Friday 29 November 2013

სამოქალაქო კლუბების ვიზიტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქა-ს ორგანიზებით 29 ნოემბერს მოეწყო ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ვიზიტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. მარნეულის #5, #6, #8, კუმისის, კოდის და რუსთავის #2, #9, #11, #15, #17, #20, #21, #22, #26 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები გაეცვნენ სამინისტროს შენობის ისტორიას, სამინისტროში მუშაობის სპეციფიკას.
ვიზიტორები გაეცვნენ რამოდენიმე დეპარტამენტის სტრუქტურას, დაათვალიერეს საკონფერენციო და მოლაპარაკების სივრცეები. მოსწავლეებს გიდობას უწევდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი ქალბატონი ნატო დგებუაძე.
სიქა მომავალშიც გეგმავს სამოქალაქო კლუბებისთვის საჯარო სამსახურებში ვიზიტებს.

Monday 25 November 2013

პროექტის "ისინიც ჩვენნაირები არიან" განხორციელება დაიწყო

კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა დაიწყო მცირე საგრანტო პროექტის "ისინიც ჩვენნაირები არიან" განხორციელება. პროექტის ფარგლებში მოხდა სსსმ ბავშვების ინსტრუქტორთან გასაუბრება, რომელმაც მათ აუხსნა პროექტის მნიშვნელობა და გააცნო პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა.

Sunday 24 November 2013

რუსთავისა და ბოლნისის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები საზოგადოებრივ მაუწყებელს ესტუმრნენ

23 ნოემბერს ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების 11 აქტიური წევრი საზოგადოებრივი ტელევიზიის სააქტო დარბაზში გამართულ ერთ-ერთი პროექტის Etanews.ge-ს პრეზენტაციას დაესწრნენ. 
შეხვედრაზე აღნიშნული პროექტის მენეჯერმა პავლე თვალიაშვილმა მონაწილეებს პროექტის ძირითადი დანიშნულება და მიზანი გააცნო. 
Etanews.ge ეს არის საინფორმაციო პორტალი, რომელზეც სიახლეების განთავსება დარეგისტრირების შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 
ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თუ როგორ შეუძლიათ პროექტში მონაწილეობის მიღება.
კლუბების აქტიური წევრები აქტიურად ჩაერთვნენ შეხვედრის მიმდინარეობაში, აუდიტორიას გააცვნეს საკუთარი კლუბების ბლოგები და გამოთქვეს სურვილი აქტიურად ითანამშრომლონ Etanews.ge-ს რედაქციასთან და გახდნენ საიტის სტაჟიორები, შემდეგში კორესპოდენტები. ახალგაზრდები საინფორმაციო პორტალის მეშვეობით საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას მათ რეგიონში მიმდინარე საინტერესო ამბებისა და არსებული პრობლემების შესახებ.
პროექტში მონაწილეობა ახალგაზრდებს დაეხმარებათ განივითარონ დაკვირვებისა და წერის, რეპორტინგის უნარი, შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს, გახდნენ კიდევ უფრო აქტიურები და მეტად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას მონაწილეები კლუბის სხვა წევრებსაც გაუზიარებენ. 
ვიზიტში მონაწილეობა მიიღო რუსთავისა და ბოლნისის 7 სკოლის 11 მოსწავლემ.

