Monday 15 April 2013

ვიქტორინა სკოლის მოსწავლეებისთვის "ეთნოსები და რელიგიები საქართველოში"

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ატარებს ვიქტორინას სახელწოდებით "ეთნოსები და რელიგიები საქართველოში". ვიქტორინის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, უფროსკლასელთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება და ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული ენციკლოპედიების - "რელიგიები საქართველოში" და  "ეთნოსები საქართველოში" - პოპულარიზაცია. ტოლერანტობის ცენტრმა გამოთქვა სურვილი ითანამშრომლოს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამასთან" და მათ მიერ ორგანიზებულ ვიქტორინაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ პროგრამის პარტნიორი სკოლების სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს თბილისის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან. მსგავსი სახის ვიქტორინა შარშან მხოლოდ თბილისის მასშტაბით ჩატარდა, რომლის გამარჯვებულმა გუნდმა მოიგო KINDLE -ელექტრონული წიგნების საკითხავი და გარდა ამისა ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.
წელს ვიქტორინაში მონაწილეობას მიიღებს 10 კლუბი. ქვემო ქართლის რეგიონიდან შეირჩა 3 კლუბი: რუსთავის #15, გარდაბნის #1 და მარნეულის #5 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბები. 
15 აპრილს სიქა-ს ოფისში შედგა საინფორმაციო შეხვედრა ვიქტორინის ორგანიზატორებსა და მონაწილე კლუბებს შორის. ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელმა ქ-ნმა ნინო ცინცაძემ კლუბის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ვიქტორინის შესახებ, მის მიზანზე, გააცნო ჩატარების სქემა და შეფასების პროცედურა. ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა უპასუხა პედაგოგებისა და მოსწავლეების შეკითხვებს. ვიქტორინის ყოველ მონაწილეს დაურიგდა კომპაქტ დისკების კრებული - "ეთნოსები საქართველოში" და "რელიგიები საქართველოში", რომლის მიხედვით იქნება შერჩეული ვიქტორინის კითხვები. 
აპრილის ბოლოს შედგება მეორე საინფორმაციო შეხვედრა, ხოლო მაისში ქ.თბილისში ჩატარდება ვიქტორინა.
ქვემო ქართლის კლუბებს ვუსურვებთ ვიქტორინაში გამარჯვებას!

No comments:

Post a Comment