Monday 27 May 2013

შეხვედრა დათო ტურაშვილთან

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 25 მაისს სიქა-მ ორგანიზება გაუკეთა სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრთა შეხვედრას  მწერალ დათო ტურაშვილთან. რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული შეხვედრის მიზანი იყო საუბარი საზოგადოების ცხოვრებაში ახალგაზრდობის აქტიურ ჩართულობასა და წიგნიერების მნიშვნელობაზე.
შეხვედრა მოწვეულ სტუმართან საინტერესო გამოდგა. მწერალმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა გახდე აქტიური მოქალაქე, სადაც მაგალითები პირადი ცხოვრებიდან მოიყვანა. ასევე აღნიშნა, რომ პიროვნული ზრდისთვის უცილებელია წიგნის კითხვა.
ახალგაზრდები დიდი ინტერესით უსვამდნენ შეკითხვებს მწერალს როგორც მისი საზოგადოებრივი საქმიანობის, ასევე შემოქმედების შესახებ. მწერალი ძალიან უშუალო იყო აუდიტორიის მიმართ და ამომწურავად პასუხობდა მოსწავლეებს.
შეხვედრის ბოლოს დასმულ შეკითხვაზე: დაესახელებინათ ერთი კონკრეტული რამ, რაც ასწავლათ ამ შეხვედრამ, მონაწილეებმა შემდეგნაირად უპასუხეს:
 „ვეცადოთ ვიყოთ თავისუფლები და მხოლოდ ამის შემდეგ არ შეგვეშინდება არაფრის, თავისუფლების წყარო კი წიგნი და განათლებაა“ - ანა სანაია, რუსთავის #20 საჯარო სკოლა.
„დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ წიგნების კითხვას ადამიანისთვის  სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“- ელენე გოგიძე რუსთავის #20 საჯარო სკოლა.
ახალგაზრდებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ნაკითხ და განათლებულ ადამიანს შეუძლია უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს  საზოგადოებას, იზრუნოს მის განვითარებაზე.
შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა ავტოგრაფებიც მიიღეს საჩუქრად.

შეხვედრას დაესწრო ბოლნისის, კაზრეთის და რუსთავის სკოლების 60-მდე მოსწავლე. სიქა მომავალშიც გეგმავს მოსწავლეებისთვის საინტერესო სტუმრების მოწვევას.

No comments:

Post a Comment