Thursday 19 December 2013

ბლოგისა და ვიდეოს კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

18 დეკემბერს გაიმართა ბლოგისა და ვიდეოს კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებულ ბლოგერთა შორის ქვემო ქართლის რეგიონიდან დასახელდა 5 მოსწავლე. ესენია არიან თინათინ ბესტავაშვილი, მარიამ შაორშაძე, ლაშა-გიორგი ბახტურიძე,ზურა ბაშელეიშვილი და ნოდარ ლაფანაშვილი. ყველა გამარჯვებულს კონკურსის ჟიურის წევრებმა პირადად გადასცეს სერტიფიკატები და პრიზები, რომელიც დაწესებული იყო ორგანიზაცია PH International-ის მიერ. ქვემო ქართლის სკოლებიდან კიდევ 5 მოსწავლემ აიღო მეორე და მესამე ადგილები, რომლებიც ასევე დაჯილდოვდებიან სერტიფიკატითა და პრიზებით. 
რიგით მესამე კონკურსი ჩატარდა  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. 

Monday 16 December 2013

ველომარათონი „სპორტი და ველოსიპედი“

10 დეკემბერს 12 საათზე ქალაქ მარნეულში იუსტიციის სახლთან სტარტი აიღო ველომარათონმა სახელწოდებით „სპორტი და ველოსიპედი“. მასში მონაწილეობდნენ ქ. მარნეულის #3,#5,#6 და ჯანდარის საჯარო სკოლების მოსწავლეები (30 ველომრბოლელი), პროექტს ორგანიზება გაუწიეს ზემოთ აღნიშნული სკოლების სამოქალაქო კლუბებმა. პროექტი შემუშავდა 30 ნოემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდულ ფორუმზე. პროექტ „სპორტი და ველოსიპედის“ მიზანი ცხოვრების ჟანსაღი წესის დანერგვა და სპორტული შეჯიბრებების პოპულარიზაციაა მოსწავლეთა შორის და თემში. სამოქალაქო კლუბებმა მცირე დროში (11 დღე) შეძლეს განეხორციელებინათ აღნიშნული პროექტი.
სპეციალურად ამ დღისთვის მარნეულში ჩამოვიდნენ სიქას წარმომადგენლები, ჩამოიტანეს სტიკერები რომლებიც დაურიგდათ მონაწილეებს, ასევე დროშა. მარშრუტი იყო მარნეულის იუსტიციის სახლიდან სოფელ წერეთლამდე და უკან. მარათონელებს წინ მიუძღვოდა საპატრულო პოლიციის მანქანა. მონაწილეები გზადაგზა არიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს, რომლებიც მოამზადა ქ. მარნეულის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა. რუპორით გაისმოდა შეძახილები, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებდა ჯანსაღი ცხოვრებისკენ: „ველოსიპედი უსაფრთხოა სიცოცხლისთვის“, „ველოსიპედი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია“, „ველოსიპედით არ კვდებიან“, „მარნეული პატარა ქალაქია , ვიაროთ ველოსიპედებით“ და ა.შ. 
აქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიმედოვნებთ ეს არ იქნება ერთჯერადი და მომავალში მეტი და მეტი მონაწილე შეუერთდება ჩვენს მარათონელთა რიგებს.
გიორგი ნადირაშვილი
მარნეულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბი "ნათელი მომავლის" მეურვე

ტრენინგი გენდერული თანასწორობის თემაზე პროექტ „კონსტიტუციის XIV მუხლის“ ფარგლებში

