Thursday 29 March 2012

საჯარო დებატი რუსთავის მერიის სათათბირო დარბაზში

28 მარტს სიქას ორგანიზებით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სათათბირო დარბაზში საჯარო დებატი გაიმართა თემაზე "ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა აგვარებდეს ახალგაზრდობის პრობლემებს". დებატებში მონაწილეობა მიიღო ორმა გუნდმა, რომელთაგან ერთი ამტკიცებდა რეზოლუციას, მეორე კი უარყოფდა. გუნდების მონაწილეები იყვნენ სამოქალაქო კლუბების წევრები ბოლნისიდან, გარდაბნიდან და რუსთავიდან. საჯარო დებატებს დაესწრნენ რუსთავში მოქმედი 4 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რეგიონის სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და მასწავლებლები, მერიის ახალგაზრდული ფრთის პირველი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სულ - 44 ადამიანი.
დებატების მიმდინარეობას აკვირდებოდა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით: რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი ნინო ბასილაშვილი, საგანმანათლებლო დებატების ექსპერტი ნინო ბერიშვილი, ჯურნალისტი მარიკა ვარდოშვილი.
დებატების მიმდინარეობისას დამსწრე აუდიტორიას ორჯერ მიეცა საშუალება კითხვები დაესვა მონაწილეებისათვის და გამოეთქვა საკუთარი აზრი. მოდებატების მოხსენების შემდეგ კი ყველა აქტიურად ჩაერთო საკითხის განხილვაში და პოლემიკაც გაიმართა. 
თვითმმართველობის ყველა წარმომადგენელმა ერთხმად განაცხადა, რომ თვითმმართველობამ აუცილებლად უნდა მოაგვაროს ახალგაზრდების პრობლემები და ისინი მზად არიან ამ საკითხებში მუშაობისათვის. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი პრობლემას ახალგაზრდობის პასიურობაში ხედავენ და დამსწრე ახალგაზრდობას აქტიურობისკენ მოუწოდეს.
მერიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, ისინი მზად არიან დაეხმარონ ყველა საკითხის მოგვარებაში და მოუწოდეს, რომ მიაკითხონ მათ იდეებით თუ პროექტებით და პირობა მისცეს, რომ ყველა საინტერესო იდეა მათი მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.
საბოლოოდ აუდიტორია შეთანხმდა, რომ საჭიროა ახალგაზრდების კიდევ უფრო გააქტიურება, რის შემდეგაც ხელისუფლება მზად არის მათი ინიციატივების განხილვისა და შემდეგში განხორციელებისთვის.
მსჯელობის დასრულების შემდეგ აუდიტორიამ ღია კენჭისყრაზე დააფიქსირა საკუთარი აზრი, პირობითად მწვანე ფერის ფურცელი ნიშნავდა რეზოლუციაზე თანხმობას, ხოლო ყვითელი - არ დათანხმებას. სრულმა უმრავლესობამ რეზოლუცია გაამართლა.

ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

სიქას ორგანიზებით 27 მარტს ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტი მოეწყო. ვიზიტისთვის შეირჩა ბოლნისის ხუთი, მარნეულის ოთხი და რუსთავის ორი სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრები, სულ 40 მოსწავლე და 6 მასწავლებელი. მონაწილეთა უმეტესობა აზერბაიჯანულენოვანი სკოლებიდან იყო და რუსთავის #18 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა ომარ ომაროვმა შეასრულა თარჯიმნის როლი, რომელიც გიდის საუბარს სინქრონულად თარგმნიდა აზერბაიჯანულ ენაზე.
ვიზიტის პირველ ნაწილში მოსწავლეებს მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომას, მოისმინეს რამდენიმე დეპუტატის გამოსვლა. სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი ოფიციალურად მიესალმა ქვემო ქართლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ყველა მათგანს წარმატებები უსურვა.
შემდეგ მონაწილეებმა მოიარეს პარლამენტის ყველა სართული, გაეცნენ სხვადასხვა ისტორიული ნივთების დანიშნულებას, დაათვალიერეს საჩუქრების მუზეუმი, სადაც უამრავი საინტერესო ნივთი ინახება. პარლამენტის შენობის სრული დათვალიერების შემდეგ ჯგუფმა ეზოში გადაინაცვლა და ვიზიტორებმა მოისმინეს ისტორია იუნკრების შესახებ, რომლებიც პარლამენტის ეზოში არიან დასაფლავებულნი.
ვიზიტის ბოლოს მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ფოტო-მუზეუმი და ხარების ეკლესია.
დღის შეჯამებისას მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, უფრო დეტალურად გაეცნონ პარლამენტის სტრუქტურასა და საქმიანობას, რათა მომავალში შეძლონ სხვადასხვა საკითხების განხილვაში საკუთარი წვლილის შეტანა.

