Thursday, 27 February 2014

ონლაინ კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან

27 თებერვალს თბილისში აირექსის განათლების მულტიმედიურ ცენტრში მოეწყო ონლაინ კონფერენცია, რომლის სტუმარი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. კონფერენციას რეგიონების სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები პროგრამის პარტნიორი ადგილობრივი ორგანიზაციების ოფისიდან ადევნებდნენ  თვალს. სკაიპის მეშვეობით ხდებოდა კითხვების მიწოდება.
სიქას ოფისიდან ონლაინ კონფერენციაში ჩაერთვნენ რუსთავის #2, #4, #17 და #23 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. კონფერენციის დასაწყისში ქ-ნმა ლიამ ისაუბრა მოსწავლეთა მონაწილეობის შესახებ დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში, მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეუძლიათ მათ მონაწილეობის მიღება სკოლაში თუ სკოლის გარეთ არსებული პრობლემების მოგვარებაში. შემდეგ კონფერენცია გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟმში. ახალგაზრდებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, როგორიცაა მე-12 კლასის საკითხი, გამოცდები სკოლებში, სამოქალაქო კლუბების მომავალი და სხვა. მოსწავლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ონლაინ კონფერენციის შესახებ და მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
კონფერენცია მოეწყო PH International-ის ორგანიზებით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ფარგლებში. 

Monday, 24 February 2014

ტრენინგი გენდერულ თანასწორობაზე ქესალოს საჯარო სკოლაში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქა-ს ევროპელ მოხალისეებმა 24 თებერვალს, ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „გენდერული თანასწორობა“.  ტრენინგი ჩატარდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლაში და დაესწრო ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის 37 წევრი.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეები გაცნობოდნენ უფრო დეტალურ ინფორმაციას გენდერულ თანასწორობის შესახებ.  ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიულად კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეებმა ნახეს უცხოელი მოხალისეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია, სადაც მოყვანილი იყო საქართველოში გენდერული თანასწორობა-უთანასწორობის მაგალითები.
ტრენინგი მიმდინარეობდა თარგმანით ინგლისურიდან ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

შეხვედრამ დიდი მოწონება დაიმსახურა აზერბაიჯანელი მოსწავლეებისგან, რომლებმაც აიმაღლეს ცოდნა გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

გამოცხადდა ბლოგების კონკურსი "სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისათვის" - გაზაფხული 2014

გამოცხადდა ბლოგების კონკურსი "სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისათვის" - გაზაფხული 2014

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ჯერ არ მოუპოვებიათ გამარჯვება პროგრამის ბლოგების კონკურსში. 
ერთ კონკურსანტს შეუძლია კონკურსის მაქსიმუმ 2 სხვადასხვა ნომინაციაში მონაწილეობა;
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2014 წლის 25 მარტამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2014 წლის აპრილის ბოლოს. თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვებულები და დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულ ბლოგს ჰყავს ერთზე მეტი ავტორი, მაშინ 1 პრიზი გადაეცემა ავტორთა ჯგუფს. 

კონკურსის ნომინაციები:
1. ახალგაზრდა ომბუდსმენი 
2. ახალგაზრდა მოხალისე
3. ახალგაზრდა განმანათლებელი
4. ბუნების დამცველი
5. მოქალაქე ჟურნალისტი
6. ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი
7. სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ http://civics.ge/index.php?m=839

შეხვედრა იურისტ თამარ გურჩიანთან

21 თებერვალს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქა-ს ორგანიზებით შედგა სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრა იურისტ თამარ გურჩიანთან, რომელიც წარდგენილი იყო საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე და გამოირჩევა აქტიური მოქალაქეობით. მან ახალგაზრდებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და საინტერესო დისკუსიაც გაიმართა. სამოქალაქო კლუბის წევრებში დიდი დაინტერესება გამოიწვია მისმა საქმიანობამ, იყო კითხვები ქართულ-რუსული კონფლიქტის შესახებ.
თამარ გურჩიანმა არგუმენტებითა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე არაერთხელ გააჟღერა  მთავარი გზავნილი, რომ ყველა სფეროში წარმატება მოდის მხოლოდ და მხოლოდ ბევრი შრომის და სწავლის შედეგად. ახალგაზრდები დიდი ინტერესით უსმენდნენ მოწვეულ სტუმარს.