6 დეკემბერს 10 საათზე, ქალაქ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი გენდერული თანასწორობის თემაზე. აღნიშნული ღონისძიება პროექტ „კონსტიტუციის XIV მუხლის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება ქ.მარნეულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ნათელი მომავალისა“ და საბირქენდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ. პროექტის მიზანია: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მოსახლეობის ინფორმირება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, სემინარები აღნიშნულ თემატიკაზე, აქცია, ფლაერების დარიგება და ფოტოგამოფენის მოწყობა.
შეხვედრას წარუძღვა ამ საკითხზე არაერთი სტატიის და რეპორტაჟის ავტორი, აღნიშნული თემატიკის ტრენერი ნონა სამხარაძე. ტრენინგს დაესწრო სამოქალაქო კლუბების 33 წევრი (23 გოგო, 10 ბიჭი) და 6 მოხალისე პედაგოგი. ტრენერი, 2 საათის მანძილზე, შეეხო ისეთ აქტუალურ თემებს როგორიცაა: ადამიანის უფლებები, ქალისა და მამაკაცის როლი ოჯახში, ქალები პოლიტიკაში. შეეცადა ყველასთვის გასაგები ენით ესაუბრა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, როდესაც ქალი და მამაკაცი ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას, სადაც არ უნდა იყოს ეს - ოჯახში, საზოგადოებრივ ცხოვრებასა, თუ პოლიტიკაში, რომ ორივეს აქვს ის განსხვავებული ხედვა, რომლებიც ავსებენ ერთმანეთს და შედეგიც ყოველთვის უფრო ნაყოფიერია, ვიდრე ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება. 
თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და დაისვა მრავალი შეკითხვა, რამაც ტრენერს საშუალება მისცა უფრო ფართოდ გაეშალა ესა, თუ ის საკითხი. მონაწილეებმა გამოთქვეს დიდი სურვილი კვლავაც გაგრძელდეს ამ ტიპის შეხვედრები პროექტის ფარგლებს გარეთაც.
გრძელდება მუშაობა პროექტზე , წარმატებები ვუსურვოთ მათ.
დიდი მადლობა ტრენერსა და შეხვედრის ყველა მონაწილეს.
გიორგი ნადირაშვილი
კლუბ "ნათელი მომავლის" მეურვე

Friday 13 December 2013

პროექტის "სუფთა გარემოს" მორიგი აქტივობები აღმამედლოს საჯარო სკოლაში

აღმამდლოს საჯარო სკოლა განაგრძობს  პროექტის "სუფთა გარემოს" განხორციელებას.
5 დეკემბერს კლუბის წევრებმა ჩაატარეს კვლევა სოფელში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. დაათვალიერეს სოფელში არსებული ნაგავსაყრელები, გადაუღეს სურათები, შეადგინეს განცხადება და წარუდგინეს ინიციატივა  სოფლის საკრებულოს, რათა სოფელში მოწესრიგდეს ნაგავსაყრელები,დაიდგას ურნები და მოხდეს ნაგვის დროულად გატანა.
 6 დეკემბერს მოეწყო ვიდეოჩვენება. კლუბის წევრებმა უყურეს და განიხილეს  დოკუმენტური ფილმი გლობალური დათბობის შესახებ. ასევე, გაეცნენ სატელევიზიო სიუჟეტებს საქართველოში ნარჩენების მართვის მიმართულებით ახლანდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. 
12 დეკემბერს კლუბმის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო აქცია სოფლის ცენტრში. მოსწავლეებმა წინასწარ მოამზადეს ორენოვანი საინფორმაციო პოსტერები გარემოს დაბინძურების, ეკოლოგიის, გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზებისა და ამ ყველაფერში ადამიანის როლის შესახებ. ასევე, გამოეხმაურნენ საახალწლო ნაძვის ხეების თემას და მოუწოდეს მოსახლეობას, რათა მათ არ მოჭრან ან არ იყიდონ ცოცხალი ნაძვი და შეიძინონ და მორთონ ხელოვნური ნაძვის ხე. აქციას ესწრებდნენ მოსწავლეები, პედაგოგები, მეზობელი სოფლის მოსწავლეები.
13 დეკემბერს სკოლის კლუბში გაიმართა მორიგი ვიდეოჩვენება. მოსწავლეებმა ამჯერად იხილეს ტელე-იმედის გადაცემა ,,ეკოვიზიის" ჩანაწერი, რომელიც ეხებოდა სუფთა გარემოსა და საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს.  

სამოქალაქო კლუბების წევრთა ვიზიტი "112"-ში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სიქა-ს ორგანიზებით 12 დეკემბერს, რუსთავის სამოქალაქო კლუბების (#1, #2, #9,  #15, #20, #21, #26 საჯარო სკოლებიდან) წევრები ესტუმრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის  დეპარტამენტს.  
ვიზიტორებს საინტერესო გიდობა გაუწიეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი, გაეცვნენ 112-ის მუშაობის სპეციფიკას, ზარების მიღებისა და გადამისამართების ტექნიკას, ასევე სამსახურში მომუშავე პერსონალის დასაქმების საფეხურებს.
კლუბების წევრებმა მასპინძლებს, დაუსვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, რაზეც ამომწურავ პასუხებს მიიღეს. 
აღნიშნული სახის ღონისძიებები მიზნად ისახავს, მოზარდებში სამოქალაქო კულტურის ამაღლებას, საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ცნობადობის ამაღლებას და გადაუდებელ სიტუაციებში ქცევის წესების გაცნობას.
ვიზიტის დასასრულს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112-ის თანამშრომლებმა  ვიზიტის მონაწილეებს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები.

Thursday 12 December 2013

კლუბი „ერთსულოვნება“ საკლუბო ტექნიკას გარდაბნის მოსახლეობის საჭიროებების მოსაგვარებლად იყენებს

გარდაბნის #1საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ერთსულოვნება“ წარმატებული საქმიანობისათვის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში ტექნიკის შთამბეჭდავი პაკეტი მიიღო საჩუქრად.
კლუბის წევრება გადაწყვიტეს მიღებული ტექნიკით სარგებელი თემის წევრებსაც ენახათ, საჭიროებების ანალიზის შედეგად  მათ აღმოაჩინეს - გარდაბნის საბავშო ბაღებში არ არის მედია  საშუალებები, რათა პატარებმა ერთად ნახონ და განიხილონ ანიმაციური ფილმები, რაც ხელს შეუწყობდა პატარების განათლებას, სხვადასხვა ეროვნების ბავშვების ინტეგრაციას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პატარებში ქართული ენის ცოდნის ამაღლებას.
კლუბ „ერთსულოვნების“ წევრები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორს ბ-ნ ჯემალ დავითაძეს ეწვივნენ, სთხოვეს დახმარება და შუამდგომლობა, გარდაბნის საბავშო ბაღებთან თანამშრომლობის შესახებ. ბატონი ჯემალის დახმარებით კლუბის წევრები 11 დეკემბერს  გარდაბნის #3 ბაგა-ბაღს ეწვია,  სადაც ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, აისორი და სხვა ეროვნების პატარები ერთად იღებენ სკოლამდელ განათლებას. კლუბის წევრებმა ბავშვებს აჩვენეს წინასწარ  რამდენიმე ანიმაციური ფილმი.  ღონისძიებამ პატარების დიდი აღტაცება გამოიწვია.
-         საბავშვო ბაღში არ არის ტექნიკური საშუალებები მსგავსი აქტივობებისათვის, გარდა იმ დიდი ემოციისა, რაც 110-მა პატარამ მიიღო ფილმების ერთობლივი ყურებით, მსგავსი სეანსები ძალიან უწყობს ხელს პატარების განვითარებას, დაახლოებას და სხვადასხვა ეთნოსების კულტურათა გაცვლას. მსგავს ჩვენებების შემდეგ ვაწყობთ ანიმაციური ფილმების განხილვას , ანალიზს, პატარები ივითარებენ დისკუსიისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს. ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს, კლუბის წევრებმა მსგავსი ჩვენებები ხშირად მოაწყონ ჩვენს ბაღში. - აღნიშნეს ჩვეთან საუბარში ბაღის აღმზრდელებმა და მასწავლებლებმა.
კლუბის წევრები ჩვენების შემდეგ ბაღის სხვა პრობლემებსაც გაეცვნენ და დახმარება აღუთქვეს ბაღის ეზოს მოწესრიგებასა და საბავშვო მოედნის მოწყობაში.

კლუბ „ერთსულოვნების“ წევრებმა,  ბავშვებისა და აღმზრდეელბისაგან ასეთი პოზიტიური უკუკავშირის შედეგ გადაწყვიტეს კლუბის ტექნიკის გამოყენებით მსგავსი ჩვენებები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვა საბავშვო ბაღებშიც მოაწყონ.