Wednesday 28 March 2012

სართიჭალის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის სამუშაო შეხვედრა

28 მარტს კლუბ "All stars" წევრებმა მოაწყვეს მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც კლუბის მეურვე  - ლალი როსტიაშვილიც ესწრებოდა. კლუბის წევრებმა იმსჯელეს სკოლისა და თემის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ და გადაწყვიტეს, მოაწყონ სამუშაო შეხვედრა სართიჭალის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება კლუბის გაზეთის გამოშვების შესახებ, რომელიც ყოველთვიურად გამოვა და დაინტერესებულ პირებს გააცნობს კლუბის მუშაობის შედეგებს. რადგან ინტერნეტი ყველა მოსწავლესთვის არ არის ხელმისაწვდომი, რათა მიიღოს ინფორმაცია კლუბის შესახებ, ამიტომ გაზეთი გამოიკვრება სკოლის ფოიეში.
აღსანიშნავია, რომ სართიჭალის #1 საჯარო სკოლის კლუბის წევრები გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც დაესწრნენ რუსთავში ჩატარებულ პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრას, რომელზე მოისმინეს ქვემო ქართლის რეგიონიდან თანატოლების ანგარიშები, რის შემდეგაც გაუჩნდათ სურვილი გააკეთონ სასარგებლო საქმე და თვითონაც წარსდგნენ ანგარიშით ფართო აუდიტორიის წინაშე.

Thursday 22 March 2012

გამოვლინდნენ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულნი

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების მიმდინარე გამარჯვებული პროექტები ქვემო ქართლის რეგიონში: 

  1. მაია გაჩეჩილაძე, სსიპ რუსთავის #18 საჯარო სკოლა - "FM-18";
  2. ანა წერეთელი,  სსიპ რუსთავის #20 საჯარო სკოლა - "დარგე ხე, გაამწვანე რუსთავი";
  3. მარიამ მებურიშვილი ,  სსიპ რუსთავის #26 საჯარო სკოლა - "ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში";
  4. მარიამ ნოზაძე, სსიპ სოფ.ნორიოს საჯარო სკოლა - "სააქტო დარბაზი";
  5. ლალი როსტიაშვილი, სსიპ სოფ.სართიჭალის #1 საჯარო სკოლა - "ახალგაზრდების კიდევ ერთი ნაბიჯი წარმატებული სკოლისაკენ";
  6. სოფია ირემაშვილი, სსიპ სოფ.ვახტანგისის #1 საჯარო სკოლა - "გზა ინტეგრაციისაკენ";
  7. ეკა მულაძე, სსიპ სოფ.ვახტანგისის #2 საჯარო სკოლა - "დისკრიმინაცია სირცხვილია";
  8. ხატია ნიქაბაძე, სსიპ სოფ. ძველი ქვეშის საჯარო სკოლა - "ბიბლიოთეკა - ნაბიჯი ინტეგრაციისათვის";
  9. ნინო გოგიჩაიშვილი, სსიპ ქვემო ბოლნისის #1 საჯარო სკოლა - "ხელი ხელს".
სიქა ულოცავს გამარჯვებას რუსთავის #18, #20, #26, ვახტანგისის #1 და #2, სართიჭალის #1, ძველი ქვეშისა და ქვემო ბოლნისის #1 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებს და წარმატებებს უსურვებს პროექტების განხორციელების პროცესში.

Wednesday 21 March 2012

პროგრამის პრეზენტაცია მარტყოფის #2 საჯარო სკოლაში

20 მარტს მარტყოფის #2 საჯარო სკოლაში მოეწყო პროგრამის პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრნენ მე-9 კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლაშა ახობაძე. ისინი ინტერესით გაეცვნენ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" მიზნებს, მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, დაათვალიერეს პროგრამის საიტები. მარტყოფის #2 სკოლას პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს და მათთვის მეტად საინტერესოა ამ პროგრამაში მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებმა უახლოეს მომავალში შეკრება და სამოქალაქო კლუბის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს.

ონლაინ კონფერენციაში რუსთავის სკოლების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს

18 მარტს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ონლაინ კონფერენცია მოეწყო. კონფერენციის სტუმარი ქართველი მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე იყო. ონლაინ კონფერენციას შეუერთდნენ სამოქალაქო კლუბის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის რუსთავის სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც სიქა-ს ოფისში შეიკრიბდნენ და იქიდან ჩაერთვნენ კონფერენციაში.
კონფერენციის მთავარი თემა სამოქალაქო აქტივობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დემოკრატიის მნიშვნელობა იყო.

