Thursday 1 March 2012

გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრთა ვიზიტი იუსტიციის სამინისტროში

1 მარტს გარდაბანისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბების  21  წევრი, როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მოსწავლეები და 5 სამოქალაქო განათლების პედაგოგი „სიქას – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“ ინიციატივით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ. 
 ვიზიტის მონაწილეებმა დაათვალიერეს სამინისტროს კანცელარია, ანალიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტები. მოსწავლეები ადგილზევე გაეცნენ მუშაობის პროცესს და ამომწურავი პასუხი მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.  მოგვიანებით იუსტიციის სამინსტროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს, სამინისტროს ძირითადი საქმიანობებისა და თანამშრომლების შესახებ. 

იუსტიციის სამინისტროს დათვალიერების შემდეგ მოსწავლეთა გუნდს რუსთავის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა. მენეჯერმა გივი ჭანუყვაძემ ბავშვებს  მომსახურების ყველა სევრცე გააცნო.
იუსტიციის სახლში ვიზიტამდე კი სიქას გუნდმა პედაგოგებისთვის მცირე სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მასწავლებლებმა სამოქალაქო კლუბის შესაქმენლად და გასააქტიურებლად საჭირო ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ კლუბის მუშაობის სტრატეგიას,  კლუბის მუშაობის შეფასების კრიტერიუმებს და პროგრამის 2012 წლის პრიორიტეტს: ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. ამას გარდა მიიღეს კონკრეტული და პრაქტიკული რჩევები.
ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დღე ნაყოფიერად შეაფასეს.
ინტერვიუს დროს კითხვაზე, რა მოეწონათ ყველაზე მეტად და მიღებული ინფორმაციიდან რომელი იყო მათთვის უფრო საინტერესო, ყველამ სხვადასხვაგვარად უპასუხა. რამდენიმე მათგანზე შთაბეჭდილება სამინისტროში შექმნილმა გარემომ მოახდინა, ზოგ მათგანს მომუშავე პერსონალთან უშუალო ურთიერთობა მოეწონა. ზოგიერთი მათგანისთვის კი ყველაზე საინტერესო  განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შესახებ მიღებული ინფორმაცია აღმოჩნდა. ეთნიკურად აზერბაიჯანელი  მოსწავლის თქმით კი იგი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ქართველ და აზერბაიჯანელ  ახალგაზრდებს საერთო ინტერესები და შეხედულებები აქვთ და მათ შორის ამ მხრივ დიდი განსხვავება არ არის.

No comments:

Post a Comment