Friday 31 January 2014

სამოქალაქო კლუბ „ნათელი მომავლის“ წევრები მარნეულის საჯარო და საზოგადოებრივ დაწესებულებებს ესტუმრნენ

მარნეულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ნათელი მომავალი“ ახორციელებს მცირე საგრანტო პროექტს „კონსტიტუციის XIV მუხლი“, რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოებისა და თემის ინფორმირებულობა. პროექტის ფარგლებში დამზადდა ორენოვანი საინფორმაციო ბუკლეტი სამოქალაქო კლუბის სლოგანით და ლოგოთი.

30 იანვარს, სამოქალაქო კლუბ „ნათელი მომავლის“ წევრები ესტუმრნენ მარნეულის საჯარო და საზოგადოებრივ დაწესებულებებს: მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მარნეულის საკრებულოს, მარნეულის მუნიციპალიტეტს, ქართული ენის სახლს და ქ. მარნეულის #8 საჯარო სკოლას. აღნიშნულ დაწესებულებების წარმომადგენლებს მოსწავლეებმა გააცნეს სამოქალაქო კლუბის საქმიანობა, ესაუბრნენ  პროექტის „კონსტიტუციის XIV მუხლი“ შესახებ და გადასცეს პროექტის ფარგლებში დამზადებული ბუკლეტები. 

Thursday 30 January 2014

სამოქალაქო კლუბების წევრები ბანაკში შემუშავებულ პროექტზე მუშაობას აქტიურად განაგრძობენ

30 იანვარს საპროექტო ჯგუფი, რომელიც ქალაქ რუსთავის მე-12 მკრ-ის მიმდებარე ტერიტორიის საგზაო მოძრაობის მოწესრიგებაზე მუშაობს, შეხვდნენ საგზაო უსაფრთხოების კომპანიის წარმომადგენლებს.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად გაირეს პროექტის ყველა პუნქტი და გაიწერა ხარჯთაღრიცხვა. კომპანიის წარმომადგენლებმა საპროექტო ჯგუფის წევრებს თანადგომა გამოუცხადეს და გარკვეულ სამუშაოებს უსასყიდლოდ და შეღავათიან ფასებში შესრულებას დაპირდნენ.
პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებს ქალაქის მოსახლეობას, გაკეთდება წრე, დამონტაჟდება 9 საგზაო ნიშანი და დაიხაზება ფეხითმოსიარულეთა 2 გადასასვლელი, ე.წ. „ზებრა“.

 სამუშაოები უახლოეს მომავალში, ამინდების გამოდარებისთანავე დაიწყება. 

Wednesday 29 January 2014

"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" 2013 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებში შესრულებული აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიება

29 იანვარს სიქა-ს ორგანიზებით მარნეულის #6 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქვემო ქართლში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" 2013 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებში შესრულებლი აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრო 85 ადამიანი. ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოს შესახებ. მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა და PH International-ის გრანტების მენეჯერმა ინგა ქიბროწაშვილმა დადებითად შეაფასეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში შესრულებული სამუშაოები.

Friday 17 January 2014

სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

15 იანვარს, სიქა-ს ორგანიზებით რუსთავში საზეიმოდ გაიხსნა სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკი. ბანაკი ხორციელდება „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს USAID, ახორციელებს PH International, სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში, სიქა ასევე ახორციელებს სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკს.
ხუთდღიან ბანაკში მონაწილეობას იღებს ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის 24 სკოლა, მათ შორის 12 ქართული და 12 აზერბაიჯანული სკოლები. თითოეული სკოლიდან 3-3 წარმომადგენელს (სამოქალაქო განათლების პედაგოგი და ორი უფროსკლასელი მოსწავლე) ბანაკის განმავლობაში ჩაუტარდებათ ტრენინგები ინტერკულტურული სწავლების, სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ. ბანაკში მონაწილეების შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტულ პროექტებს, რომელთა განსახორციელებლად შესაძლებელი იქნება გრანტის მიღება „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამიდან“. პროექტების განხორციელებისას შედგება თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის გახსნას ესწრებოდნენ მარინა უშვერიძე, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი და ნინო ბუაჩიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  პროგრამების კოორდინატორი.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.