ახალგაზრდული ფორუმი რუსთავში

2013 წლის 7 დეკემბერს სიქა- ორგანიზება გაუკეთა ახალგაზრდულ ფორუმს, რომელიც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოეწყო. რუსთავის #1 საჯარო სკოლაში მიმდინარე ფორუმში მონაწილეობდნენ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები. მოსწავლეებმა ფორუმზე შეიმუშავეს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის ინიციატივები, რომლებიც გააცვნეს ფორუმზე მოწვეულ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მოწვეულმა სტუმრება მოიწონეს ახალგაზრდების მიერ გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზები და მხარდაჭერა აღუთქვეს პროექტების განხორციელების მიმართულებით.

დებატების რეგიონული ტურნირი

8 დეკემბერს, სიქა- ორგანიზებით, . რუსთავის #22 სკოლაში რეგიონული დებატების ტურნირი მოეწყო, ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ . რუსთავისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებიდებატების ტურნირი კარლ პოპერის/ფასეულობათა ფორმატით ჩატარდა, რეზოლუციით "საქართველოში მონარქიული მმართველობა გამართლებულია". ტურნირში მონაწილე 8 გუნდი ახალგაზრდა თანასწორგანმანათლებლებმა მოამზადეს, რომლებმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დებატ ბანაკში მიღებული ცოდნა სიქა- დებატების ტრენერებთან განამტკიცეს. ტურნირში პირველი ადგილები რუსთაველმა ახალგაზრდებმა დაიკავეს! ვულოცავთ რუსთავის #20 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გამარჯვებას და გვჯერა, წინ კიდევ ბევრი წარმატებები ელითგამარჯვებულ გუნდებს და საუკეთესო მოდებატეებს სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

Tuesday 10 December 2013

წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებმა ფორუმზე შემუშავებულ პროექტზე მუშაობა დაიწყეს

 6 დეკემბერს    წალკის  N1   საჯარო   სკოლის  სამოქალაქო  კლუბის  „აისის“ წევრები შეხვდნენ  ქ.წალკის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  მოადგილეს  ბ-ნ  ირაკლი გიგინეიშვილს და პროექტის   „Clean-up Georgia-დავასუფთაოთ   საქართველოს“  ქვემო  ქართლის   კოორდინატორს  ბ-ნ     ზვიად  ხაფავას.   
შეხვედრის მთავარი თემა წალკისა და თრიალეთის გზაზე არსებული ნაგავსაყრელი იყო, რომელიც არც შემოღობილია და შესაბამისად არც დაცული, ქარიანი ამინდში ნარჩენი მიმდებარე ტერიტორიაზე იფანტება.

სწორედ ამ პრობლემის მოგავრებაზე იმუშავეს  წალკის  N1   საჯარო   სკოლის  სამოქალაქო  კლუბის  „აისის“,  თრიალეთის  საჯარო   სკოლის   სამოქალაქო   კლუბის  „ჩირაღდანისა“   და  ბარეთის   საჯარო   სკოლის  სამოქალაქო   კლუბის   „ჩვენის“  წევრებმა  მოსწავლეთა ახალგაზრდულ  ფორუმის ფარგლებში.
შემუშავებული პროექტი, რომელიც ნაგავსაყრელის შემოგობვასა და ნარჩენებისთვის მიწის ამოთხრას ითავლისწინებს, კლუბის წევრებმა ირაკლი გიგინეიშვილს გააცნეს. 
თვითმმართველობის წარმომადგენლები დადებითად შეხვდნენ  ახალგაზრდების ინიციატივას  და  გადაწყდა, რომ მაისის თვეში დასუფთავება  ტერიტორია და   შესაბამისი კონტეინერები  განთავსდება.

 „საქართველოს   მწვანეთა   მოძრაობის“  წარმომადგენელი ზვიად ხაფავამ კი კლუბებს  მხარდაჭერა გამოუცხადა  და პროექტის განხორციელებაში დახმარებას დაჰპირდა.
პროექტის განხორციელების შემდეგ წალკის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მოგვარდება.

