Monday 16 December 2013

ტრენინგი გენდერული თანასწორობის თემაზე პროექტ „კონსტიტუციის XIV მუხლის“ ფარგლებში

6 დეკემბერს 10 საათზე, ქალაქ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი გენდერული თანასწორობის თემაზე. აღნიშნული ღონისძიება პროექტ „კონსტიტუციის XIV მუხლის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება ქ.მარნეულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ნათელი მომავალისა“ და საბირქენდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ. პროექტის მიზანია: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მოსახლეობის ინფორმირება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, სემინარები აღნიშნულ თემატიკაზე, აქცია, ფლაერების დარიგება და ფოტოგამოფენის მოწყობა.
შეხვედრას წარუძღვა ამ საკითხზე არაერთი სტატიის და რეპორტაჟის ავტორი, აღნიშნული თემატიკის ტრენერი ნონა სამხარაძე. ტრენინგს დაესწრო სამოქალაქო კლუბების 33 წევრი (23 გოგო, 10 ბიჭი) და 6 მოხალისე პედაგოგი. ტრენერი, 2 საათის მანძილზე, შეეხო ისეთ აქტუალურ თემებს როგორიცაა: ადამიანის უფლებები, ქალისა და მამაკაცის როლი ოჯახში, ქალები პოლიტიკაში. შეეცადა ყველასთვის გასაგები ენით ესაუბრა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, როდესაც ქალი და მამაკაცი ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას, სადაც არ უნდა იყოს ეს - ოჯახში, საზოგადოებრივ ცხოვრებასა, თუ პოლიტიკაში, რომ ორივეს აქვს ის განსხვავებული ხედვა, რომლებიც ავსებენ ერთმანეთს და შედეგიც ყოველთვის უფრო ნაყოფიერია, ვიდრე ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება. 
თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და დაისვა მრავალი შეკითხვა, რამაც ტრენერს საშუალება მისცა უფრო ფართოდ გაეშალა ესა, თუ ის საკითხი. მონაწილეებმა გამოთქვეს დიდი სურვილი კვლავაც გაგრძელდეს ამ ტიპის შეხვედრები პროექტის ფარგლებს გარეთაც.
გრძელდება მუშაობა პროექტზე , წარმატებები ვუსურვოთ მათ.
დიდი მადლობა ტრენერსა და შეხვედრის ყველა მონაწილეს.
გიორგი ნადირაშვილი
კლუბ "ნათელი მომავლის" მეურვე

No comments:

Post a Comment