გამწვანების მასშტაბურ აქციაში სამოქალაქო კლუბის წევრები ჩაერთვნენ

22 ნოემბერს რუსთავის გიორგი ლეონიძის სახელობის პარკის გამწვანების მასშტაბური აქცია მოეწყო. აქცია იმ პარკის რეაბილიტაციის პროექტში ფარგლებში გაიმართა, რომელიც რუსთავის სამოქალაქო კლუბების ინიციტივით და ქალაქის თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება. გამწვანების აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს რუსთავისა და ცენტრალური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა,  მინისტრებმა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, სპორტსმენებმა, სტუდენტებმა, სასულიერო პირებმა, რიგითმა მოქალაქეებმა და რუსთავის ყველა სკოლის სამოქალაქო კლუბების 50-მდე მოსწავლემ.
კლუბის წევრებმა თემის წევრებთან ერთად პარკის მიმდიბარე ტერიტორიაზე 1000 ძირი შავი ფიჭვის ნერგი დარგეს. 
ამ ტიპის მასშტაბური აქცია ქვეყნაში პირველი პრეცედენტია. აქციაში მონაწილეობა 100-
ობით ადამიანმა მიიღო. გამწავნების აქცია ხელს შეუწყობს რუსთავის მძიმე ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას. 
კლუბების თხოვნით კი ქალაქის გამწვანების სამსახურმა რუსთავის სამოქალაქო კლუბებს საჩუქრად გადასცა ნერგები, რომლებსაც მოსწავლეები სკოლის მიმდიბარე ტერიტორიაზე დარგავენ.

Saturday 23 November 2013

ტრენინგი თემაზე ,,სუფთა გარემო და ეკოლოგია" პროექტ ,,სუფთა გარემოს" ფარგლებში

21.11.13. აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბში პროექტ ,,სუფთა გარემოს" ფარგლებში ჩატარდა პირველი საპროექტო აქტივობა: ტრენინგი თემაზე ,,სუფთა გარემო და ეკოლოგია". სლაიდების მეშვეობით განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა: გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები; გარემოს დაბინძურება; ნაგავსაყრელები და ნარჩენების მართვა. ბოლოს მოსწავლეებმა მუყაოსგან გააკეთეს ნაგვის ურნები, რომლებიც სკოლის დერეფნებში დაიდგმება. ტრენინგს ესწრებოდნენ მოსწავლეები, პედაგოგები, თემის წარმომადგენლები. ასევე სოფელ ულაშლოს მოსწავლეები.

აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების შეხვედრა მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან

19 ნოემბერს აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,აქტიურების" ინიციატივით სკოლის კლუბში მოეწყო შეხვედრა მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან. კლუბის წევრებმა მოიწვიეს მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის  მენეჯერი ემინ ახმედოვი, ასევე ცენტრის წარმომადგენლები: ზაურ დარგალი და აფიკ ნოვრუზოვი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ელექტრონული პრეზენტაცია: ,,უკეთესი მომავალი ახალგაზრდებისთვის". შეხვედრაზე ისაუბრეს თუ როგორ უნდა გახდეს ახალგაზრდა თავდაჯერებული, მიზანდასახული, როგორ უნდა შეარჩიოს მომავალი პროფესია და  როგორია ოჯახის გავლენა პროფესიის შერჩევისას.
ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერმა მოსწავლეებს აღუთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები შემდეგშიც გაიმართება.

Monday 18 November 2013

გამოცხადდა მცირე საგრანტო პროექტების ბოლო კონკურსი

გაცნობებთ, რომ დღეს, 18 ნოემბერს, "სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში" გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსის ბოლო, მერვე რაუნდი. საკონკურსო თემები და პირობები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზეhttp://initiatives.ge/index.php?m=7

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 
2013 წლის 22 დეკემბერი.

მიიღეთ მონაწილეობა და გაიმარჯვეთ!
გისურვებთ წარმატებებს!

გამოცხადდა აგვისტო-ოქტომბერში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები

როგორც ვიუწყებოდით, 6 ოქტომბერს დასრულდა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო პროექტების კონკურსზე განაცხადების მიღება და ნოემბრის დასაწყისში გამოცხადდა გამარჯვებული პროექტები. 
ქვემო ქართლის რეგიონში დაფინანსება მოიპოვა 9 პროექტმა. ესენია:
  1. "ვიყოთ აქტიურები" - მარიკა ყაზარაშვილი, იაღუფლოს საჯარო სკოლა, დმანისის მუნიციპალიტეტი;
  2. "სამოქალაქო განათლება საზოგადოების განვითარებისათვის" - მირანდა იაკობიძე, ოზნის საჯარო სკოლა, წალკის მუნიციპალიტეტი;
  3. "სუფთა გარემო" - ელისო პაპასქუა, აღმამედლოს საჯარო სკოლა, მარნეულის მუნიციპალიტეტი;
  4. "კონსტიტუციის XIV მუხლი" - გიორგი ნადირაშვილი, მარნეულის #3 საჯარო სკოლა, მარნეულის მუნიციპალიტეტი;
  5. "ჩემი უფლება" - თამარ სოზაშვილი, ქესალოს საჯარო სკოლა, გარდაბნის მუნიციპალიტეტი;
  6. "ჯანმრთელობა სკოლის მოსწავლეებს" - ნათია კახიძე, კუმისის საჯარო სკოლა, გარდაბნის მუნიციპალიტეტი;
  7. "ისინი ჩვენებიც არიან" - ანა მახნიაშვილი, კაზრეთის #1 საჯარო სკოლა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი;
  8. "ერთად ვისწავლოთ კეთილმოწყობილ გარემოში" - თაკო იოსელიანი, რუსთავის #17 საჯარო სკოლა;
  9. "არ ვცნობთ შეზღუდვებს, ვირჩევთ თანასწორობას" - ქეთი სალთხუციშვილი, მარტყოფის #2 საჯარო სკოლა, გარდაბნის მუნიციპალიტეტი.

წარმატებებს ვუსურვებთ გამარჯვებულებს პროექტების განხორციელებაში!!!

Wednesday 13 November 2013

სამოქალაქო კლუბების წევრები სტაჟირებას გადიან

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში აქტიურად მიმდინარეობს სტაჟირების პროგრამაც.
პროგრამის მეოთხე წელს, 2013 წლის ნოემბერში, ქვემო ქართლში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის სიქა-ს ორგანიზებით, სასკოლო სამოქალაქო კლუბების 14 წევრი სტაჟირების პროგრამით მუშაობს რეგიონის სხვადასხვა დაწესებულებებში.
რუსთავის ოთხი საჯარო სკოლის მოსწავლეები (რუსთავის # 12, #15, #17 და #20) სტაჟირების პროგრამით მუშაობენ რუსთავის იუსტიციის სახლში. ხოლო მარნეულის #5 და #8 საჯარო სკოლების ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები კი სტაჟირებას მარნეულის იუსტიციის სახლში გადიან. საერთო ჯამში იუსტიციის სახლებში სტაჟირების პროგრამით 12 მოსწავლე მუშაობს. მოსწავლეები იუსტიციის სახლების შესასვლელებში ეგებებიან მომხმარებლებს, ეხმარებიან მათ ფოტო ჯიხურთან საჭირო სერვისის მიღებაში და ამისამართებენ მათთვის საჭირო სივრცეში. მოსწავლეებისათვის ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებაა.
რუსთავის #1 და #22 სკოლის მოსწავლეები კი სტაჟირებას გადიან მსოფლიო ენების აკადემიაში ოფის მენეჯერის პოზიციაზე. მოსწავლები ეუფლებიან საორგანიზაციო საკითხების მართვის კულტურას.
ჯული მამუკელაშვილი, ქ. რუსთავის სსიპ #15 საჯარო სკოლის მოსწავლე: იუსტიციის სახლში თითოეულ ჩვენგანს უვითარდებაა თავაზიანობის , შრომისმოყვარეობის და სხვა მრავალი დადებითი თვისება. ვფიქრობ რომ ყველა ეს ჩვენ მიერ არჩეულ პროფესიაში გამოგვადგება.
ქრისტინე ნოზაძე, ქ. რუსთავის სსიპ #15 საჯარო სკოლის მოსწავლე: სტაჟირების პროგრამა პირველ რიგში მრავალფეროვანია, იგი მივითარებს კომუნიკაბელურობის უნარს, ვსწავლობ ადამიანებთან ურთიერთობასა და თანამშრომლობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან მიდგომა, რომელსაც იუსტიციის სახლში ვიყენებთ: თავაზიანობა დაკვირვებულობა და ა.შ. ვფიქრობ ეს უნარები და გამოცდილება სამომავლოდ გამომადგება

