Friday 26 July 2013

"სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2013-"ის მესამე ნაკადი დაიწყო

26 ივლისს დაიწყო  და 31 ივლისს დასრულდება სიქა-ს მიერ ორგანიზებული "სამოქალაქო განათლების ბანაკი 2013-"ის მესამე ნაკადი. ბანაკი იმართება "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც USAID დაფინანსებით PH-International ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათების ბანაკს სიქა უკვე მერვედ აწყობს, ბანაკის ყველა ნაკადის მონაწილეთა რიცხვმა უკვე 700-ს გადააჭარბა.

Wednesday 24 July 2013

სამოქალაქო განათლების ბანაკის მეორე ნაკადი დასრულდა

2013 წლია 18-23 ივლისს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ბაზალეთში გაიმართა სამოქალაქო განათლების ბანაკის მეორე ნაკადი.
ბანაკს ადმინისტრირებას უწევდა ორგანიზაცია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია. ბანაკში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს 11 რეგიონიდან - სულ 91 მონაწილე.
ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები შემდეგი თემატიკით: მოქალაქეობა - ინიციატივა და პასუხისმგებლობა, პრობლემების კვლევა და დაკავშირება საკლუბო პროექტებთან და ადვოკატირებასთან,   სამოქალაქო კლუბის არსი, მნიშვნელობა და ძირითადი მიმართულებები, ახალგაზრდების ჩართულობა და სამოქალაქო კლუბის საქმიანობა,  საკლუბო  და საგრანტო პროექტების შემუშავება, მართვა და შეფასება.
ბანაკის განმავლობაში მოსწავლეთა მიერ შეიქნა 19 ინიციატივა და საპროექტო განაცხადი, რომელთა განხორციელებაზე მოსწავლეები იმუშავებენ  ახალი სასწავლო წლის განმავლობაში.
ბანაკში მონაწილეები შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს - გადაცემა "ეტალონის" წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს, კალათბურთელ ანატოლი ბოისასა და მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს. სტუმრებმა  ისაუბრეს განათლებისა და სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის როლზე სათემო პრობლემების მოგვარებაში.

სამოქალაქო განათლების ბანაკი პროგრამის ფარგლებში უკვე მესამე წელია იმართება, ამ პერიოდის განმავლობაში ბანაკში მონაწილეობა უკვე მიიღო 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს ყველა რეგიონიდან. ბანაკის მესამე ნაკადი დაგეგმილია 2013 წლის 26-31 ივლისს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს კიდევ 92 მონაწილე - პროგრამის ფარგლებში შექმნილი სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები.

Friday 19 July 2013

ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება

დღეს, 19 ივლისს თბილისში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. კონკურსი გამოცხადებული იყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და iPad. ქვემო ქართლის რეგიონიდან გამარჯვებული გახდა ქეთი ეპიტაშვილი მარტყოფის #2 საჯარო სკოლიდან ნომინაციაში "ახალგაზრდა ომბუდსმენი".

სამოქალაქო განათლების ბანაკი 2013-ის მეორე ნაკადი დაიწყო

სიქა-ს მიერ ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების ბანაკი 2013-ის მეორე ნაკადის ყველა მონაწილე ადგილზეა - ბაზალეთში. 92 მონაწილე საქართველოს ყველა რეგიონიდან 5 დღის განმავლობაში ერთად იმუშავებენ თემში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის სხვადასხვა ინიციატივებისა და პროექტების შემუშავებაზე.

Monday 8 July 2013

"ერთად ვებრძოლოთ ძალადობას"

მარნეულში 3 ივლისს დასრულდა მუშაობა პროექტზე  „ერთად ვებრძოლოთ ძალადობას“. პროექტი შეიქმნა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროგრამის  ფარგლებში ორგანიზებულ ახალგაზრდულ  ფორუმზე, რომელიც გაიმართა ქ. მარნეულში 2013 წლის 25 აპრილს. 
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯგუფმა სამუშაოდ აირჩია  ბავშვთა უფლებების დაცვა, უფრო კონკრეტულად  კი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება  ბავშვზე ძალადობის თემაზე. 
2 ივლისს დასრულდა მოსამზადებელი სამუშაო, რაც გულისხმობდა დონორის მოძიებას, პუბლიკაციის დაბეჭდვას, მოხალისე ტრენერის მოწვევას, მინიატურების მომზადებას ძალადობის თემაზე, პლაკატების დახატვას სკოლებში და ფლეშმობის დადგმას. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო მარნეულის მუნიციპალიტეტმა, რომლის დახმარებითაც დაიბეჭდა საინფორმაციო სახის ბუკლეტები და პლაკატები. ხოლო მარნეულის კულტურის სახლმა მოსწავლეებს მისცა ხმამაღლამოლაპარაკეების (დინამიკები) გამოყენების საშუალება. ასევე, ნებართვა იქნა აღებული მუნიციპალიტეტიდან, ქალაქში ფლეშმობის და საჯარო აქციის  მოსაწყობისთვის. 
3 ივლისს დასრულდა  აღნიშნული პროექტის განხორციელება. 12:00 საათზე მოსწავლეები შეიკრიბნენ მარნეულის კულტურის სახლის წინ და მოაწყვეს ფლეშმობი,  რომელიც  დასრულდა სლოგანით „არა ძალადობას“. 
ფლეშმობის შემდეგ ჯგუფმა გადაინაცვალა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მოწვეულმა ტრენერმა  ლეილა ნამაზოვამ ჩაატარა ტრენინგი თემაზე – რა არის ძალადობა, განიხილა ძალადობის ფორმები და შემოგვთავაზა გზები, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას. 
საინტერესო აღმოჩნდა დისკუსია, რომელიც დაგეგმილ დროზე უფრო დიდხანს გაგრძელდა. ოჯახში და სკოლაში ძალადობის ფაქტებს ყველა მონაწილე დაეთანხმა და მაგალითებიც მოიყვანეს რეალური ცხოვრებიდან. თუმცა ყველაზე დიდი მსჯელობა და კამათი გამოიწვია ქუჩაში ძალადობის თემამ, რომლის განხილვაც ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი აღმოჩნდა. ტრენინგის დროს მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინიატურები „ძალადობა ოჯახში“, „ძალადობა ქუჩაში“ და „ძალადობა სკოლაში“. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საორგანიზაციო ჯგუფმა მარნეულის  საჯარო  დაწესებულებაში (საჯარო სკოლები, მუნიციპალიტეტი, კულტურის სახლი, პოლიცია) გააკრეს საინფორმაციო შინაარსის პლაკატი და ქალაქის მაცხოვრებლებს დაურიგეს ბროშურები, სადაც თვალსაჩინოდ იყო ახსნილი ძალადობის ფორმები და შედეგები. ასევე დადებული იყო რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაცია მშობლებისთვის. 
მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები  და მარნეულის #5 საჯარო სკოლის პედაგოგი ქ–ნი ნანი ბაკურაძე მადლობას უხდიან PH interational–ს  ფორუმის ინიციატივისთვის, პარტნიორ ორგანიზაციას  სიქა–საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციას ფორუმის ორგანიზებისთვის , მარნეულის მუნიციპალიტეტს, მარნეულის კულტურის სახლს და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს.