Monday 31 March 2014

სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში შემუშავებული პროექტის განხორციელებით წალკაში გზებზე გადაადგილება უსაფრთხო გახდა

სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში წალკის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და კლუბის მეურვემ, მუნიციპალიტეტისათვის აქტუალური პრობლემებიდან გზებზე უსაფრთხო მოძრაობაზე გაამახვილეს ყურადღება. დასახელდა  განსაკუთრებით კრიტიკული უბანი  ჭელიძის ქუჩა, რომელზეც სკოლა და საბავშვო ბაღია განთავსებული. ბანაკის მონაწილეებმა გადაწყვიტეს სკოლისა და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერების მოწყობით ხელი შეეწყოთ სკოლის მოსწავლეებისა და ბაღის აღსაზრდელების უსაფრთხო გადაადგილებისათვის. ბანაკის დასრულების შემდეგ, წალკაში დაბრუნებისას კლუბის წევრები, მუნიციპალიტეტის სომხური სკოლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ წალკის ადგილობრივ თვითმმართველობას,  ქალაქის საკრებულოს. მათთან თანამშრომლობით შედგენილი იქნა პროექტი და  ნახაზი თუ სად უნდა განთავსებულიყო საგზაო ნიშნები და „მწოლიარე პოლიციელი“. 
თვითმართველობის თანადაფინასებით და სამოქალაქო კლუბების წევრების დახმარებით  მოხდა მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერების მონტაჟი ქ. წალკაში, ჭელიძის ქუჩაზე, დაიდგა ოთხი გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი.  აღნიშნულმა პროექტმა დიდი მოწონება და დადებითი განწყობა გამოიწვია ქალაქის მცხოვრებთა შორის.

პროექტის განხორციელების შედეგად სარგებელი მიიღო 800-მდე ადამიანმა, წალკის #1 სკოლისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, მშობლებმა და პედაგოგ-აღმზრდელებმა.

Sunday 30 March 2014

სამოქალაქო ინტეგრაციის ბანაკში შემუშავებული პროექტით ბოლნისში სამი მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერი მოეწყო

პროგრამის ფარგლებში 2014 წლის 15-19 იანვარს ორგანიზებულ  სამოქალაქო ინტეგრაციის ქვემო ქართლის ბანაკში, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 2 ქართული და 3 აზერბაიჯანული სკოლის სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები იღებდნენ მონაწილეობას.
ბანაკში მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტი, რომლითაც შეეცადნენ ბოლნისისათვის მეტად აქტუალური - გზებზე უსაფრთხო გადაადგილების პრობლემის მოგვარებას.
დასაწყისში მოსწავლეები გეგმავდნენ სკოლის წინ ცენტრალურ გზაზე ბარიერების მოწყობას, მაგრამ ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ თვითმმართველობა თავად გეგმავდა გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერის დამონტაჟებას.
მოსწავლეებმა ბოლნისში სამი კრიტიკული ადგილი შეარჩიეს, სადაც მაღალია საგზაო შემთხვევების რიცხვი: ფიროსმანის ქუჩა, სადაც სკვერში ადგილობრივი მოსახლეობა ისვენებს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, მიუხედავად მოსახლეობის მიერ თვითმმართველობისადმი არაერთი მიმართვისა, პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩებოდა;  აღმაშენებლის ქუჩაზე, გზაჯვარედინთან, სადაც განსაკუთრებით მაღალი იყო ავტოსაგზაო შემთხვევები მოძრაობის შემზღუდავი ნიშნების სიმცირის გამო და პეტრიაშვილის ქუჩაზე, #6 საბავშო ბაღთან, სადაც 70-დე აღსაზრდელი სწავლობს.
პროექტის განხორციელებით ბოლნისის ადგილობრივი მაცხოვრებლები დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ. იმედია მოსწავლეების ნიციატივით დამონტაჟებული ბარიერები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბოლნისში უსაფრთხო გადაადგილებას. 