Friday 8 November 2013

ტრენინგი ბოლნისის სასკოლო სამოქალაქო კლუბებისთვის

8 ნოემბერს ბოლნისის #1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში სიქას ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ღონისძიების დაგეგმვა“.
ტრენინგს ესწრებოდა ბოლნისის #1, #5 და რატევანის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების 28 წევრი.
ტრენინგის მიზანი იყო, მოსწავლეებს მიეღოთ ინფორმაცია ღონისძიების დაგეგმვის, მომზადების, წარდგენის და შეფასების ეტაპებზე.
ინფორმაციული ნაწილის გაცნობის შემდეგ მონაწილეებმა დაგეგმეს 3 ღონისძიება, რომელსაც დეკემბრის ბოლომდე ჩაატარებენ. თითო სკოლამ დაგეგმა თითო ღონისძიება:
  • ბოლნისის #1  საჯარო სკოლა - ღონისძიების თემა : ტოლერანტობა (16 ნოემბერი);
  • რატევანის საჯარო სკოლა - ღონისძიების თემა : აივ–შიდსი (1 დეკემბერი);
  • ბოლნისის #5 საჯარო სკოლა - ღონისძიების თემა : ტრეფიკინგი (2 დეკემბერი);

სიქა მომავალშიც გეგმავს მსგავს ტრენინგებს სასკოლო სამოქალაქო კლუბებისთვის.

Thursday 7 November 2013

შეხვედრა სპორტსმენ პალიკო ჯიმშელაძესთან

6 ნოემბერს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქა-ს ორგანიზებით რუსთავისა და მარტყოფის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები შეხვდნენ წარმატებულ სპორტსმენს, ყოფილ რაგბისტს, ამჟამად რუსთავის რაგბის ნაკრების მწვრთნელს პალიკო ჯიმშელაძეს.
შეხვედრის დასაწყისში სპორტსმენი მოსწავლეებს გაეცნო და საკუთარი მოღვაწეობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ: რატომ უნდა ვიცხოვროთ აქტიური ცხოვრებით და რა როლს თამაშობს სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობაში.
მოგვიანებით სპორტსმენმა მიზნის მიღწევის გზებზეც ისაუბრა.  მოსწავლეებს ურჩია, აირჩიონ ის პროფესია და საქმიანობა, რომელიც მათ ნამდვილად სურთ, რადგან სურვილისა და მოტივაციის გარეშე, ძალით გაკეთებული საქმე მხოლოდ 50% -ით შესრულდება და შესაბამისად არც სრულყოფილი იქნება. მიზნის მისაღწევად კი დაუზოგავი შრომისკენ მოუწოდა.
შეხვედრის მეორე ნაწილი რაგბის მიმოხილვას დაეთმო. რაგბისტმა მოსწავლეებს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმები აჩვენა, რომლებიც რაგბის ისტორიას მოგვითხრობდნენ და მათში ქართული რაგბის მნიშვნელოვანი მომენტები იყო ნაჩვენები.
სტუმართან ერთად მოსწავლეებმა იმსჯელეს რაგბის, როგორც სპორტისა და როგორც კულტურის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს სტუმარმა მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყო და საქართველოს რაგბის ფედერაციის სახელით  ბილეთები გადასცა საჩუქრად საქართველო-ამერიკის მატჩზე დასასწრებად, რომელიც 16 ნოემბერს, რუსთავის რაგბის სტადიონზე გაიმართება.

ღონისძიებას რუსთავისა და მარტყოფის სკოლების სამოქალაქო კლუბების 27 წევრი დაესწრო.
შეხვედრა მოწვეულ სტუმართან გაიმართა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში.