Tuesday 31 May 2011

დებატების რეგიონული ტურნირი

 დებატების რეგიონული ტურნირისთვის მზადება

დებატების რეგიონული ტურნირის დაგეგმვის ეტაპზე მოხდა პროგრამაში ჩართული სკოლების ინფორმირებულობა. დაინტერსებული სკოლები დაიყო ორ  სამუშაო ჯგუფად, რის შემდეგაც დაიგეგმა კვირაში 2 სამუშაო შეხვედრა.
სამუშაო შეხვედრების ციკლი დაიწყო 9 აპრილს და გაგრძელდა 23 მაისამდე, რომლებზეც სამოქალაქო კლუბის წევრები სწავლობდნენ ფორმალური დებატების წესებსა და ტექნიკას, და პრაქტიკაში ახორციელებდნენ ანუ თამაშობდნენ; მწვრთნელისგან, ნინო ვარდიაშვილისგან,  იღებდნენ კონკრეტულ რჩევებს, შენიშვნებს, რამაც თავისთავად გაზარდა მონაწილეები, როგორც მოდებატეები. სულ შედგა 14 შეხვედრა: თითო შეხვედრა გრძელდებოდა 2-3 საათის განმავლობაში.  ტურნირისთვის მზადების პროცესი გაგრძელდა 2 თვე. 

დებატების ტურნირი

დებატების ტურნირი გაიმართა  28-29 მაისს, 11:00-18:00-მდე.
ტურნირში მონაწილეობდნენ რუსთავის : 1, 4, 5, 7, 10, 12, 15, 21, 22, 25 , გარდაბნის #1 და  ბოლნისის #5 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის  წევრები.
ღონისძიებაში ჩართული იყო: 12 საჯარო სკოლის 42 მოსწავლე და 10 მსაჯი.
ტურნირის პირველ დღეს მონაწილე 14-მა გუნდმა ითამაშა 4-4 თამაში თანაბარ პოზიციებში. თითოეულმა გუნდმა ითამაშა 2 მტკიცებითი და 2 უარმყოფელი პოზიცია. გარდა ამისა ყოველი მომხსენებელი შეფასდა ქულებით და რანგებით. მეორე დღეს კი ოლიმპიური მეთოდით, 8 ნახევარ ფინალისტმა გუნდმა ითამაშა. წაგება-გავარდნის მეთოდით შედგა ფინალური თამაში, სადაც ითამაშა ბოლნისის #5 სკოლის და რუსთავის #5 სკოლის სამოქალაქო კლუბის მოდებატეებმა. გამარჯვებული გახდა ბოლნისის #5 სკოლა. ასევე გამოვლინდა 10 საუკეთესო მომხსენებელი:
 I ადგილი დაიკავა #22 სკოლის მოსწავლემ სალომე გიგნიაშვილმა,
 II ადგილი - გარდაბნის #1 სკოლის მოსწავლე ილო ქარდავამ,
 III ადგილი -  #5 სკოლის მოსწავლემ ნანა ლობჟანიძემ.
ფინალისტი გუნდები და 10 საუკეთესო მომხსენებლი დაჯილდოვდნენ პრიზებით და სიგელებით, ხოლო დანარჩენი მოდებატეები - მონაწილის სერთიფიკატით.
ტურნირის პირველ დღეს მოდებატეებთან გაიმართა დისკუსია კითხვა- პასუხის რეჟიმში, სადაც  დასმული იყო შემდეგი შეკითხვა: “დამისახელეთ ერთი კონკრეტული რამ, რაც გასწავლათ დებატებმა და ამ ტურნირმა?” ამ კითხვაზე მოდებატეებმა შემდეგნაირად უპასუხეს (ციტირება ):
მარიამ მიროტაძე #25 სკოლა – მასწავლა ჩემი აზრის დაცვა, პოზიციის წარმოჩენა და ის, რომ დაბნევა ცუდია.
მარიამ ქვათაძე #12 სკოლა – მასწავლა სიმშვიდე და ვცდილობ გაწონასწორებული ვიყო.
თორნიკე სამხარაძე ბოლნისის#5 სკოლა- ვისწავლე სხვისი აზრის პატივისცემა.
თამუნა კობაიძე #10 სკოლა – მასწავლა გუნდურობა.
მერი ჯალიაშვილი #7 სკოლა- ვისწავლე გუნდურობა, თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება.
თაკო გოგოლაძე #22 სკოლა- ვისწავლე ჩაწერა ყველაფრის და ის, რომ უნდა იყო მოქნილი (ეშმაკობაც ვისწავლე);
სალომე გიგნიაშვილი #22სკოლა - ერთი ფაქტის სხვადასხვა კუთხით დანახვა და შესაბამისად გამოყენება.
მარი სხირტლაძე #21 სკოლა- ვისწავლე, რომ შეიძლება შევეწინააღმდეგო ჩემთვის მისაღებ ფაქტს, რადგან თამაშს ასე სჭირდება.
როგორც ამ პასუხებიდან ჩანს, მოთამაშეებისათვის დებატების ტურნირი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.  ტურნირის დასასრულს დაიგეგმა მონაწილე მსაჯებთან სამუშაო შეხვედრის თარიღი, სადაც მოხდება ტურნირის მსვლელობისა და შედეგების გაანალიზება.