კონფერენციის პირველ ნაწილში სტუმარმა ზემოთ აღნიშნულ თემებზე ისაუბრა, მეორე ნაწილში კი მოსწავლეების კითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად მწერლის პროფესიულ საქმიანობას და სამოქალაქო აქტივობის შესახებ მის მოსაზრებებს შეეხებოდა. დასკვნით ნაწილში სტუმარი სამოქალაქო კლუბების დანიშნულებითა და საქმიანობითაც დაინტერესდა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ "სიქაში" შეკრებილმა ახალგაზრდებმა კონფერენციის ერთგვარი განხილვა და რეზიუმე გააკეთეს, რის შემდეგაც აქტიური მსჯელობა გაიმართა იმასთან დაკავშირებებით, თუ რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივობა და რატომ უნდა იყვნენ აქტიური მოქალაქეები. აზრის გამოხატვის საშუალება ყველა მათგანს მიეცა და საბოლოოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისათვის აუცილებელია იყო აქტიური მოქალაქე.
კონფერენციას "სიქას" ოფისში 18 ადამიანი დაესწრო.

Tuesday 6 March 2012

სოც.მედიის ტრენინგი სართიჭალის #2 საჯარო სკოლაში


6 მარტს სართიჭალის #2 საჯარო სკოლაში ჩატარდა სოც.მედიის ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდა სამოქალაქო კლუბ "იმედის" 12 წევრი. ტრენინგს უძღვებოდა სიქა-ს ტრენერი ეთერ პაიჭაძე. მოსწავლეები გაეცვნენ ბლოგის ინსტუმენტებს და შექმნეს სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგიც, რომელზეც განათავსებენ ინფორმაციებს კლუბის გეგმებისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

Thursday 1 March 2012

გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრთა ვიზიტი იუსტიციის სამინისტროში

1 მარტს გარდაბანისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბების  21  წევრი, როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მოსწავლეები და 5 სამოქალაქო განათლების პედაგოგი „სიქას – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“ ინიციატივით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ. 
 ვიზიტის მონაწილეებმა დაათვალიერეს სამინისტროს კანცელარია, ანალიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტები. მოსწავლეები ადგილზევე გაეცნენ მუშაობის პროცესს და ამომწურავი პასუხი მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.  მოგვიანებით იუსტიციის სამინსტროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს, სამინისტროს ძირითადი საქმიანობებისა და თანამშრომლების შესახებ. 

იუსტიციის სამინისტროს დათვალიერების შემდეგ მოსწავლეთა გუნდს რუსთავის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა. მენეჯერმა გივი ჭანუყვაძემ ბავშვებს  მომსახურების ყველა სევრცე გააცნო.
იუსტიციის სახლში ვიზიტამდე კი სიქას გუნდმა პედაგოგებისთვის მცირე სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მასწავლებლებმა სამოქალაქო კლუბის შესაქმენლად და გასააქტიურებლად საჭირო ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ კლუბის მუშაობის სტრატეგიას,  კლუბის მუშაობის შეფასების კრიტერიუმებს და პროგრამის 2012 წლის პრიორიტეტს: ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. ამას გარდა მიიღეს კონკრეტული და პრაქტიკული რჩევები.
ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დღე ნაყოფიერად შეაფასეს.
ინტერვიუს დროს კითხვაზე, რა მოეწონათ ყველაზე მეტად და მიღებული ინფორმაციიდან რომელი იყო მათთვის უფრო საინტერესო, ყველამ სხვადასხვაგვარად უპასუხა. რამდენიმე მათგანზე შთაბეჭდილება სამინისტროში შექმნილმა გარემომ მოახდინა, ზოგ მათგანს მომუშავე პერსონალთან უშუალო ურთიერთობა მოეწონა. ზოგიერთი მათგანისთვის კი ყველაზე საინტერესო  განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შესახებ მიღებული ინფორმაცია აღმოჩნდა. ეთნიკურად აზერბაიჯანელი  მოსწავლის თქმით კი იგი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ქართველ და აზერბაიჯანელ  ახალგაზრდებს საერთო ინტერესები და შეხედულებები აქვთ და მათ შორის ამ მხრივ დიდი განსხვავება არ არის.

შემაჯამებელი შეხვედრა

29 თებერვალს სსიპ ქ.რუსთავის #10 სკოლაში გაიმართა ქვემო ქართლის რეგიონში "სამოქალაქო განათლებისა დაპედაგოგთა გადამზადების პროგრამის" შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა 200-ზე მეტი დაინტერესებული პირი. შემაჯამებელ შეხვედრაზე გამოცხადდა ნომინაციებში "აქტიური პედაგოგი-2011", აქტიური სამოქალაქო კლუბი 2011", "აქტიური ბლოგერი - 2011", "ხელისუფლებასთან თანამშრომელი - 2011" გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.