შეხვედრას  დაესწრო რუსთავის #1, #2, #9, #11, #12, #17 და #23 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების 20 წევრი. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქა კვლავ განაგრძობს საინტერესო სტუმრების მოწვევას ახალგაზრდებისთვის.

Saturday, 22 February 2014

ტრენინგი "როგორ გადავიღოთ ვიდეო"


21 თებერვალს სიქას ოფისში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სოც. მედიის ტრენინგი თემაზე "როგორ გადავიღოთ ვიდეო". ტრენინგს უძღვებოდნენ წარმატებული ბლოგერები, ბლოგერების კონკურსში გამარჯვებული ქეთი შოშიაშვილი და ქეთი ეპიტაშვილი. ტრენინგს ესწრებოდნენ რუსთავის #1, #4, #15 და #17 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. ქეთი შოშიაშვილმა თანატოლებს გაუზიარა სოც.მედიის ბანაკში მიღებული გამოცდილება. მოსწავლეებმა ისწავლეს ვიდეოკამერით მუშაობა, კადრების სწორად შერჩევა ვიდეოს გადაღების პროცესში, თუ როგორ მოახდინონ ვიდეოს დისტრიბუცია და ასევე გაეცვნენ ვიდეო ადვოკატირებით პრობლემის მოგვარების გზებს.

ტრენინგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებაც და მათ 4 კადრში გადმოსცეს სხვადასხვა თემა თუ პრობლემა.
ტრენინგი საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 
სიქა მომავალშიც გეგმავს სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის ტრენინგების ორგანიზებას.

სასკოლო სამოქალაქო კლუბების გამოფენა და შეხვედრა მედიასთან


სიქა-ს გუნდმა რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიღო 2014 წლის 20 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ სასკოლო სამოქალაქო კლუბების გამოფენაში, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ მედიის წარმომადგენლები. 
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტების ამსახველი ფოტო გამოფენა. მოსწავლეეებმა ჟურნალისტებს თავად გააცნეს საზოგადოების სასარგებლოდ მათ მიერ განხორციელებული პროექტები და ინიციატივები. რუსთავის გუნდმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა სიქა-ს მიერ ორგანიზებული სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში შემუშავებული და განხორციელებული წარმატებული პროექტი "უსაფრთხო წრიული", რომლის ფარგლებში ქ. რუსთავში, მე12 მკრ-თან მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩების გადაკვეთაზე მოწესრიგდა საგზაო მოძრაობა - დაიხაზა ორი ზებრა გადასასვლელი, წრიული და დაიდგა 9 საგზაო ნიშანი.

Thursday, 20 February 2014

სტაჟირების პროგრამა გრძელდება

„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში“  სიქას ორგანიზებით მარნეულისა და რუსთავის იუსტიციის სახლებში გრძელდება მოსწავლეთა სტაჟირება. ამ ეტაპზე 4 მოსწავლე იმაღლებს კომპეტენციებს იუსტიციის სახლში სტაჟირებისას. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია კიდევ 5 მოსწავლის სტაჟირება.
ამ ეტაპზე სტაჟირებას გადიან: რუსთავში #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები: ხატია შატბერაშვილი და ნათია ხვედელიძე,  ხოლო მარნეულში - მარნეულის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები: ანა ჭკადუა და დეა ხერგიანი.

სტაჟირების პროგრამაში შეუძლია ჩაერთოს სასკოლო სამოქალაქო კლუბის ნებისმიერ წევრს.