Thursday 29 March 2012

საჯარო დებატი რუსთავის მერიის სათათბირო დარბაზში

28 მარტს სიქას ორგანიზებით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სათათბირო დარბაზში საჯარო დებატი გაიმართა თემაზე "ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა აგვარებდეს ახალგაზრდობის პრობლემებს". დებატებში მონაწილეობა მიიღო ორმა გუნდმა, რომელთაგან ერთი ამტკიცებდა რეზოლუციას, მეორე კი უარყოფდა. გუნდების მონაწილეები იყვნენ სამოქალაქო კლუბების წევრები ბოლნისიდან, გარდაბნიდან და რუსთავიდან. საჯარო დებატებს დაესწრნენ რუსთავში მოქმედი 4 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რეგიონის სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და მასწავლებლები, მერიის ახალგაზრდული ფრთის პირველი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სულ - 44 ადამიანი.
დებატების მიმდინარეობას აკვირდებოდა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით: რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი ნინო ბასილაშვილი, საგანმანათლებლო დებატების ექსპერტი ნინო ბერიშვილი, ჯურნალისტი მარიკა ვარდოშვილი.
დებატების მიმდინარეობისას დამსწრე აუდიტორიას ორჯერ მიეცა საშუალება კითხვები დაესვა მონაწილეებისათვის და გამოეთქვა საკუთარი აზრი. მოდებატების მოხსენების შემდეგ კი ყველა აქტიურად ჩაერთო საკითხის განხილვაში და პოლემიკაც გაიმართა. 
თვითმმართველობის ყველა წარმომადგენელმა ერთხმად განაცხადა, რომ თვითმმართველობამ აუცილებლად უნდა მოაგვაროს ახალგაზრდების პრობლემები და ისინი მზად არიან ამ საკითხებში მუშაობისათვის. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი პრობლემას ახალგაზრდობის პასიურობაში ხედავენ და დამსწრე ახალგაზრდობას აქტიურობისკენ მოუწოდეს.
მერიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, ისინი მზად არიან დაეხმარონ ყველა საკითხის მოგვარებაში და მოუწოდეს, რომ მიაკითხონ მათ იდეებით თუ პროექტებით და პირობა მისცეს, რომ ყველა საინტერესო იდეა მათი მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.
საბოლოოდ აუდიტორია შეთანხმდა, რომ საჭიროა ახალგაზრდების კიდევ უფრო გააქტიურება, რის შემდეგაც ხელისუფლება მზად არის მათი ინიციატივების განხილვისა და შემდეგში განხორციელებისთვის.
მსჯელობის დასრულების შემდეგ აუდიტორიამ ღია კენჭისყრაზე დააფიქსირა საკუთარი აზრი, პირობითად მწვანე ფერის ფურცელი ნიშნავდა რეზოლუციაზე თანხმობას, ხოლო ყვითელი - არ დათანხმებას. სრულმა უმრავლესობამ რეზოლუცია გაამართლა.

No comments:

Post a Comment