Saturday 29 March 2014

საბუნებისმეტყველო საგნებში წარმატებული მოსწავლეების შეხვედრა აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან

ფოტო აღებულია  US Embassy Tbilisi, Georgia ფეისბუკის გვერდიდან
ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა 27 მარტს შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის ე.წ. STEM სფეროებში წარჩინებული ქალები და მოსწავლე გოგონები ესწრებოდნენ. წელს საელჩოს ფოკუსი STEM სფეროში წარმატებული ქალების წარმოჩენაა. 
სიქა-ს ორგანიზებით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის, მარნეულისა და თეთრიწყაროს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნებში წარმატებულმა 5 მოსწავლემ, რომლებიც სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრებიც არიან. გოგონებს საშუალება ჰქონდათ STEM სფეროებში წარჩინებული ქალებისგან პირადად მიეღოთ კარიერული და ცხოვრებისეული რჩევები. იხ. ფოტოები.

Friday 28 March 2014

სამოქალაქო კლუბების ვიზიტი 112-ის საინფორმაციო სამსახურის ოფისში

ფოტო მოგვაწოდა შსს სსიპ - „112"- ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა
27 მარტს, ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების 35 წევრი ესტუმრა 112-ის საინფორმაციო სამსახურს, სადაც ვიზიტორები გაეცნენ სამსახურის მუშაობის სპეციფიკას. სამსახურის თანამშრომელმა ძალიან საინტერესო გიდობა გაუწია ჯგუფს. გარდა სამსახურის მუშაობის გაცნობისა, მონაწილეებს ესაუბრა თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა უბედური შემთხვევისას.  მაგ: როგორ მოიქცნენ როცა შენიშნავენ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შემთხვევას, ჩაეკეტებათ კარები და ა.შ
ვიზიტორებმა ასევე ინფორმაცია მიირეს შსს ანტინარკოტიკული კამპანიის "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება"  შესახებ, რომლის მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის პრევენცია და მოსახლეობის ინფორმირება.
მონაწილეებმა ძალიან დადებითად შეაფასეს ვიზიტი და აღნიშნეს, რომ არ ელოდნენ 112-ის მუშაობის ამ დონის პროფესიონალიზმს. მოსწავლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ თავს გრძნობენ მეტად დაცულად, რისთვისაც სიქა-ს გუნდს დიდი მადლობა გადაუხადეს მსგავსი ვიზიტების ორგანიზებისთვის.
ვიზიტორი სკოლები იყვნენ: მარნეულის #3, #5, #6 , კოდის საჯარო და რუსთავის #4, #11, #12, #17 სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. იხ.ფოტოები

Sunday 16 March 2014

სიქა-ს მორიგი ინიციატივა სამოქალაქო კლუბებისთვის - "რა აწუხებს ჩემს თემს?"

სამოქალაქო კლუბების საყურადღებოდ!
კიდევ ერთ საინტერესო აქტივობას გთავაზობთ!
ყურადღებით გაეცანით აქტივობის აღწერას:

"რა აწუხებს ჩემს თემს?"

ეტაპი I - კვლევა
1) ჩაატარეთ გამოკითხვა თემში 3 ასაკობრივ კატეგორიაში: 15-25, 25-40 და 40+. მიიღეთ პასუხი შემდეგ კითხვებზე: რა პრობლემა აქვთ და როგორ ხედავენ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზას?
2) დაამუშავეთ კვლევის შედეგები: გააკეთეთ, დიაგრამა, სტატისტიკა და პრობლემების რანჟირება, დაწერეთ ანგარიში, სადაც შეაჯამებთ თქვენს მუშაობას.
3) წარმოადგინეთ კვლევის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

ეტაპი II - ადვოკატირება
1. აირჩიეთ პრობლემა, რომელსაც მოაგვარებთ.
2. იმსჯელეთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს პრობლემა?
3. გამოკვეთეთ პოტენციური პარტნიორები, ვინ შეიძლება დაგეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში? (კონკრეტული სტრუქტურა)
4.დაგეგმეთ, რამდენ ხანში შეიძლება გადაიჭრას პრობლემა?
5. უშუალოდ განახორციელეთ პროექტი.

აქტივობის დასრულების ბოლო ვადაა 14 აპრილი, ამ ვადაში იგულისხმება პრობლემის მოგვარებაც.
კლუბი, რომელიც აღნიშნულ ვადაში შეასრულებს ყველა ეტაპს, ავტომატურად მოხვდება ბანაკის მონაწილე სკოლების სიაში და სიქა საჩუქრად დაუმზადებს კალენდარს/პოსტერს, რომელზეც დატანილი იქნება თქვენივე კლუბის მუშაობის ამსახველი ფოტოები.

აქტიურო კლუბებო, დროა დაიწყოთ მუშაობა..
გისურვებთ წარმატებას!

ტრენინგი გენდერულ თანასწორობაზე გარდაბნის #1 საჯარო სკოლაში

სიქა- ევროპელ მოხალისეებმა 14 მარტს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩაატარეს ტრენინგი თემაზეგენდერული თანასწორობა“. ტრენინგი ჩატარდა გარდაბნის #1 საჯარო სკოლაში,  რომელსაც დაესწრო სამოქალაქო კლუბ "Creative Teenagers" 24 წევრი.

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებს უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ გენდერული თანასწორობის შესახებ. ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეები გაეცნენ უცხოელი მოხალისეების მიერ მომზადებულ პრეზენტაცია, სადაც მოყვანილი იყო საქართველოში გენდერული თანასწორობა-უთანასწორობის მაგალითებიტრენინგი მიმდინარეობდა თარგმანით ინგლისურიდან ქართულ ენაზე. ღონისძიების დასასრულს კლუბის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ტრენინგის გამო და აღნიშნეს, რომ მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის საკითხში.

Saturday 15 March 2014

ტრენინგი ვიდეოს დამუშავების თემაზე სამოქალაქო კლუბ "საფიხვნოს" წევრებისთვის

15 მარტს სიქა-ს ოფისში მოეწყო სოც.მედიის ტრენინგი თემაზე "როგორ დავამუშაოთ ვიდეო", რომელსაც დაესწრნენ კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "საფიხვნოს" წევრები და კლუბის მეურვე. ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ პროგრამა Windows Live Movie Maker -ის ინსტრუმენტებს, მიიღეს საჭირო რჩევები, რაც უნდა გაითვალისწინონს ვიდეოს დამონტაჟების დროს. პრაქტიკულად განახორციელეს პორტალ Youtube.com-ზე ვიდეოს განთავსება. მიღებული ცოდნის გამოყენებით კლუბის წევრები აპირებენ საკლუბო ღონისძიებების გაშუქებას.

Thursday 13 March 2014

სამოქალაქო კლუბების ვიზიტი მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებენ საწარმოში

1მარტს, აღამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,აქტიურების" წევრები და, ასევე, სოფელ  ულაშლოს რამოდენიმე მოსწავლე ესტუმრნენ მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ  საწარმო.
ვიზიტი განხორციელდა ახალგაზრდულ ფორუმზე შემუშავებული პროექტის "დავასუფთაოთ ჩვენი გარემოს" ფარგლებში, "სიქას" მხარდაჭერით.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საწარმოს ფუნქციას და საქმიანობას. დააკვირდნენ ნარჩენების გადამუშავების პროცესს. შეიტყვეს, თუ რა არის კომპოსტი (ორგანული ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებული სასუქი), რომ კომპოსტის წარმოება, ერთის მხრივ, ძალიან კარგი გზა ბიოლოგიური ნარჩენების "მოსაცილებლად" და მეორეს მხრივ  მიწის გასანოყიერებლად, რაც ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებას და გარემოც დაცულია ნარჩენების მავნე ზემოქმედებისგან.

Monday 10 March 2014

სამოქალაქო კლუბის წევრებმა მძღოლებსა და ფეხითმოსიარულეებს საგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდეს


სიქა-ს ორგანიზებით რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებმა რუსთავის ქუჩებში აქტივობა გამართეს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მძღოლებსა და ფეხითმოსიარულეებს საგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდეს. 
სამოქალაქო კლუბის წევრებმა პოსტერებითა და პლაკატებით სიმბოლურად გადაკვეთეს „ზებრა“ გადასასვლელი და მძღოლებს მოუწოდეს, რომ შეანელონ სვლა და გადასასვლელზე გზა დაუთმონ ფეხით მოსიარულეებს.
მონაწილეებმა თემში დაარიგეს ფლაერები, რითაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ გზის გადაკვეთის დროს „ზებრა“ გადასასვლელით უნდა ისარგებლონ.
აღნიშნული აქტივობა ლეონიძისა და მესხიშვილი ქუჩების გადაკვეთაზე მოეწყო, სადაც სამოქალაქო კლუბებმა განახორციელეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიდგა 9 საგზაო ნიშანი, გაკეთდა წრიული და დაიხაზა ფეხითგადასასვლელი ე.წ. „ზებრა“.
პროექტი რუსთავის მერიისა და საგზაო საპატრულო პოლიციის თანადგომით განხორციელდა.
აღნიშნულ აქტივობას რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 30-მდე მოსწავლე შეუერთდა.

Sunday 9 March 2014

პროექტ „კონსტიტუციის XIV მუხლის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

6 მარტს მარნეულის მუნიპალიტეტის გამგეობის მცირე დარბაზში  სამოქალაქო კლუბების "ნათელი მომავლის" და „პირველი ნაბიჯების“ საგრანტო პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პროექტი „კონსტიტუციის XIV მუხლი“  ორი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა .მარნეულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბნათელი მომავალისადა საბირქენდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ. გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი. პროექტის მონაწილეებმა აღნიშნული საკითხის ინფორმირების მიზნით მოსახლეობაში, საჯარო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში ორენოვანი საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელეს. პროექტის დასკვნით ნაწილს ასევე უმასპინძლა მარნეულის კულტურის ცენტრმა, სადაც გამოიფინა სამოქალაქო კლუბების აქტივობების ამსახველი ფოტომასალა. ფოტოგამოფენის მიზანი საზოგადოებისათვის იმის ჩვენებაა, რომ  მისი ყველა წევრი თანაბრად ღირებულია. დამთვალიერებლებს ფოტოების ნახვა მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ.
შემაჯამებელი შეხვედრა და ფოტოგამოფენა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" მცირე გრანტების დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International. პროგრამის პარტნიორი ქვემო ქართლის რეგიონში საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციაა.

Saturday 1 March 2014

რუსთავის მერიამ სამოქალაქო კლუბის ინიციტივის განხორციელება უკვე დაიწყო

28 თებერვალს რუსთავის სამოქალაქო კლუბების რამდენიმე წევრი მერის პირველ მოადგილეს გიგი ტაბატაძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს გიორგი არჩვაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა 22-ე სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივა იყო, რომელიც ჟიული შარტავას ძეგლის უკან არსებული ძველი კონსტრუქციის რეაბილიტაციას შეეხება.
აღნიშნულ ინიციატივაზე კლუბმა მერიისგან თანხმობის წერილი მიიღო.
შეხვედრაზე ერთად განიხილეს რისი გაკეთება შეიძლება აღნიშნულ ადგილას, მოსწავლეებმა საკუთარი იდეები გაუზიარეს სამსახურის უფროსს, რომელმაც კლუბის წევრებს არსებული ვითარება გააცნო და უთხრა, რომ კონსტრუქციის ავტორს უკვე მიწერეს რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით და  პასუხის მიღებისთანავე აქტიური სამუშაოები დაიწყება.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.
ამავე შეხვედრაზე მოსწავლეებმა მერის მაოდგილესთან განიხილეს რამდენიმე სტადიონის რეაბილიტაციისა და ერთ-ერთ ქუჩაზე ლამპიონების დამონტაჟების საკითხი.
გიგი ტაბატაძემ მოსწავლეების ინიციატივები ჩაინიშნა და აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რომ ერთად მოაგვარონ აღნიშნული პრობლემები.
აქვე გიგი ტაბატაძემ მე-4 სკოლის სამოქალაქო კლუბს ინიციატივაზე თანხმობა განუცხადა, რომ კლუბს გადაეცეს დეკორატიული ყვავილები და ნერგები სკოლის ეზოს გასალამაზებლად. მერია გამოყოფს მუშა ხელს, რომლებიც ნარგავებს შესაბამის ადგილასა და დროს დარგავენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მერის სახელზე რამდენიმე ოფიციალური წერილი შეიტანეს, რომლითაც თემში არსებული სხვადასხვა პრობლემებზე რეაგირება ითხოვეს.