Monday 9 December 2013

ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ

2013 წლის 30 ნოემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის მიერ ჩატარდა 2 ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. ტრენინგი ეხებოდა ჯანმრთელობისათვის მავნე ჩვევებს; თამბაქოს, ალკოჰოლს, ნარკოტიკებს. ასევე განხილული იყო ადრეული ქორწინება და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, აქვე აღინიშნა აივ-შიდსი; მისი გავრცელების გზები, პრევენციის გზები, აივ ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია. ასევე მონაწილეები გაეცნენ აივ-კოსულტირებისა და ტესტირების პროგრამას, რომელიც გულისხმობს უფასო ტესტირებასა და კონსულტირებას ახალგაზრდებში ანონიმურობის სრული გარანტიით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ახორცილებს გაეროს ბავშვთა ფონდი და საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი, პროექტის კოორდინატორი  რუსთავსა და მარნეულში არის სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაცია.   
ტრენინგები ჩატარდა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და უძღვებოდნენ სიქა-ს თანასწორგანმანათლებლები მარიამ გამსახურდია და გიორგი გოგაძე, ტრენინგს ესწრებოდა ჯანმრთელობის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი თიკო აბზიანიძე.
პირველ ტრენინგს დაესწრნენ სამოქალაქო კლუბის ბავშვები მარნეულიდან და კუმისიდან, სულ 25 მონაწილე.
მეორე ტრენინგს ესწრებოდა 22  სამოქალაქო კლუბის წევრი ბოლნისიდან და კაზრეთიდან.

Thursday 5 December 2013

კაზრეთის სკოლების სამოქალაქო კლუბებმა დაიწყეს პროექტზე მუშაობა

კაზრეთის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა ახალგაზრდულ ფორუმზე შემუშავებული პროექტის განხორციელება უკვე დაიწყეს და პირველი მხარდაჭერაც მოიპოვეს.
სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ კაზრეთის კულტურის სახლის დირექტორს ილო ბალახაძეს, რომელსაც შემუშავებული პროექტი წარუდგინეს. პროექტი  კულტურის სახლში არსებული ბიბლიოთეკის გაფართოებასა და განახლებას ითვალისწინებს.
კულტურის სახლის დირექტორმა  მოსწავლეებთან ერთდ პროექტის  ყველა დეტალი განიხილა. ისაუბრეს ოთახის მოწყობაზე, წიგნების განახლებასა და შეძენაზე,  იმსჯელეს წიგნების ახალი ბაზის შექმნასა და მომხმარებელთა რეგისტრაციაზეც.
ილო ბალახაძემ მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა ინიციატივისთვის და იდეიის გნახორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.  ბიბლიოთეკის გასაფართოვებლად უკვე გამოიყო ოთახი.  

უახლოეს დღეებში საპროექტო ჯგუფის წევრები ინვენტარითა და წიგნებით დახმარებისთვის  კაზრეთის სკოლებსა და კომპანია RMG მიმართავენ. 

პროექტის "სპორტი და ველოსიპედი" განხორციელება დაიწყო


4 დეკემბერს, მარნეულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ნათელი მომავალი“ უმასპინძლა მარნეულის #5, #6 და ჯანდარის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებს. შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ახალგაზრდული ფორუმზე დაწერილი პროექტის - „სპორტი და ველოსიპედი“, საორგანიზაციო გუნდის შეკრება. მარნეულის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა წარმოადგინა პრეზენტაცია ველოსიპედის და ველოსპორტის ისტორიის და განვითრების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, დასახეს უახლოესი მიზნები და განხორციელების გზები.
პროექტის „სპორტი და ველოსიპედი“ მიზანია ცხოვრების ჟანსაღი წესისა და სპორტული შეჯიბრებების პოპულარიზაცია მოსწავლეთა შორის და თემში. 10 დეკემბერს, 10 საათზე, პროექტის ფარგლებში იგეგმება ველომარათონი, ქალაქ მარნეულის იუსტიციის სახლიდან წერეთლის საჯარო სკოლამდე და უკან. მსვლელობისას დარიგდება საინფორმაციო სახის ბუკლეტები და გაიჟღერებს მოწოდებები ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ.

