

Thursday 23 May 2013

მეორე საკონსულტაციო შეხვედრა ვიქტორინის ორგანიზატორებთან

23 მაისს სიქა-ს ოფისში შედგა მეორე სამუშაო შეხვედრა ვიქტორინის "ეთნოსები და რელიგიები საქართველოში" ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის. ვიქტორინას ატარებს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და მასში მონაწილეობას მიიღებენ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პარტნიორი სკოლის მოსწავლეები ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან.
ვიქტორინაში მონაწილე რუსთავის #15, მარნეულის #5 და გარდაბნის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებს დაუსვეს ვიქტორინასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო კითხვები. ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა ამომწურავად გასცა პასუხი დასმულ კითხვებზე, რჩევები მისცა ახალგაზრდებს ვიქტორინისთვის უკეთ მოსამზადებლად და წარმატებები უსურვა.
ვიქტორინა "ეთნოსები და რელიგიები საქართველოში" 3 ივნისს ჩატარდება თბილისში, რომელზეც გამარჯვებული დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით, ხოლო მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები.

Tuesday 21 May 2013

პროექტის „აქტიური მოსწავლე–წარმატებული მოქალაქე“ შემაჯამებელი შეხვედრა

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „აქტიურები“ განახორციელა პროექტი „აქტიური მოსწავლე–წარმატებული მოქალაქე“. 16 მაისს მოეწყო პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრას დაესწრნენ PH International, ადგილობრივი თვითმმართველობის, სიქა – პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის, ადგილობრივი თემის  წარმომადგენლები.
მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს პროექტის ფარგლებსი ჩატარებული აქტივობები. სკოლამ კლუბს გამოუყო სამუშაო ოთახი, რომლისთვისაც გრანტის ფარგლებში შეიძინეს ინვენტარი და საკანცელარიო მასალა. ოთახის მოწესრიგების შემდეგ სკოლის მასშტაბით მოაწყეს დასუფთავების აქცია, რომელშიც მთელი სკოლა ჩაერთო. მოსწავლეებმა შექმნეს ორენოვანი პოსტერები, რომლითაც ყველას მოუწოდებდნენ, გაფრთხილებოდნენ გარემოს. მოწვეულმა ტრენერმა ჩაატარა ტრენინგები თემებზე: „ადამიანის უფლებები“ და „გენდერული თანასწორობა“.  ტრენინგს დაესწრნენ კლუბის წევრები და სხვა უფროსკლასელი მოსწავლეები, თემის წევრები და პედაგოგები.
კლუბის წევრებმა თემში ჩაატარეს და დაამუშავეს კვლევა, რომლითაც გამოავლინეს თემის  უმნიშვნელოვანესი და მნიშვნელოვანი საჭიროებები. კვლევის შედეგები გადასცეს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ შეძლონ თემის მოთხოვნილებების გათვალისწინება. მოსწავლეებმა დაგეგმეს და ჩაატერეს ორენოვანი სათემო აქცია „ჩვენ აქტიური მოქალაქეები ვართ“, სადაც წინასწარ მომზადებული პოსტერებით და სოფელში მსვლელობით თემის ყურადღება მიაქციეს და დააფიქრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ჯანსაღი ცხოვრების წესი, სუფთა გარემო, ტრეფიკინგი, ადამიანის უფლებები და სხვ. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თვითმმართველობის და სკოლის დირექციის წევრებმაც.  კლუბის წევრებმა დაგეგმეს და სკოლის ფოიეში მოაწყვეს სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა თემებზე: ბავშვთა უფლებები, ეკოლოგია, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა და სხვ.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სკეტჩები ბავშვთა უფლებების შესახებ, რაც 1 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების ნაწილია.
შემაჯამებელ შეხვედრაზე  პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

პროექტის „სუფთა გარემო“ შემაჯამებელი შეხვედრა

16 მაისს მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ჩემები“ მოაწყო პროექტის „სუფთა გარემო“ შემაჯამებელი შეხვედრა. პროექტი განხორციელდა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ მცირე გრანტების ფარგლებში.
კლუბის წევრებმა სტუმრებს გააცნეს პროექტის მიმდინარეობა და მისი შედეგები: მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და მოამზადეს პუბლიკაცია ეკოლოგიის შესახებ და გაავრცელეს თემში. ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით შეარჩიეს და შეიძინეს ნერგები, შეათანხმეს ადგილი და მოაწყვეს გამწვანების აქცია მარნეულის ცენტრალურ სკვერში და თემში თვითმმართველობის და თემის წევრებთან ერთად დარგეს 60 ნერგი.  პროექტის ფარგლებშივე მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი ეკოლოგიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ.
შემაჯამებელი შეხვედრა შედგა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მარნეულის ოფისში. შეხვედრას მარნეულის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებთან ერთად დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურს ცენტრისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. სტუმრებმა ნახეს აქციის შესახებ ადგილობრივი ტელევიზიის მიერ მომზადებული რეპორტაჟი და გადაეცათ პუბლიკაციაც.
სამოქალაქო კლუბს „ჩემები“ პროგრამის ფარგლებში კიდევ არაერთი სასარგებლო აქტივობა აქვს დაგეგმილი.

Sunday 19 May 2013

შეხვედრა გიორგი მოსიძესთან

15 მაისს სიქა-მ ორგანიზება გაუკეთა სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრას გადაცემა "რა, სად , როდის" ავტორთან გიორგი მოსიძესთან. რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შევხდრას ესწრებოდნენ სამიზნე სკოლების 60-ზე მეტი წევრი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. საინტერესო შეხვედრაზე ბატონმა გიორგიმ არაერთხელ გააჟღერა შეხვედრის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი სწავლით და დაუზარელი შრომით შესაძლებელია საკუთარი ღირსეული ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში, წარმატების მიღწევა საქმიანობებში.

Thursday 2 May 2013

სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის მუშაობა დასრულდა

2013 წლის 26-30 აპრილში რუსთავში მიმდინარეობდა სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკი. ბანაკის მსვლელობის დროს მონაწილეებს, ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის ქართულ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები კულტურული იდენტობისა და პროექტების წერაზე, რომლის ფასილიტატორები იყვნენ თეა ლობჟანიძე და ცირა თავშავაძე.
ტრენინგების პარალელურად ბანაკში მიდიოდა მუშაობა 7 სხვადასხვა საპროექტო იდეაზე, რომელიც უნდა განხორცილედეს ბანაკის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილე მოსწავლეების მიერ. მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტების მიხედვით მოამზადეს პროექტები და წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას: რუსთავი - "აქტიური მოქალაქეობა და დემოკრატიული ფასეულობები", დმანისი - "ერთად აღმოვაჩინოთ დმანისი", თეთრიწყარო - "სამოქალაქო განვითარებისა და ჩართულობის ტრენინგ კურსი, ბოლნისი - "აქტიური ნაბიჯი ინტეგრაციისაკენ", წალკა - "მხიარული სტარტები", გარდაბანი - "იცხოვრე მავნე ჩვევების გარეშე", მარნეული - "ვიყოთ თანასწორები".
ბანაკში მონაწილეობდა მარნეულის #8, ალგეთის #1, შულავერის #1, ქესალოს, ვახტანგისის #1, ლემშვენიერას, თრიალეთის, ნახიდურის, ძველი ქვეშის, თეთრიწყაროს #2, დმანისის #3 და რუსთავის #2 საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.
ახალგაზრდული ბანაკი ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის "ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის" ორგანიზებით.