Sunday 9 February 2014

კლუბ "ნათელი მომავლის" მიერ ორგანიზებული შეხვედრა სტუმართან

7 თებერვალს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მარნეულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ნათელი მომავლის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, სადაც აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ქართული ენის ცოდნის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე  თსუ-ს  სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე ესაუბრა.
თავდაპირველად ლევან ლორთქიფანიძემ მოსწავლეებს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ დეტალურად მოუყვა და განაცხადა, რომ იგი იმ სასწავლებელს წარმოადგენს, რომელსაც ძალიან ბევრი საერთო აქვს აზერბაიჯანთან და აზერბაიჯანულ კულტურასთან.  მისი თქმით, აზერბაიჯანელებმა არამხოლოდ უნივერსიტეტის დაარსებაში მიიღეს მონაწილეობა, არამედ მათი ჩართულობით დაფუძნდა აზერბაიჯანის ენისა და კულტურის კათედრა, რომელიც დესაც არსებობს.
ლორთქიფანიძემ მოსწავლეებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სახელმწიფოთა შექმნის საფუძველი და მათი ჩამოყალიბების ისტორია გააცნო. მან კითხვით მიმართა მოსწავლეებს, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ეთნოსების გამაერთიანებელი მთავარი ფასეულობა და რითი შეიძლება გახდეს თითოეული ჩვენგანისთვის მიმზიდველი ეს ენა. აუდიტორიამ სხვა ბევრ პასუხს შორის დაასახელა და გამოყო, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა  ხალხებს შორის. ლორთქიფანიძის აზრით კი:
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გამაერთიანებელი მთავარი ფასეულობა შეიძლება გახდეს ქართული ენა და ქართულ ენაზე დაფუძნებული განათლება. ჩვენი სახელმწიფოს გამაერთიანებელი რკალია ქართული ენა, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს ყველა ეროვნების, კულტურის წარმომადგენლებს. ენა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ შედარებით მაღალი ხარისხის ცოდნა,  გახდეთ ამ ქვეყნის მმართველები. ქართული ენით იწყებთ კავშირების დამყარებას მსოფლიოს მნიშვნელოვან ცოდნის ცენტრებთან.“
ლევან ლორთქიფანიძემ მოსწავლეებს წარმატებული ქართველი აზერბაიჯანელების ხუდია ბორჩალოელის, მირზა შაფის, მირზა ფათალი ახუნდოვის შესახებ მოუყვა და ურჩია მათ, კარგად გაეცნონ ამ ადამიანების მოღვაწეობას. შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში ორ ენაზე (ქართულ-აზერბაიჯანული) წარიმართა, რომელსაც 30 მოსწავლე დაესწრო. შეხვედრა მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში.
       

                                                                   ნონა გედენიძე

No comments:

Post a Comment