კონკურსი სასკოლო სამოქალაქო კლუბებისთვის ტექნიკის გადაცემის შესახებ-2014

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა ტექნიკის კონკურსი სასკოლო სამოქალაქო კლუბებისათვის. კლუბების მიერ განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 1 მარტი. კონკურსის შესახებ ინფორმაცია და აპლიკაცია იხილეთ და ჩამოტვირთეთ საიტიდან http://civics.ge/index.php?m=845&announcements_id=36
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ სასკოლო სამოქალაქო კლუბებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ საბაზისო კრიტერიუმებს:
• სასკოლო სამოქალაქო კლუბი შექმნილი უნდა იყოს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, პროგრამის პარტნიორი სკოლის ბაზაზე. პროგრამის პარტნიორი სკოლების სია იხილეთ ვებგვერდზე www.civics.ge;
•სასკოლო სამოქალაქო კლუბი უნდა იყოს დაფუძნებული 2013 წლის 1 დეკემბრამდე; მას უნდა ჰქონდეს ლოგო, სლოგანი და უნდა ახორციელებდეს შესაბამის საქმიანობას;
• კლუბში გაერთიანებული უნდა იყოს მინიმუმ 20 მოსწავლე მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებიდან;
• სასკოლო სამოქალაქო კლუბი არ უნდა იყოს დაჯილდოვებული საკლუბო ტექნიკით 2012 - 2013 წლებში (არ უნდა იყოს 2012 წლისა და 2013 წლის ტექნიკის კონკურსის გამარჯვებული).

სკოლებმა განაცხადები უნდა მოგვაწოდოთ პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციაში სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ამობეჭდილი სახით მისამართზე: ქ.რუსთავი, შარტავას მიმდებარე ტერიტორია #4,   ან ელ.ვერსია ელ.ფოსტაზე civic.siqa@gmail.com 

საკონკურსო განაცხადში შედის:
1.      სრულყოფილად შევსებულ სააპლიკაციო ფორმას (ელ. ვერსია ან ამობეჭდილი);
2.      კლუბის მონაწილეთა სიას (ელ. ვერსია ან ამობეჭდილი);
3.      კლუბის მუშაობის ამსახველ ფოტომასალას,  კლუბის ოთახის ფოტოსა და კლუბის ლოგოს (ელ.ვერსია);
4.       სარეკომენდაციო წერილს იმ ორგანიზაციისგან, ვისთანაც ითანამშრომლა კლუბმა საზოგადოებისათვის/სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით (ელ. ვერსია ან ამობეჭდილი);
5.       სკოლის ადმინისტრაციის თანხმობის წერილს, კლუბის მიერ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სკოლის საკუთრებაში მიიღოს ჯილდოდ დაწესებული ტექნიკა და გამოყოს სკოლაში შესაბამისი ოთახი/სივრცე აღნიშნული ტექნიკის განსათავსებლად (ელ. ვერსია ან ამობეჭდილი).

იქნება მხოლოდ ორი ნომინაცია: 1-ლ ადგილზე გასული კლუბები და მე-2 ადგილზე გასული კლუბები. შესაბამისად, ტექნიკის კომპლექტებიც იქნება ორი სახის: 1-ლ ადგილზე გასული კლუბებისათვის (7-8 სახეობის ტექნიკის ჩამონათვალი) და მე-2 ადგილზე გასული კლუბებისათვის (4-6 სახეობის ტექნიკის ჩამონათვალი).

გისურვებთ წარმატებებს!