Monday 30 May 2011

პროგრამის პირველი წლის შუალედური ანგარიში

25 მაისს რუსთავის მე–15 საჯარო სკოლაში მოწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" მიმდინარეობის შუალედური ანგარიში ქვემო ქართლის რეგიონში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და გრანტების მენეჯერი თამუნა ფრუიძე. ქვემო ქართლის სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა გარდაბნიდან, მარნეულიდან, კაზრეთიდან, რუსთავიდან და გარდაბნის რაიონის სოფლებიდან წარმოადგინეს კლუბების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მოკლე ანგარიში, გრანტების მიმღებმა სკოლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მათი საგრანტო პროექტების მიზნები და დასახული ღონისძიებები. წარმოდგენილი იყო რეგიონული ღონისძიებების "ვზრუნავთ გარემოსა და გარშემომყოფებზე" და "ეკობორბალის" პრეზენტაცია, ასევე დაგეგმილი რეგიონული ღონისძიებების გეგმები. ფოიეში მოეწყო პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო კლუბების მიერ შემნილი პოსტერების გამოფენა. 
"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ხელმძღვანელებმა დადებითად შეაფასეს ქვემო ქართლში პროგრამის მიმდინარეობა, პროგრამის კოორდინატორებს მისცეს რჩევები პროგრამის უკეთ წარმართვის შესახებ.

Friday 20 May 2011

აპრილის თვის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა

გამოვლინდა 2011 წლის აპრილის თვის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულთა ვინაობა. ქვემო ქართლიდან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ექვსმა პროექტმა:
  • "იყავი მზად უკონფლიქტო ურთიერთობებისათვის",  რუსთავის მე–10 საჯარო სკოლა, პროექტის ხელმძღვანელი ნანა შატბერაშვილი
  • "ძმაო ძმითა ხარ ძლიერი", რუსთავის 25–ე საჯარო სკოლა, პროექტის ხელმძღვანელი თინათინ წიქარიშვილი;
  • "გზა საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეობისკენ",  წალკის რაიონის სოფელ ბაშქოის საჯარო სკოლა, პროექტის ხელმძღვანელი ინეზა კორძაია;
  • "სკოლიდან იწყება ყველაფერი", მარნეულის #5 საჯარო სკოლა, პროექტის ხელმძღვანელი ლეილა მირზოევა;
  • "გავაუმჯობესოთ სკოლის ცხოვრება", ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლა, პროექტის ხელმძღვანელი სოფიკო დემურაშვილი;
  • "ახალგაზრდობა უდანაკარგოდ", ქ. რუსთავის #1 საჯარო სკოლა, პროექტის ხელმძღვანელი ანა ადამია
ვულოცავთ სკოლებსა და პროექტის ხელმძღვანელებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებას.

Monday 16 May 2011

მე-12 საჯარო სკოლის პროექტი "ჯანსაღ გარემოში - ჯანსაღი სხეულია"

20 მაისს ქ. რუსთავის მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი გეგმავს საკლუბო აქტივობას "ჯანსაღ გარემოში - ჯანსაღი სხეულია".
პროექტის მიზანია სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მაღალი ბალახებისა და ნაგვისაგან, რაც უსაფრთხოს გახდის სკოლის ეზოში გადაადგილებას . ასევე იგეგმება ხეების დარგვა. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები.

28-29 მაისი რეგიონული დებატები

გაცნობებთ რომ 28-29 მაისს ქ. რუსთავში "სამოქალაქო გაანთლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში იგეგმება რეგიონული დებატების ტურნირი რეზოლუციით" მასმედიის ცენზურა გამართლებულია" ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ქვემო ქართლის 16 სამიზნე სკოლის მოდებატეთა გუნდები გარდაბნიდან, მარნეულიდან, ბოლნისიდან და რუსთავიდან. დებატები ჩატარედება "ფასეულობითი დებატების ანუ კარლ პოპერის" ფორმატით.
მონაწილე მოდებატეთა გუნდები მეორე თვეა გულმოიდგინედ ემზადებიან ტურნირისათვის.


Sunday 15 May 2011

საზაფხულო ბანაკის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო

გაცნობებთ, რომ დაიწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილი საზაფხულო ბანაკის მონაწილეების შერჩევა. საზაფხულო ბანაკის ჩატარება იგეგმება 2011 წლის ივნისის თვის ბოლოს. ბანაკისათვის შეირჩევა მხოლოდ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. რომლებიც სწავლობენ პროგრამის სამიზნე სკოლებში და აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
  • არიან სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერები, რომლებმაც ინიცირება გაუკეთეს სხვადასახვა პროექტებს და აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ პროექტების წარმატებით განხორციელებაში;
  • მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო კლუბების საგრანტო კონკურსებში;
  • მათი ინიციატივით განხორციელდა ერთობლივი პროექტები სხვა სკოლებთან ან სხვა რეგიონების სკოლის მოსწავლეებთან თანამშრომლობით;
  • გაიარეს ტრენინგები სოციალურ მედიაში და მათ მიერ შექმნილი ბლოგების არის ინფორმაციულად მუდმივად განახლებადი.
საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად ქვემო ქართლის რეგიონიდან შეირჩევა 15 მოსწავლე. თუკი სურვილი გაქვთ მონაწილოება მიიღოთ საზაფხულო ბანაკში და ამასთანავე აკმაყოფილებთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთს, გთხოვთ 2011 წლის 27 მაისამდე მოგვწეროთ თქვენი განაცხადი ელ.ფოსტაზე: civic.siqa@gmail.com
ბანაკში შერჩეულ მოსწავლეთა ვიანობა გამოვილდება 2011 წლის 31 მაისს.

Friday 13 May 2011

ეკობორბალი

12 მაისს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო რეგიონული მასშტაბური ღონისძიება "ეკობორბალი". ღონისძიებაში ჩართული იყო პროგრამის სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბები ქვემო ქართლის რეგიონიდან. გარდაბნის, ლემშვენიერას, მარნეულის, ვახტანგისის, გამარჯვების, კრწანისის და რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ "ეკობორბალის" მომზადებისა და განხორციელების პროცესში. აქტივობებს ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, დეპუტატი, ქ. რუსთავის ახალგაზრდული დეპარტამენტის წევრები. მათ ახალგაზრდებს გაუზიარეს თავისი შეხედულებები  ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოსდაცვით ღონისძიებების მნიშვნელობაზე. 




