Thursday 29 March 2012

ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

სიქას ორგანიზებით 27 მარტს ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტი მოეწყო. ვიზიტისთვის შეირჩა ბოლნისის ხუთი, მარნეულის ოთხი და რუსთავის ორი სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრები, სულ 40 მოსწავლე და 6 მასწავლებელი. მონაწილეთა უმეტესობა აზერბაიჯანულენოვანი სკოლებიდან იყო და რუსთავის #18 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა ომარ ომაროვმა შეასრულა თარჯიმნის როლი, რომელიც გიდის საუბარს სინქრონულად თარგმნიდა აზერბაიჯანულ ენაზე.
ვიზიტის პირველ ნაწილში მოსწავლეებს მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომას, მოისმინეს რამდენიმე დეპუტატის გამოსვლა. სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი ოფიციალურად მიესალმა ქვემო ქართლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ყველა მათგანს წარმატებები უსურვა.
შემდეგ მონაწილეებმა მოიარეს პარლამენტის ყველა სართული, გაეცნენ სხვადასხვა ისტორიული ნივთების დანიშნულებას, დაათვალიერეს საჩუქრების მუზეუმი, სადაც უამრავი საინტერესო ნივთი ინახება. პარლამენტის შენობის სრული დათვალიერების შემდეგ ჯგუფმა ეზოში გადაინაცვლა და ვიზიტორებმა მოისმინეს ისტორია იუნკრების შესახებ, რომლებიც პარლამენტის ეზოში არიან დასაფლავებულნი.
ვიზიტის ბოლოს მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ფოტო-მუზეუმი და ხარების ეკლესია.
დღის შეჯამებისას მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, უფრო დეტალურად გაეცნონ პარლამენტის სტრუქტურასა და საქმიანობას, რათა მომავალში შეძლონ სხვადასხვა საკითხების განხილვაში საკუთარი წვლილის შეტანა.

No comments:

Post a Comment