Tuesday 30 April 2013

ახალგაზრდულ ფორუმზე შემუშავებულ ინიციატივებთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა თეთრიწყაროს #2 საჯარო სკოლაში

29 აპრილს თეთრიწყაროს #2 საჯარო სკოლაში შედგა სამოქალაქო კლუბების წევრთა სამუშაო შეხვედრა. თეთრიწყაროს #1, #2, ასურეთის, კოდის, მანგლისის #1 და დმანისის #3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა განიხილეს მარნეულის ახალგაზრდულ ფორუმზე მათ მიერ ჯგუფში შემუშავებული ინიციატივა, რომელიც თემში გარემოს დაცვას ეხებოდა. მთავარი პრობლემა, რომელიც თეთრიწყაროს, ასურეთისა და კოდას აწუხებს, ესაა ნაგვის ურნების არასაკმარისი რაოდენობა თემში, რაც იწვევს მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნაგვის დაყრას თემის ტერიტორიაზე. შესაბამისად ნაგვიანდება თემის ტერიტორია და მდინარის ხევი, ქარიან ამინდში დგას ნაგვის სუნი. სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს წერილით მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას ამ პრობლემის მოგვარების თაობაზე, კერძოდ, დამატებულ იქნას ნაგვის ურნები და ორგანიზებულ იქნას საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროულად გატანა. ჯგუფის წევრმა ლევან აფცაურმა ითავა მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვედრის დაგეგმვა, რომელზეც საინიციატივო ჯგუფი და სიქა-ს წარმომადგენლები უკვე კონკრეტულ წინადადებით მივლენ.
დმანისის #3 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს სურთ დმანისის პატარა სკვერში კეთილმოაწყონ საბავშვო მოედანი. დღეისათვის ეს სკვერი ნაგავსაყრელად არის ქცეული. დმანისელმა მოსწავლეებმა წერილობით უკვე მიმართეს დმანისის გამგებელს, რომ ნებართვა მისცეს მათ ამ სკვერის კეთილმოწყობისთვის. მოსწავლეებს დაგეგმილი აქვთ სპონსორის მოძიება სკვერში სკამების განახლებისათვის, და თემთან ერთად სკვერის დასუფთავების ორგანიზება. 
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა ახალგაზრდული ფორუმის 14 მონაწილე დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან და სიქას წარმომადგენლები. 
ახალგაზრდული ფორუმი მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ქვემო ქართლში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა  სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.


No comments:

Post a Comment