"ეკობორბალის" მონაწილე მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბებმა გამოფინეს მათ მიერ ჯანსაღ ცხოვრების წესისა და გარემოსდაცვის თემების შესახებ შექმნილი პოსტერები, დაასუფთავეს რუსთავის კულტურისა და დასევენების პარკი, მოაწყვეს მხიარული შეჯიბრებები სხვადასხვა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სახეობებით რბოლაში. მოწვეულმა ველომრბოლელთა კლუბის წევრებმა ახალგაზრდებს გაუზიარეს  ველოსიპედებით გადაადგილების უპირატესობები, მისი დადებით გავლენა ადამიანისა და გარემოს სიჯანსაღეზე.  ორგანიზება გაუკეთეს "მასტერკლასს" ველოტრანსპორტით სარგებლობაზე  – სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად მოაწყვეს ველორბოლა პარკის ტერიტორიაზე.
რუსთაველმა მოსწავლეებმა, რომლებიც თავისუფალ დროს პარკურის ხელოვნების დაუფლებას უთმობენ, სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის წარმოადგინეს პარკურის სახეობით წინააღმდეგობების დაძლევის ხერხების დემონსტრირება.  ჩვენების მიზანი იყო   პარკურის, როგორც  ჯანსაღი ცხოვრების წესისა და  ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ინსტრუმენტის  დემონსტრირება.   
"ეკობორბალის" აქციას მთლიანობაშ დაესწრო 120–დე სამოქალაქო კლუბის წევრი და მოწვეული სტუმარი. ღონისძიებას ჰქონდა დადებითი გამოხმაურება მონაწილეთა მხრიდან.
"ეკობორბალის" აქციას არ ექნება ერთჯერადი სახე და მსგავსი აქტივობები დაგეგმილია ქვემო ქართლის სხვადასხვა რეგიონებში. ასევე იგეგმება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენების უპირატესობებზე ბუკლეტებისა და პოსტერების დამზადება/გავრცელება. ადგილობრივ თვითმმართველობებისათვის პეტიციების მომზადება ადგილებზე ველო–ბილიკებისა და სკოლებში ველოსადგომების მოწყობის თხოვნით.
იხილეთ "ეკობორბალის" ამსახველი ფოტომასალა 

Thursday 5 May 2011

ღონისძიება "ეკობორბალი"

2011 წლის 12 მაისს ქ. რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში დაგეგმილია რეგიონული ღონისძიება "ეკობორბალი". ღონისძიება ხორციელდება "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, მოსწავლეების  ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო კლუბების დაახლოება, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა, მოსწავლეთა გააქტიურება.
აქტივობაში მონაწილეობას მიიღებენ პროგრამაში ჩართული ქვემო ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეები.  სასკოლო სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლები გამოფენენ მათ მიერ შექმნილ ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ პოსტერებს და სლოგანებს, მოეწყობა ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშემწყობი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების დემონსტრირება მათ პოპულარიზაციის მიზნით.
შედგება პეტიცია ადგილობრივი თვითმმართველობებისადმი ქალაქების ცენტრალურ ქუჩებზე ველოტრეკის მოწყობის მოთხოვნით. პეტიციებზე ხელმოწერების შეგოვების შემდეგ მოთხოვნები მიეწოდებათ ქ. რუსთავის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის ადგილობრივ თვითმმართველობებს.

Monday 2 May 2011

ფოტოკონკურსი "ჩემი სამოქალაქო კლუბი"

ვიწყებთ ფოტოკონკურსს "ჩემი სამოქალაქო კლუბი". კონკურსში მონაწილეობისათვის მოგვაწოდეთ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო კლუბების აქტივობების ამსახველი ფოტოები მოკლე აღწერით. 
ფოტოკონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოვლენა მოხდება "ფეისბუკში" სიქა-ს გვერდზე კონკურსის ალბომში განთავსებულ სურათებზე მიღებული შეფასებებით(Like).
 მნახველთა მიერ ყველაზე მეტად "მოწონებული 10 სურათი და ჟიურის მიერ შინაარსისა და მხატვრული ღირებულებებით შერჩეული  10 ფოტო (სულ 20 ფოტოსურათი) დაიბეჭდება დიდი ზომით და გამოიფინება ქვემო ქართლის რესურს ცენტრებში. 
ყველაზე "პოპულარული" 3 ფოტოსურათის ავტორები ასევე დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.
კონკურსში მონაწილობისათვის ფოტო სურათები მოკლე აღწერით გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე civic.siqa@gmail.com

4 მაისის შეხვედრის ანონსი

ოთხშაბათს 15:00 საათზე სიქა-ს ოფისში სამოქალაქო კლუბების ლიდერების მორიგ შეხვედრაზე მოხდება პროექტის მწვანე გამოწვევა რუსთავის საზოგადოებას” პრეზენტაცია.