Wednesday 4 December 2013

მარნეულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნა


2 დეკემბერს სამოქალაქო კლუბი „ნათელი მომავალი“ გამოეხმაურა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (1 დეკემბერი- შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე). ქალაქ მარნეულის #3 საჯარო სკოლაში გაიმართა საინფომაციო სახის შეხვედრა აივ/შიდსის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით. შეხვედრას დაესწრნენ კლუბ „ნათელი მომავლის“ წევრები, ქ.მარნეულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მოხალისე პედაგოგები. შეხვედრის მონაწილეებმა დაამზადეს პლაკატები წარწერებით : „stop AIDS, keep the promise”, „Getting to zero”, „ა- ადამიანის, ი- იმუნოდეფეციტის, ვ-ვირუსი“, რის შემდეგაც სამოქალაქო კლუბ „ნათელი მომავლის“ წევრები გავიდნენ ქალაქის ქუჩებში და სოლიდარობა გამოუცხადეს მათ, ვისაც უშუალოდ შეეხო შიდსის ეპიდემია – ვინც ცხოვრობს აივ ინფექციით, მათ ახლობლებსა და მეგობრებს. აქციის მონაწილეებმა პლაკატებით ხელში ქალაქში ფეხით მსვლელობა გამართეს.
2 საათზე „ნათელი მომავლის“ წევრები შეუერთდნენ მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „სიქას“ მიერ ორგანიზებულ, შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას ახალგაზრდებთან. სადაც შეხვედრის ორგანიზატორებმა თეო ბუაძემ და თორნიკე ყიყიშვილმა მისულ სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია დაავადების წარმოშობის და გავრცელების გზების შესახებ. ლექციის შემდეგ გაიმართა ფრანების გაშვება და აივ ტესტირება.
შეხვედრის შემდეგ „ნათელი მომავლის“ წევრები დაბრუნდნენ ქ. მარნეულის #3 საჯარო სკოლაში და სამოქალაქო კლუბის კაბინეტში მოაწყეს კუთხე, სადაც გამოიფინა სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული პლაკატები.

Monday 2 December 2013

ახალგაზრდული ფორუმი მარნეულში

30 ნოემბერს სიქა-ს ორგანიზებით მარნეულის #5 საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღო მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტების 31 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრებმა. სიქა-ს ფასილიტატორების დახმარებით მოსწავლეებმა მუნიციპალტეტების მიხედვით გამოავლინეს თემში არსებული პრობლემები, შეიმუშავეს პრობლემების მოგვარების გზები. ფორუმზე სტუმრად მოწვეულ მხარდამჭერებს - მარნეულისა და თეთრიწყაროს გამგეობის წარმომადგენლებს, ახალგაზრდებმა წარუდგინეს შემუშავებული პროექტები და მომავალი თანამშრომლობის გზებიც დასახეს. ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო რეგიონის 90-ზე მეტმა ახალგაზრდამ.

Sunday 1 December 2013

ახალგაზრდული ფორუმი წალკაში


სიქა-ს ორგანიზებით 28 ნოემბერს წალკის #1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა წალკის მუნიციპალიტეტის 8 პარტნიორი სკოლიდან. ეს სკოლები ჩართულნი არიან სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში, რომელიც USAID-ის დაფინანსებით PH International-ის მიერ ხორციელდება მთელ საქართველოში. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში.
ახალგაზრდული ფორუმის მიზანია მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, რეკომენდაციების შემუშავება და თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. 
ფორუმზე ახალგაზრდებმა შეიმუშავეს პროექტები მუნიციპალიტეტში არსებული ორი დიდი პრობლემის მოგვარებისათვის - წალკასთან ნაგავსაყრელის მოწესრიგებისა და წალკის სოფლებში საგზაო ნიშნების საშუალებით გზებზე უსაფრთხო გადაადგილების პრობლემებზე.
შემუშავებული პროექტები სკოლების აქტიურმა უფროსკლასებელმა წარუდგინეს წალკის გამგეობის თანამშრომლებს - გამგეობის სამსახურის უფროსს, ჯანდაცვისა და კულტურის სამსახურების ხელმძღვანელებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ადგილობრივი მედია - გაზეთ "თრიალეთის ექსპრესის" ჟურნალისტი.
მოწვეულმა სტუმრებმა მოიწონეს ახალგაზრდების ინიციატივები. დაისახა თანამშრომლობის გზები პრობლემების მოგვარებისათვის. დეკემბრის თვეში დაიგეგმა წალკის გამგეობასთან სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრა აღნიშნული თემების ირგვლივ კონკრეტული ნაბიჯების დასაგეგმად.